“საზოგადოების იმედი გვაქვს” – გორელები ხელოვნების სახლის გადასარჩენად

4 hours ago 1

“გორელ ფოტოგრაფთა კლუბი” მხარდამჭერებთან ერთად “ხელოვნების სახლის” შესანარჩუნებლად სოციალურ კამპანიას დაიწყებს – ეს გადაწყვეტილება კლუბის წევრებმა და მოქალაქეებმა ურთიერთშეთანხმებით მიიღეს.

მას შემდეგ, რაც გორის მერიამ “გორელ ფოტოგრაფთა კლუბთან” დადებული ხელშეკრულება გაწყვიტა, კლუბის წევრებს სთხოვენ, დატოვონ სივრცე, სადაც “ხელოვნების სახლია” განთავსებული. სწორედ ამ პროცესის შესაჩერებლად და სამომავლო სტრატეგიის შესამუშავებლად კლუბის წევრები მხარდამჭერებს შეხვდნენ და უთხრეს, რომ სივრცის დათმობას არ აპირებენ.

“ერთგვარი სადამსჯელო ღონისძიება ჩაატარა გორის მერიამ, რაც დაკავშირებულია იმ ინსტალაციასთან, რომელიც 16 ნოემბერს გაიხსნა ხელოვნების სახლში. ადვილი მისახვედრია, რომ რეალური მიზეზი ესაა, რადგან 3-4 დღეში მოგვივიდა წერილი შენობის დაცლის მოთხოვნით. სახალხო კამპანიის გარდა ჩვენ სხვა გზა არ დაგვრჩა”, – ამბობს ოთო გვრიტიშვილი.

ამ პროცესში სოლიდარობა და მხარდაჭერა “გორელ ფოტოგრაფთა კლუბის” წევრებს სხვადასხვა ასაკის და პროფესიის მოქალაქეებმა გამოუცხადეს. როგორც შეხვედრაზე ითქვა, ისინი მზად არიან დაგეგმონ და ჩაერთონ სხვადასხვა სახის მხარდამჭერ აქტივობებში.

“ახლა არის დრო, რომ დავსხდეთ და მივწეროთ თქვენი ამბავი ევროკავშირის ელჩს. ეს უნდა მოხდეს რაც შეიძლება სწრაფად, იმიტომ რომ ხვალვე ევროკავშირის ელჩმა რომ თქვას, გორის “ხელოვნების სახლში” იზღუდება გამოხატვისა და შემოქმედებითი თავისუფლება, ეს უკვე რაღაცაა. უნდა დავისახოთ პირველი რიგის ამოცანები, რას გავაკეთებთ ყველა ერთად “ხელოვნების სახლის” გადასარჩენად”, – თქვა გოგა აფციაურმა.

მოქალაქეების შეფასებით, არასერიოზულია ის არგუმენტები, რომლითაც მერიამ “გორელ ფოტოგრაფთა კლუბთან” ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის გადაწყვეტილება ახსნა. როგორც შეხვედრაზე მყოფებმა თქვეს, ახალი ინოვაციური ცენტრის გახსნისთვის მერიას შეუძლია სხვა მუნიციპალური სივრცეები გამოიყენოს.

გორელ ფოტოგრაფთა კლუბმა ეს სივრცე გააკეთა არა თუ ნოლიდან არამედ მინუსებიდან. საკუთარი შრომითა და ძალისხმევით, მოსახლეობის ჩართულობით. ეს არის ორგანიზაცია, რომელზეც ერთ ადამიანსაც არ შეუძლია თქვას, რომ მისთვის რაიმე სიკეთე არ აქვს გაკეთებული. ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საკრებულოს და მერიის თანამშრომლებმა, რომლებიც თავადაც იღებდნენ ამ ყველაფერში მონაწილეობას გააცნობიერონ, რომ ინოვაციების ცენტრი, სწორედ ეს არის“, – თქვა ვანო კოპაძემ.

მხარდაჭერას ვუცხადებ ოთო გვრიტიშვილსა და მის გუნდს, რომლებიც საზოგადოებას ემსახურებიან, ქალაქს ემსახურებიან. ყველას გვახსოვს, როგორი შენობა ჩაიბარეს და როგორია ახლა. მერიის ქცევა არის აღმაშფოთებელი. მინდა მოვუწოდო ქალაქის ხელმძღვანელობას, გონს მოეგონ და ასევე მოვუწოდებ საზოგადოებას, დავუდგეთ გვერდში ამ შესანიშნავ გუნდს“, – განაცხადა გორის საკრებულოს ყოფილმა თავმჯდომარემ, პაპუნა კობერიძემ. 

შეხვედრაზე მყოფებმა უახლესი გეგმები განიხილეს და ერთობლივ კამპანიაზე შეთანხმდნენ. დისკუსიის შემდეგ კი, მათ გორის ქუჩებში “ხელოვნების სახლის” მხარდამჭერი მარში მოაწყეს და მსვლელობით, ქალაქის ცენტრში დაგეგმილ აქცია-პერფომანსს “გორი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ” შეუერთდნენ, სადაც გორელებმა პუტინის ფიტული დაწვეს.

სრულად წაკითხვა