WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან მორიგ წერილს ავრცელებს, სადაც წერს, რომ ხელისუფლების პანიკურმა რეაქციამ და აბსოლუტურად არაადეკვატურმა ქცევამ სისტემის სრული ლუსტრაცია მოახდინა.

ღარიბაშვილის თქმით, საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების მორიგი სასაცილო და, ამავდროულად, სრულიად ამაზრზენი და ტრაგიკული მასკარადი.

„ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას დროული და გამჭვირვალე განმარტებები გაეკეთებინა კონკრეტულ ფაქტებსა და დასმულ კითხვებთან დაკავშირებით, ვიხილეთ არასერიოზული გამოკითხვების სერია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ჩემი დაკავშირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და პროცესის იმგვარად წარმოჩენა, თითქოს ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და რადიკალურ ოპოზიციასთან კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო.

ასევე, ამ დღეებში გავარკვიე, რომ თურმე „დიფ-სტეიტის“ აგენტი ვყოფილვარ და, ამავდროულად, საფრანგეთის აგენტი.. „გამიმართლა“, რომ სხვა უცხო ენები არ ვიცი, თორემ, ალბათ, სხვა ქვეყნების „აგენტადაც“ გამომაცხადებდნენ…

ამ სასაცილო და უსუსურ პროპაგანდისტულ მეთოდზე ხელისუფლებას მინდა შემდეგი პასუხი გავცე: ტყუილად ნუ წვალობთ! როგორც წყალი და ზეთი არ შეერევა ერთმანეთს, ისევე შეუძლებელია ჩემი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთმანეთთან დაკავშირება!

საზოგადოებას შევახსენებ, რომ, როგორც გავიგე, თითქმის ხუთი თვეა მიმდინარეობს გამოძიება ლაზარე ჯორბენაძის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე, თუმცა ის ადამიანები და ჟურნალისტები, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში საჯაროდ სვამდნენ კითხვებს, დღემდე არ დაუკითხავთ. სამაგიეროდ, ჩემი წერილის გამოქვეყნებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყეს ყველა იმ ადამიანის დაკითხვა, ვინც საჯაროდ გამოეხმაურა ჩემს წერილს.
თავი დაანებეთ ჩემ წინააღმდეგ ამ ბინძურ პოლიტიკურ თამაშებს! ხალხმა იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი, და ჩვენი საზოგადოება ჩემს სიტყვასა და თქვენს სიტყვას ძალიან კარგად განასხვავებს. ხალხმა ისიც კარგად იცის, რომ მე არც დასავლეთს, არც აღმოსავლეთს, არც ჩრდილოეთს და არც სამხრეთს არ ვემსახურები. მე საქართველოს ვემსახურები!“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან გამოგზავნილი მორიგ წერილში შალვა პაპუაშვილს მიმართავს და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ დაუნდობელი პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს.

ბოლო დღეებში ბევრი სახედაკარგული ადამიანის უღირსი, ყალბი და ფარისევლური განცხადება და კომენტარი მოვისმინე. შესაძლოა, მათ აქვთ მოლოდინი, რომ პასუხს გავცემ, მაგრამ მინდა ვუთხრა მათ, რომ ისინი ჩემგან პასუხის ღირსნიც კი არ არიან. მხოლოდ შალვა პაპუაშვილს მინდა ვუპასუხო: შალვა, ეს არ არის სამართლებრივი პროცესი – ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური დევნა!

აქვე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას: მე არავის ვებრძვი – ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით… ახლა კი მე იძულებული ვარ დავიცვა ჩემი თავი და ჩემი ოჯახი ამ უსამართლობისა და სისასტიკისგან“, – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.


ირაკლი ღარიბაშვილმა ციხიდან გამოგზავნილ მეხუთე წერილში თქვა, რომ პასუხი უნდა გაეცეს კითხვას, თუ რა გახდა ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების რეალური მიზეზი. მისივე მტკიცებით, „საზოგადოებაში დღემდე რჩება პასუხგაუცემელი კითხვები არაერთი ადამიანის თვითმკვლელობის ფაქტთან დაკავშირებით, რომლებსაც ადგილი ჰქონდა კობახიძე-მდინარაძის მმართველობის დროს…“

ამ საკითხზე პროკურატურამ ექსპრემიერი, ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სხვა პირები გამოკითხა.

ვინ იყო ლაზარე ჯორბენაძე?

ლაზარე ჯორბენაძე „ასავალ-დასავალის“ ხშირი რესპონდენტი იყო. 2026 წელს გამოქვეყნებული ერთ-ერთ ნომერში ის წერდა, რომ ირაკლი კობახიძემ ილჰამ ალიევთან ხელი მოაწერა საიდუმლო შეთანხმებას და დათმო დავითგარეჯის ნაწილი.

ამას შემდეგ ლაზარე ჯორბენაძის წინააღმდეგ სოცქსელებში გარკვეული კამპანია აგორდა. მას ცილისმწამებელს უწოდებდნენ.

მან კიდევ ერთი ინტერვიუ მისცა „ასავალ-დასავალს“, სადაც ამბობდა, რომ უკან არ იხევდა და კვლავ ადასტურებდა მის მიერ ირაკლი კობახიძეზე გავრცელებული ცნობის ნამდვილობას. ის ამტკიცებდა, რომ ეს დოკუმენტი ნანახი ჰქონდა.

გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ლაზარე ჯორბენაძე გარდაიცვალა და ოფიციალურ ვერსიად სუიციდი განიხილებოდა. „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტმა დიტო ჩუბინიძემ, რომელიც ჯორბენაძის ინტერვიუერი იყო, განაცხადა, რომ მას არ სჯეროდა თვითმკვლელობის ვერსიის.