საია: აქციის დაშლის გადაწყვეტილება კვლავ უკანონო იყო

2 weeks ago 19

საპოლიციო ძალების მიერ საქართველოს პარლამენტთან საპროტესტო აქციის მორიგი დაშლის შემდეგ, უფლებადამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”(საია) განაცხადა, რომ შსს გააგრძობს აქციების „ძალადობრივი და უკანონო მეთოდებით ჩახშობას”.

2 დეკემბერს, სპეცრაზმმა წყლის ჭავლით აქციის დაშლა წინა დღეებზე ადრე, დაახლოებით ღამის ათი საათისთვის დაიწყო.

საიას მიერ დღეს, 3 დეკემბერს დილით გამოქვეყნებული შეფასებით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ ვაჟა სირაძის განცხადება, რომ „თავიდანვე დაიწყეს ღონისძიება”, რადგან „თავიდანვე აგრესიით და ძალადობით დაიწყო აქცია 300-400 კაციანი ჯგუფის მიერ”, ვერ გაამართლებს აქციის მშვიდობიან მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობის მიმართ საყოველთაო ძალის გამოყენებას. შესაბამისად, საია მიიჩნევს, რომ 2-3 დეკემბერს აქციის დაშლის გადაწყვეტილება კვლავ უკანონო იყო.

უფლებადამცველი ორგანიზაციის ინფორმაციით, პარლამენტის წინ შეკრების დაშლის შემდეგ საპროტესტო აქცია რუსთაველის გამზირზე გრძელდებოდა და მთელი ღამის განმავლობაში საპოლიციო ძალები პერიოდულად დევნიდნენ დემონსტრანტებს, უსაფრდებოდნენ, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ, უსაფუძვლოდ, ძალადობრივი მეთოდებით აკავებდნენ და იყენებდნენ გაზის კაფსულებს მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ.

03:00 საათზე, როდესაც შევჩენკოს ქუჩაზე სპეცრაზმმა დემონსტრანტების დევნა დაიწყო, რუსთაველის გამზირსა და მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, შევჩენკოს ქუჩაზე დროებით ჩაქრა განათება.

თბილისში და საქართველოს ქალაქებში საპროტესტო გამოსვლები 28 ნოემბრიდან დაიწყო, მას შემდეგ, რაც „ქართული ოცნების" ხელისუფლებამ გადაწყვიტა, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენოს ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარი თქვას ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე. ამასთან, „ქართული ოცნების" მთავრობა ირწმუნება, რომ მიზნად რჩება 2030 წლისთვის ევროკავშირში საქართველოს შესვლა.

მმართველმა პარტიამ ეს გადაწყვეტილება ოპოზიციის მიერ არალეგიტიმურად მიჩნეული, მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომიდან რამდენიმე დღეში გამოაცხადა.

საპროტესტო აქციების მონაწილეები ხელისუფლებას ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებაში ადანაშაულებენ და ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ.

სრულად წაკითხვა