საზმაუს პირდაპირ ეთერში გოგონას შეუძლოდ გახდომას გულგრილობის შესახებ ბრალდებები და კრიტიკა მოყვა

5 hours ago 2

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირ ეთერში ბავშვთა გუნდის გამოსვლის დროს 10 წლის გოგონას შეუძლოდ გახდომას და დაცემას უფროსებისა და ტელეკომპანიის თანამშრომლების მხრიდან გულგრილობის შესახებ ბრალდებები და კრიტიკა მოყვა. ტელევიზიამ და გუნდმა მოგვიანებით უარყვეს ბრალდება, რომ ინციდენტი შეგნებულად იყო უგულებელყოფილი.

ვიდეო 10 ივნისს ნინო კუხალეიშვილმა, დაცემული გოგონას, ანკას, ბებიამ გაავრცელა. სტუდიაში ჩაწერილ ვიდეოში ჩანს, როგორ ეცემა მოულოდნელად გოგონა, სავარაუდოდ, გონების დაკარგვის გამო. კადრებში ჩანს, რომ გოგონას დაცემას მის გვერდით მდგომი რამდენიმე ბავშვის სწრაფი რეაქცია მოყვა, თუმცა გუნდის წევრები, ისევე როგორც მათ გვერდით მგონი ოთხი მამაკაცი, აგრძელებენ სიმღერას, დაახლოებით, კიდევ ორი წუთის განმავლობაში.

კუხალეიშვილმა განაცხადა, რომ როგორც უფროსებმა მოგვიანებით აღნიშნეს, დაცემის ხმა გაიგეს და გვერდით მდგომი გოგონა ანკასკენ იხრება, თუმცა, „თითქოს ანიშნეს, რომ გაეგრძელებინათ, და სიმღერაც გაგრძელდა“. „სამი წუთის განმავლობაში ბავშვი უყურადღებოდ იწვა იატაკზე. ამ სამი წუთის განმავლობაში არავინ იცოდა, ჰქონდა თუ არა თავის ტრავმა, სჭირდებოდა თუ არა სასწრაფო დახმარება ან საერთოდ რა მდგომარეობაში იყო, მაგრამ ბავშვის უსაფრთხოება მაინც ყურადღების მიღმა დარჩა“, – აცხადებს ბავშვის ბებია.

აღნიშნა რა, რომ ბავში კარგადაა და დაცემისას მხოლოდ თითები იტკინა, ბებიამ განაცხადა, რომ „ეს იყო უფროსების არასწორი რეაგირების შედეგი და ძალიან მძიმე გაკვეთილი ყველასთვის“.

სიმღერის აკადემიამ უარყო გავრცელებული „არასწორი ინტერპრეტაციები“, რომ თითქოს ბავშვი უყურადღებოდ „შეგნებულად დარჩა“ პასუხუსმგებელი პირების მხრიდან. 11 ივნისს გავცელებულ განცხადებაში, მან აღნიშნა, რომ პირდაპირი ეთერის დროს, „სცენის განათების, ხმამაღალი მუსიკისა და დინამიკის გამო, ხელმძღვანელების მხრიდან უშუალოდ წაქცევის მომენტის დანახვა ვერ მოხდა“. „სატელევიზიო ეთერში ეს მომენტი საერთოდ არ ჩანს – ხელმძღვანელებმა გაიგეს მხოლოდ დაცემის ხმა და როდესაც დაცემის ხმის მიმართულებით გაიხედეს, დაინახეს მომღერალ თანაგუნდელებს შორის წამომჯდარი ბავშვი“, – ნათქვამია განცხადებაში.

„მოკვლევის შემდეგ გავარკვიეთ, რომ ერთადერთი, ვინც უშუალოდ დაცემის მომენტი დაინახა, მის გვერდით მდგომი ბავშვები იყვნენ, რომლებმაც მყისიერადვე მიაქციეს ყურადღება და გამოელაპარაკნენ მას“, – დასძინა აკადემიამ.

საზოგადოებრივმა მაუწყებელმა 11 ივნისს ასევე გაავრცელა განცხადება, რომლის თანახმადაც „პირველი არხის ეთერში გასული ვიდეომასალის, ასევე სტუდიაში დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების ჩანაწერების გადამოწმებით დგინდება, რომ მომხდარი ფაქტი პავილიონში მყოფმა პირველი არხის თანამშრომლებმა ვერ დააფიქსირეს“.

„წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა შესაბამისი რეაგირება დაუყოვნებლივ განხორციელდებოდა, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში შეწყდებოდა პირდაპირი ეთერიც“, – განაცხადა არხმა.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა