საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 8 ივნისს ახალი საკანონმდებლო ცვლილებები დააანონსა, რომლებიც ამკაცრებს მიგრაციის წესებს, ენის ცოდნის მოთხოვნას უყენებს საერთაშორისო სტუდენტებს, ხოლო საგანმანათლებლო დაწესებულებებს უცხოელი სტუდენტების მიღების „მაქსიმალურ კვოტას“ უწესებს. ამასთან, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან/და საქართველოში კანონიერად ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლის მოპოვების მიზნით.
შსს-ს ინფორმაციით, ახალი ინიციატივა „პასუხობს თანამედროვე მიგრაციულ გამოწვევებს და უზრუნველყოფს უცხოელთა საქართველოში ყოფნის რეგულირების უფრო ეფექტიან, გამჭვირვალე და უსაფრთხო სისტემის ჩამოყალიბებას“ . ცვლილებები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონშია გათვალისწინებული.
შსს-ის ინფორმაციით, ცვლილებებით განისაზღვრება უმაღლეს და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში უცხოელი სტუდენტების მიღების „დამატებითი წინაპირობები“, ვინაიდან მოქმედი სამართლებრივი ჩარჩო „არ ითვალისწინებს უცხოელი სტუდენტის სწავლასთან დაკავშირებით დეტალურ რეგულაციებს“ და „პრაქტიკაში არის შემთხვევები, როდესაც უცხო ქვეყნის მოქალაქე ფორმალურად ირიცხება უნივერსიტეტში, თუმცა რეალურად არ დასტურდება სასწავლო პროცესში მისი მონაწილეობა“.
სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ ასეთი დამატებითი წინაპირობებია „ენის საერთაშორისო სერტიფიკატის წარდგენა ან/და NAEC-ის მიერ ორგანიზებული უცხო ენის/სახელმწიფო ენის გამოცდის ჩაბარება“. გარდა ამისა, საქართველოს მთავრობის დადგენილებით საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დაწესდება უცხოელი სტუდენტების მიღების მაქსიმალური კვოტა.
შსს-ს განმარტებით, საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებული იქნება უცხოელი სტუდენტის ჩარიცხვის უფლების მოპოვების, ჩარიცხვის, სტუდენტის სტატუსის შეჩერების/შეწყვეტის/აღდგენის, მობილობის, სწავლის დასრულების შესახებ და სხვა ინფორმაცია ასახოს „ერთიან საინფორმაციო სისტემაში“, რომელზეც წვდომა ექნებათ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს.
„საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის დგინდება ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა უცხოელი სტუდენტების აღრიცხვის წესების დარღვევისთვის, ხოლო სანქციის სახედ შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ჯარიმა, ასევე უცხოელი სტუდენტების მიღების შეზღუდვა და ავტორიზაციის გაუქმება“, – აღნიშნა შსს-მ.
საკანონმდებლო ცვლილებებით დარეგულირდება ასევე სასწავლო ბინადრობის ნებართვასთან დაკავშირებული საკითხები. „დასახელებული ნებართვის გაცემა მოხდება სრულწლოვან პირზე მხოლოდ ავტორიზებულ უმაღლეს ან პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის შემთხვევაში“, – განაცხადა სამინისტრომ.
რაც შეეხება ფიქციურ ქორწინებას, სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება საქართველოს მოქალაქისა და უცხოელის ფიქციური ქორწინება საქართველოს მოქალაქეობის, საქართველოში ბინადრობის ნებართვის ან/და საქართველოში კანონიერად ყოფნის სხვა სამართლებრივი საფუძვლის მოპოვების მიზნით. „სასჯელის სახით გათვალისწინებული იქნება უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა ვადით ორიდან ათ წლამდე, ან ჯარიმა, ან შინაპატიმრობა ვადით ერთიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთა ვადით ორ წლამდე“, – განაცხადა შსს-მ.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი ასევე ითვალისწინებს უცხოელი მსჯავრდებულისთვის სასჯელის მოუხდელი ნაწილის შეცვლას საქართველოდან გაძევებითა და ქვეყანაში შემოსვლის აკრძალვით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობების დაცვით.
This post is also available in:

7 hours ago
3







English (US) ·
Georgian (GE) ·