WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ერთ პირს ბავშვზე სექსუალური ძალადობისთვის წაუყენეს ბრალი, რომელიც, სავარაუდოდ, 2000–2001 წლებში მოხდა, როდესაც ბრალდებული თბილისის ერთ-ერთ სკოლაში სპორტის მასწავლებლად მუშაობდა. 10 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ქალთა უფლებების დამცველმა ორგანიზაციამ „საფარი“ გადაწყვეტილებას „უმნიშვნელოვანესი“ უწოდა.

საქართველოს პროკურატურის მიერ 10 ნოემბერს გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრლადებულმა არაერთხელ დაამყარა სხვაგვარი სექსუალური კონტაქტი მოსწავლესთან, რომელიც იმ დროს 8-9 წლის იყო.

ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ე” და მე-4 ნაწილით (სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედება, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით იმის მიმართ, ვისაც არ შესრულებია თოთხმეტი წელი) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ ოც წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

საქმის შესახებ პირველად 9 ნოემბერს ორგანიზაციამ „საფარი“ განაცხადა.  ორგანიზაციის იურისტები დაზარალებულის ინტერესებს იცავენ. „საფარის“ ინფორმაციით, დაზარალებულმა, რომელიც ძალადობის დაწყებისას 7 წლის იყო, ორგანიზაციას ერთი წლის წინ მიმართა.

„საფარის“ იურისტმა, მარი ვარამაშვილმა, დაზარალებულთან ერთად მტკიცებულებები შეაგროვა და მონაწილეობა მიიღო საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში, რითიც, ორგანიზაციის თქმით, დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია სრულად დადასტურდა.

„საგანგაშოა გარემოება, რომ ბრალდებულს დღემდე ჰქონდა შეხება ბავშვებთან და ის კერძო პედაგოგიურ საქმიანობასაც ეწევა“, – აცხადებს „საფარი“.

9 ნოემბერს „ფეისბუქზე“ გამოქვეყნებულ პოსტში, „საფარის“ ხელმძღვანელმა ბაია პატარაიამ აღნიშნულ საქმეს „პირველი პრეცედენტი“ უწოდა.

„ბრალი წარედგინა მასწავლებელს, რომელიც 7 წლის მოსწავლეზე სისტემატურად ძალადობდა წლების განმავლობაში და დღემდე ბავშვებთან მუშაობს“, – წერს პატარაია. „პეფოფილიაზე ვსაუბრობთ და კაცი მუშაობს ისევ ბავშვებთან“.

This post is also available in: English