საზოგადოებრივი მაუწყებელი კრიტიკას უარყოფს და კრიტიკოსებს ცრუ ბრალდებებში ადანაშაულებს

1 week ago 4

საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა 24 მარტს განცხადება გაავრცელა, სადაც უარყოფს თანამშრომლების ბრალდებებს, რომლებმაც არხის სარედაქციო პოლიტიკა გააკრიტიკეს. მაუწყებლის თქმით, მისი თანამშრომლების კრიტიკული საჯარო განცხადებები, მათ შორის მიკერძოებულობისა და სარედაქციო დამოუკიდებლობის ნაკლებობის შესახებ, ცრუ ინფორმაციას შეიცავს და ორგანიზაციის რეპუტაციას ზიანს აყენებს.

თავის განცხადებაში საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტი აცხადებს, რომ მაუწყებლის წინააღმდეგ ბოლო ოთხი თვის განმავლობაში „დისკრედიტაციის კამპანია“ მიმდინარეობს. „საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობასთან დაკავშირებით ვრცელდება რეპუტაციის შემლახველი და იმიჯის დამაზიანებელი საჯარო განცხადებები, რომლებიც არ ეფუძნება ფაქტებს, შეიცავს მცდარ ინფორმაციას და არასწორ წარმოდგენებს ქმნის საზოგადოებაში“, – ნათქვამია არხის მენეჯმენტის განცხადებაში.

„სამეურვეო საბჭო სამუშაო შეხვედრაზე გაეცნო იურიდიული სამსახურის მიერ წარმოებულ მოკვლევის შედეგებს, სადაც არ გამოიკვეთა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების ფაქტობრივი გარემოებები და საფუძვლები, ხოლო სამეურვეო საბჭოს წევრთა მიერ გამოთქმულ შეფასებებს აქვს სარეკომენდაციო ხასიათი“, – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში საუბარია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს 21 მარტის სხდომაზე, სადაც საბჭომ თანამშრომლების ვასილ ივანოვი-ჩიქოვანის, ნინო ზაუტაშვილის, კახა მელიქიძისა და გია იმნაიშვილის კრიტიკა განიხილა და უარყო მათი წუხილები. კრიტიკოსი ჟურნალისტების შეშფოთება უკავშირდებოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ მნიშვნელოვანი მოვლენების გაშუქებას, კერძოდ, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელზე, ჟურნალისტ ზვიად ქორიძეზე თავდასხმას, ასევე საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორზე თავდასხმას ევროკავშირის მხარდამჭერი აქციების დროს. მათ ასევე წამოჭრეს მაუწყებლის მიერ საპროტესტო აქციების გაშუქებასთან დაკავშირებული საკითხი და სარედაქციო დამოუკიდებლობის ნაკლებობას გაუსვე ხაზი. ჟურნალისტებმა ასევე გააკრიტიკეს მენეჯმენტი არხის მიერ გამოცემა ბათუმელები/ნეტგაზეთის დაპატიმრებული დირექტორის, მზია ამაღლობელის საკითხის არასაკმარისი გაშუქებისთვის. თებერვალში ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი საზოგადოებრივი მაუწყებლის ექვსსაათიანი საინფორმაცია გამოშვება „მოამბის“ ეთერიდან მოხსნეს. თავად ჟურნალისტმა ეს ფაქტი არხის სარედაქციო პოლიტიკის მიმართ თავის კრიტიკას დაუკავშირა.

ამასთან, 22 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს რვა წევრმა პროკურატურას კრიტიკოსი თანამშრომლების „უსაფუძვლო ბრალდებების“ გამოძიებისკენ მოუწოდა.

მედიის ადვოკატირების კოალიციამ დაგმო საბჭოს ქმედებები და პროკურატურის ჩართვის გადაწყვეტილებას „საგანგაშო” და ჟურნალისტების მიმართ პირდაპირი მუქარა უწოდა. კოალიციამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობა დამოუკიდებელი გაშუქებისა და კრიტიკის ჩახშობაში დაადანაშაულა.

მოვლენები საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობის წინ რამდენიმე კვირის განმავლობაში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე განვითარდა. საზოგადოებრივი უკმაყოფილება მაუწყებლის მიმართ შარშანდელი პროევროპული აქციების შემდეგ კიდევ უფრო გაიზარდა. მოქალაქეები საზოგადოებრივ მაუწყებელს იმის გამო აკრიტიკებდნენ, რომ ის სათანადოდ არ აშუქებდა პოლიციის მიერ დემონსტრანტების  დარბევას. 2024 წლის დეკემბერში, მომიტინგეებმა სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად ნარატივებთან დაპირისპირების მიზნით, მაუწყებელზე პირდაპირი ეთერი მოითხოვეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა