საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საინფორმაციო გადაცემის კრიტიკული წამყვანი ეთერიდან მოხსნა

4 hours ago 1

ჟურნალისტმა და წამყვანმა ვასილ ივანოვ-ჩიქოვანმა განაცხადა, რომ 4 თებერვალს იგი საზოგადოებრივი მაუწყებლის ექვსსაათიანი საინფორმაცია გამოშვება „მოამბის“ ეთერიდან მოხსნეს. გადაწყვეტილება საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობამ „დაძაბული და არაჯანსაღი სამუშაო გარემოს“ თავიდან აცილების მიზეზით ახსნა. მაუწყებლის გადაწყვეტილებას უკვე მოყვა ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების, მათ შორის საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და მედიის ადვოკატირების კოალიციის კრიტიკა, რომლებიც საზოგადოებრივ მაუწყებელს პოლიტიკურ მიკერძოებაში ადანაშაულებენ და მის გადაწყვეტილებას ობიექტური ჟურნალისტიკის გაჩუმების მცდელობად აფასებენ.

მაუწყებლის განცხადებაში ნათქვამია, რომ „თანამშრომელთა შორის არსებული და შესაძლო სამომავლო დისკომფორტის, დაძაბული და არაჯანსაღი სამუშაო გარემოს  შექმნის/გაუარესების საფრთხის თავიდან აცილების“ მიზნით, საჭირო გახდა ამ გადაწყვეტილების მიღება „არსებული გართულებული ვითარების ნორმალიზებამდე“.

ივანოვ-ჩიქოვანი მაუწყებლის სარედაქციო დამოუკიდებლობაზე საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს თავმჯდომარის ვასილ მაღლაფერიძის სავარაუდო გავლენას მწვავედ აკრიტიკებდა.

იგი ღიად უცხადებდა მხარდაჭერას  „ბათუმელების“ დაპატიმრებულ დამფუძნებელს, მზია ამაღლობელს მას შემდეგ, რაც მან შიმშილობა დაიწყო, და თავის საინფორმაციო გამოშვებას მხარდაჭერის სიტყვებით იწყებდა.

ივანოვ-ჩიქოვანი დიდი ხანია ადანაშაულებს მაუწყებელს იმაში, რომ მან ვერ შეასრულა თავისი მანდატი, ემსახუროს საზოგადოების ინტერესებს. ეს განსაკუთრებით ეხებოდა საქართველოში პროევროპული საპროტესტო აქციების გაშუქებას. წამყვანმა განაცხადა, რომ მაღლაფერიძის მჭიდრო კავშირები მმართველ პარტიასთან ძირს უთხრის მაუწყებლის დამოუკიდებლობას და დასძინა, რომ სარედაქციო პოლიტიკა ვერ პასუხობს „იმ მოთხოვნებს, რომლებიც არის საზოგადოებაში“. მაღლაფერიძე ადრე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე იყო.

ივანოვ-ჩიქოვანი მაღლაფერიძეს მისი გადაჭარბებული სარედაქციო კონტროლის გამო დაუპირისპირდა და აღნიშნა, რომ  მაუწყებელზე „ხალხის ხმა არ ისმის“. მისი თქმით, ხელისუფლების მიმართ მაუწყებლის მიკერძოების მიზეზი სწორედ საბჭოს თავმჯდომარის პოლიტიკური წარსულია.  

დაძაბულობა საზოგადოებრივი მაუწყებლის გარშემო უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. ტელეკომპანიას სარედაქციო დამოუკიდებლობის არარსებობასა და ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების არასაკმარის გაშუქებაში ადანაშაულებენ. 2024 წლის დეკემბერში მომიტინგეებმა პირდაპირ ეთერზე წვდომაც კი მოითხოვეს, რათა წინააღმდეგობა გაეწიათ სახელმწიფოს მიერ კონტროლირებადი ნარატივებისთვის, რაც კიდევ უფრო აღრმავებს უნდობლობა მაუწყებლის მიმართ.

ვასილ ივანოვ-ჩიქოვანი ერთადერთი ჟურნალისტი არ არის, რომელიც მაუწყებელში არსებულ პრობლემებზე ხმამაღლა ალაპარაკდა. პირველი არხის რეჟისორმა კახა მელიქიძემ 3 თებერვალს საზოგადოებრივი მაუწყებლის საბჭოს სხდომაზე საჯაროდ გაამხილა, რომ სხვა პოლიტიკოსებთან ერთად, საქართველო-საბერძნეთის 26 მარტის საფეხბურთო მატჩის დროს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კადრის გაშვების გამო მას უსაყვედურეს. როდესაც იგი მიზეზით დაინტერესდა, მას უთხრეს: „შენ ხომ არ გგონია, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელზე ვართ ისევ. პარლამენტზე ვართ დამოკიდებული, დაფინანსება შეწყდება, პრობლემები შეგვექმნება“.

კიდევ ერთმა ჟურნალისტმა მაუწყებელი იმის გამო გააკრიტიკა, რომ 29 დეკემბრის პროევროპულ აქციაზე არხის ორი ჟურნალისტის დაშავების თემის გაშუქებისას, არც ახსენა, რომ ისინი პოლიციის რეზინის ტყვიებით დაშავდნენ.

ჟურნალისტებმა ასევე გააკრიტიკეს მენეჯმენტი არხის მიერ გამოცემა „ბათუმელები/ნეტგაზეთის“ დაპატიმრებული დირექტორის, მზია ამაღლობელის საკითხის არასაკმარისი გაშუქებისთვის.

ადგილობრივი უფლებადამცველი ორგანიზაციების გამოხმაურება

მედიის ადვოკატირების კოალიციამ 4 თებერვალს მკაცრად დაგმო საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ ეს გადაწყვეტილება „ობიექტური, მიუკერძოებელი და ქვეყნის ევროპული გზის აქტიური მხარდამჭერი ჟურნალისტისა და მისი კოლეგების გაჩუმებას“ ემსახურება. კოალიცია სოლიდარობას უცხადებს ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს და აცხადებს, რომ მაუწყებელი ვერ ასრულებს „საკანონმდებლო ვალდებულებებს, არასრულყოფილად აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს, არის მიკერძოებული „ქართული ოცნების” მიმართ და ხელს არ უწყობს ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს“. კოალიცია მაუწყებელში განვითარებულ მოვლენებზე პასუხისმგებლობას სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეს ვასილ მაღლაფერიძეს და დირექტორ თინათინ ბერძენიშვილს აკისრებს და აცხადებს, რომ „აღნიშნული პირები და მათი გავლენის ქვეშ მყოფი მაუწყებლის სხვა თანამშრომლები და სამეურვეო საბჭოს წევრები მიზანმიმართულად ცდილობენ საეთერო სივრცეში ობიექტური ხმების გაჩუმებას და “ბიძინა ივანიშვილისა” და “ქართული ოცნების” პროპაგანდის გავრცელებას“.

კოალიცია მოუწოდებს საერთაშორისო ორგანიზაციებს, მათ შორის ევროპის მაუწყებელთა კავშირს (EBU) გამოხატოს პოზიცია საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე პროცესებზე, „კერძოდ ცენზურასა და პროპაგანდაში არაერთგზის მხილებული ვასილ მაღლაფერიძისა და თინათინ ბერძენიშვილის ქმედებების შესახებ“.

იმავდროულად, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) 5 თებერვალს განაცხადა, რომ ვასილ ივანოვ-ჩიქოვანის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯები „პირდაპირ უკავშირდება მის საჯარო პოზიციონირებას“. საია-ს თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებელი „ვერ უზრუნველყოფს საკუთარ დამოუკიდებლობასა და თავისუფლებას სახელმწიფო უწყებებისაგან, ის მთლიანად მოქცეულია მმართველი პარტიის პოლიტიკური გავლენების ქვეშ“.

„მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის დამოუკიდებლობა საქართველოს კონსტიტუციაში გამოხატვის თავისუფლების ნაწილია, სწორედ განსხვავებული აზრის გამოხატვის გამო საზოგადოებრივი მაუწყებელი თავად დევნის მისსავე თანამშრომელს, ვასილ ივანოვ-ჩიქოვანს“, – აცხადებს ორგანიზაცია. „არაკონსტიტუციურია „ქართული ოცნების” მხრიდან საზოგადოებრივი მაუწყებლის გამოყენება მისი მიზნებისთვის, აგრეთვე მიუღებელია საზოგადოებრივი მაუწყებლისგან, მისი საჯარო მანდატიდან გამომდინარე, უპირატესობა მიანიჭოს რომელიმე პოზიციას ან დაუჭიროს მხარი რომელიმე პოლიტიკურ პარტიას“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა