30 დეკემბერს, ბოლნისი-მარნეულის გზაზე, სოფელ ნახიდურთან მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სავარაუდოდ არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა მძღოლმა ორი მოზარდი იმსხვერპლა. ინციდენტს ადგილობრივების აქტიური პროტესტი მოყვა, რომლებიც მძღოლს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ და სასწრაფო დახმარების მანქანა გადააყირავეს, ვინაიდან ექიმებმა პირველად უბედურ შემთხვევაში დამნაშავე მძღოლს აღმოუჩინეს დახმარება. ადგილზე სპეცრაზმის მობილიზება გახდა საჭირო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 21 წლის მძღოლი უკვე დაკავებულია და გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
შემთხვევა საღამოს მოხდა, როდესაც 21 წლის მამაკაცი, სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში გადაადგილდებოდა საავტომობილო გზაზე, თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილით ოთხ მგზავრთან ერთად, რა დროსაც მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რომლის შედეგად, ქვეითად მოძრავი ორი მოზარდი, აქედან ერთ-ერთი ადგილზე, ხოლო მეორე სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. დაჯახების შემდეგ, მძღოლი მანქანიდან გადმოვიდა, მიწაზე მწოლიარე მოზარდებს მუშტები დაარტყა და გინება დაუწყო, რასაც მოჰყვა ჩხუბი მანქანის მგზავრებთან, მათ ნათესავებთან, მოზარდების ნათესავებთან და იქვე მდგომებთან. გავრცელებული ინფორმაციით, მძღოლი ადგილობრივი ოფიციალური პირის ნათესავია. ტერიტორია, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, აზერბაიჯანული უმცირესობით არის დასახლებული.
სასწრაფოს გამოძახების შემდეგ, სასწრაფო დახმარების თანამშრომლებმა, სავარაუდოდ, გადაწყვიტეს, ჯერ ავტომობილის მგზავრებისთვის აღმოეჩინათ დახმარება. ადგილობრივებმა ეს უპატივცემულობად მიიჩნიეს და განაცხადეს, რომ ექიმებს ჯერ ბიჭებისთვის რომ მიეხედათ, ისინი შესაძლოა გადარჩენილიყვნენ. მიმდებარე ტერიტორიაზე დაპირისპირება დაიწყო, ხალხმა სასწრაფო დახმარების მანქანა და მოგვიანებით ის მანქანა ამოაყირავეს, რომელმაც მოზარდებს გადაუარა. ტერიტორიაზე სპეცრაზმის მობილიზება გახდა საჭირო.
„ახლა ძალიან ემოციურად ვარ, ჯერ შვილი უნდა დავკრძალო და მერე მივხედავ ყველაფერს. გუშინ, როცა პოლიცია მოვიდა, ჩემი შვილი უგონოდ მიწაზე ეგდო, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა. პოლიციაც და სასწრაფოც მკვლელს იცავდნენ და მალავდნენ. ჩემი შვილისთვის სასწრაფოს დროულად რომ მიეხედა, იქნებ გადარჩენილიყო. მკვლელი მთვრალი იყო. იმ ადგილას, სადაც ავარია მოხდა, სკოლის შემოსახვევია და წესით, სიჩქარე უნდა შეენელებინა, მაგრამ ის დიდი სიჩქარით მოდიოდა და შვილი მომიკლა. მთელი სოფელი ჩემს გვერდითაა“, – ამბობს დაღუპულის მამა.
შსს-ს ცნობით, შეკრებილი პირები, ავტოსაგზაო შემთხვევაში მონაწილე სატრანსპორტო საშუალების მგზავრებს გადაადგილების შესაძლებლობას არ აძლევდნენ, ასევე, სამართალდამცველებს საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებაში უშლიდნენ ხელს, ამასთან, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმებს მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ. „სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, შემთხვევის ადგილზე მყისიერად გამოცხადდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის წარმომადგენლები, მათ შორის საპატრულო, კრიმინალური და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტების თანამშრომლები“, – აცხადებს შსს.
მისივე ინფორმაციით, დაპირისპირების შედეგად, სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღო შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე თანამშრომელმა და დაშავდა 8 მოქალაქე, რომლებსაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. პოლიციის თანამშრომლები პრევენციის მიზნით, ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში დარჩნენ. ნივთის დაზიანების, პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევისა და ძალადობის ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე, 126-ე და 353 -ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.
„კლინიკაში შემოვიდა 10 პაციენტი, სხვადასხვა სახის დაზიანებით. ამ ეტაპზე, ჩვენთნ 4 პაციენტი იმყოფება, ზოგადი მდგომარეობა ყველასთან დამაკმაყოფილებელია. ერთ პაციენტთან თვალის და თვალბუდის ტრავმა იყო და გადაყვანილია თბილისში, დინამიკაში ვატარებთ კვლევებს, საჭიროების შემთხვევაში გაეწევათ დახმარება“, – განუცხადა ტელეკომპანია „პირველს“ ბოლნისის ცენტრალური კლინიკის ექიმმა 31 დეკემბერს დილით. კლინიკა სპეცრაზმის ალყაშია.
ინციდენტთან დაკავშირებით სახალხო დამცველის განცხადებაში ნათქვამია: „ეს ტრაგიკული შემთხვევა კიდევ ერთხელ მიუთითებს ჩვენს საზოგადოებაში არსებულ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, როგორიცაა კანონის უზენაესობა, თანასწორობა და საგზაო უსაფრთხოების დაცვა. ყველა ბავშვს აქვს ფუნდამენტური უფლება, იცხოვროს უსაფრთხო გარემოში, რაც მოიცავს უსაფრთხო გზებისა და საზოგადოებრივი სივრცეების ხელმისაწვდომობას. მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, პრიორიტეტი მიანიჭონ საგზაო უსაფრთხოების ზომების დანერგვასა და აღსრულებას, მათ შორის, შესაბამისი საგზაო ნიშნების მოწყობას, სიჩქარის შეზღუდვას და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კამპანიებს, რათა თავიდან ავიცილოთ მსგავსი ტრაგედიები“.
This post is also available in: English (ინგლისური)