საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო: ფინეთში დაკავებული ტანკერის ბორტზე საქართველოს ორი მოქალაქეა

1 day ago 2

ეკონომიკის სამინისტროს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, ფინეთის ხელისუფლების მიერ დაკავებული ტანკერის - Eagle S - ბორტზე ამ ეტაპზე საქართველოს ორი მოქალაქე იმყოფება და ისინი გამოძიების დასრულებას ელოდებიან.

უწყებაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ ინფორმაციას ფლობენ “გემის რეგისტრაციის (კუკის კუნძულები) და ფინეთის შესაბამის პარტნიორ უწყებებთან” კომუნიკაციის შედეგად.

“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები: გემის კაპიტანი და ეკიპაჟის კიდევ 1 წევრი, სავახტო მექანიკოსი ამ ეტაპზე იმყოფებიან გემზე და ელოდებიან გამოძიების დასრულებას. საქართველოს საელჩოს წარმომადგენელს უკვე ჰქონდა კომუნიკაცია მათთან. შემთხვევას იძიებს ფინეთის შესაბამისი უწყებები. მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ პირს გამოძიების დასრულებამდე ნუ გაავრცელებენ გადაუმოწმებელ ინფორმაციას - რაც შეიძლება დამაზიანებელი აღმოჩნდეს ქართველი მეზღვაურების რეპუტაციისთვის. საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო დაელოდება გამოძიების დასრულებას და შედეგების შესაბამისად იმსჯელებს შემდგომ ნაბიჯებზე", - განუცხადეს რადიო თავისუფლებას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში.

კუკის კუნძულების დროშით მცურავი ტანკერი - Eagle S - ფინეთის ხელისუფლებამ გასული წლის დეკემბერში დააკავა და გამოძიება სისხლის სამართლის წესით მიმდინარეობს. ტანკეტს ბრალად ედება ფინეთისა და ესტონეთის დამაკავშირებელი ელექტროკაბელის - EstLink 2-ისა და ოთხი საკომუნიკაციო კაბელის დაზიანება, ბალტიის ზღვის ფსკერზე. ოთხი საკომუნიკაციო კაბელიდან სამი ესტონეთსა და ფინეთს აკავშირებდა, ხოლო კიდევ ერთი - ფინეთსა და გერმანიას. ფინეთის ეროვნული საგამოძიებო ბიურო ვარაუდობს, რომ ხომალდი ფსკერზე განზრახ მიათრევდა ღუზას ათეულობით კილომეტრის მანძილზე, რათა განზრახ დაეზიანებინა კაბელები.

ფინეთის პრესის თანახმად, დაკავებული ტანკერის კაპიტანია დავით ვადაჭკორია, ხოლო ეკიპაჟის წევრებს შორის, ქართველებთან ერთად, ინდოეთის მოქალაქეები არიან. სხვადასხვა წყაროს ცნობით, გამოძიება შესაძლოა თვეების განმავლობაში გაგრძელდეს.

ევროკავშირი მიიჩნევს, რომ Eagle S რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის ნაწილია და ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო ზომები, მათ შორის - დამატებით სანქციები განიხილება. ერთ-ერთი ვერსიით, ტანკერი Eagle S, რომლის ოპერატორადაც ოფიციალურად - არაბთა გაერთიანებული საამიროების კომპანია Caravella LLC-FZ სახელდება, გამოიყენებოდა რუსული ნავთობის ტრანსპორტირებისთვის საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 3 იანვარს, უშედეგოდ დასრულდა სასამართლო პროცესი ჰელსინკის რეგიონულ სასამართლოში, სადაც ადვოკატი ტანკერის გათავისუფლებას ითხოვდა. დაცვის მხარე კვლავ გეგმავს ამ საკითხის დაყენებას. პარალელურად, გამოძიების ფარგლებში ლაპარაკია ტანკერის შესაძლო კონფისკაციაზე.

სრულად წაკითხვა