სამმა ადგილობრივმა სადამკვირვებლო ორგანიზაციამ ქვეყნის საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები გააკრიტიკა და გააფრთხილა, რომ ისინი შეზღუდავენ შემეჯამებელი ოქმების გასაჩივრების შესაძლებლობებს, არსებითად დაავიწროებს საარჩევნო დავებზე სასამართლო კონტროლის ფარგლებს და დაასუსტებს საარჩევნო უფლებების ეფექტიანი დაცვის გარანტიებს. საქართველოს ოფიციალური პირები აცხადებენ, რომ ცვლილებები ადმინისტრაციის ელექტრონულ კენჭისყრასთან ადაპტაციას ისახავს მიზნად.
სადამკვირვებლო ორგანიზაციებმა, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველომ“, განაცხადეს, რომ 28 ოქტომბერს პარლამენტში წარდგენილი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც „ქართული ოცნების“ ექვსმა დეპუტატმა წარადგინა, „კიდევ უფრო შეამცირებს ისედაც სუსტი კონტროლის მექანიზმებს და გაზრდის საარჩევნო ადმინისტრირების ცენტრალიზაციას“.
წარმოდგენილი ინიციატივა „უნდა შეფასდეს ბოლო წლებში დამკვიდრებული პერსონიფიცირებული კანონშემოქმედებისა და რეპრესიული პრაქტიკის კონტექსტში“, განაცხადეს ორგანიზაციებმა და აღნიშნეს, რომ სამართლებრივი წესები სულ უფრო მეტად ერგება მმართველი ჯგუფის ინტერესებს, ხოლო საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმები თანმიმდევრულად სუსტდება.
დაგეგმილია ცვლილებები საარჩევნო კოდექსსა და ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში, ხოლო კანონპროექტების განსახილველი პირველი პლენარული სხდომა, სავარაუდოდ, 10 ნოემბერს გაიმართება.
განცხადების თანახმად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილი არჩევნების შემაჯამებელი ოქმის სასამართლოში გასაჩივრება დაიშვება მხოლოდ მექანიკური/ტექნიკური შეცდომების გამოსწორების მიზნით. ამასთან, სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციის ფუნქცია კომისიის თავმჯდომარის ერთპიროვნულ კომპეტენციაში გადადის.
„დამატებითი პროცედურული და სარეკლამო შეზღუდვები კი გააუარესებს საარჩევნო პროცესში მონაწილეობისა და პოლიტიკური კონკურენციის პირობებს“, – განაცხადეს ორგანიზაციებმა.
მათი განცხადებით, „განსაკუთრებით საგანგაშოა“ კანონპროექტის ის ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც, ცესკოს მიერ შედგენილი არჩევნების შემაჯამებელი ოქმის სასამართლოში გასაჩივრება დაიშვება მხოლოდ მექანიკური/ტექნიკური შეცდომების გამოსწორების მიზნით.
„ამგვარი შეზღუდვა არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამების ეტაპზე გამორიცხავს სისტემური დარღვევებისა და არჩევნების შედეგებზე მათი ერთობლივი გავლენის შესახებ დავას. ამასთან, ზოგიერთი დარღვევის სისტემური ხასიათი და მასშტაბი შესაძლოა მხოლოდ სხვადასხვა უბნის მონაცემებისა და საარჩევნო პროცესის ერთობლივი ანალიზით გამოიკვეთოს. შესაბამისად, მხოლოდ ცალკეულ უბნებზე დავის შესაძლებლობა ვერ ჩაანაცვლებს საბოლოო შედეგების სრულფასოვან სასამართლო კონტროლს. შემოთავაზებული ცვლილება უხეშად ზღუდავს და ასუსტებს საარჩევნო უფლების ეფექტიანი დაცვის გარანტიებს“, – ნათქვამია განცხადებაში.
კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებებით, საოლქო საარჩევნო კომისიებს სრულად ეხსნებათ შემთხვევითი შერჩევის გზით უბნების გამოვლენისა და შედეგების გადათვლის ვალდებულება. ორგანიზაციების თქმით, ხუთი საარჩევნო უბნის სავალდებულო გადათვლის წესი წარმოადგენდა საარჩევნო მანიპულაციების პრევენციისა და ხმების აღრიცხვის სიზუსტის გადამოწმების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ინსტიტუციურ გარანტიას და მისი გაუქმება „შეამცირებს პროცესის გამჭვირვალობას და კიდევ უფრო შეასუსტებს ოფიციალური შედეგების მიმართ საზოგადოებრივ ნდობას“.
კიდევ ერთი დაგეგმილი ცვლილების თანახმად, ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილებებს მიიღებენ ცენტრალური ან საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეები და არა კომისიები კოლეგიურობის პრინციპით. ორგანიზაციებმა გააფრთხილეს, რომ კოლეგიურობის პრინციპის ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ჩანაცვლება „ზრდის სუბიექტური და პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილებების რისკს“.
კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებებით, მაუწყებლებს და გაზეთებს აღარ ექნებათ უფლება, რომ თუ რომელიმე საარჩევნო სუბიექტმა არ გამოიყენა თავისი წილი საეთერო დრო ან გაზეთის ფართობი, ეს დრო ან ფართობი თანაბრად გადაუნაწილონ დანარჩენ საარჩევნო სუბიექტებს.
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ 5 ნოემბერს დაიცვა შემოთავაზებული ცვლილებები და განაცხადა, რომ ისინი მიზნად ისახავს საარჩევნო პროცედურების გამარტივებას ელექტრონული ხმის მიცემის ტექნოლოგიების დანერგვის შემდეგ.
„„არაფერი იკრძალება. ყველა უბნის ოქმი შეიძლება გასაჩივრდეს“, – უთხრა კობახიძემ ჟურნალისტებს. „დანარჩენი ზუსტდება იქიდან გამომდინარე, რომ პრაქტიკაში ელექტრონული აპარატურა შემოვიდა. გამომდინარე იქიდან, რომ ელექტრონული წესით ტარდება არჩევნები, გარკვეული პროცედურების გამარტივება იყო შესაძლებელი და კანონმდებლობა ზუსტად ამას ითვალისწინებს“.
This post is also available in:
civil ახალი ამბები