საია ახალ საკანონმდებლო ცვლილებებს აკრიტიკებს და დემოკრატიის უკუსვლის შესახებ აფრთხილებს

1 week ago 7

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) მკაცრად გააკრიტიკა „ქართული ოცნების“ მიერ შემოთავაზებული ბოლო საკანონმდებლო ცვლილებები და გააფრთხილა, რომ მათ შეუძლიათ შეარყიონ დემოკრატიული პრინციპები და გააუქმონ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც სამართლიანი წარმომადგენლობის უზრუნველყოფასა და მოქალაქეთა უფლებების დაცვას ისახავს მიზნად.

„2024 წლის 11 დეკემბერს, პროევროპული პროტესტის მე-14 დღეს, იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ადამიანის უფლებები მასობრივად ირღვევა, თვითგამოცხადებულ პარლამენტში „ქართულმა ოცნებამ“ ერთდროულად რამდენიმე კანონში დააინიცირა არადემოკრატიული და რეპრესიული შინაარსის ცვლილებები“, – ნათქვანია საია-ს განცხადებაში. „მათი  განხილვა და მიღება ავტორებმა დაჩქარებული ან გამარტივებული წესით მოითხოვეს და პირველი მოსმენით უკვე დაუჭირეს მხარი. სავარაუდოა, რომ საშემოდგომო სესიის დასრულებამდე პარლამენტი მეორე და მესამე მოსმენითაც გეგმავს მათ მიღებას“.

საარჩევნო კანონმდებლობა

საია აცხადებს, რომ „ქართული ოცნება“ ცდილობს საარჩევნო კანონმდებლობის ვიწროპარტიულ ინტერესებზე მორგებას, რის მიზანსაც „2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში არაკეთილსინდისიერი უპირატესობის შექმნა წარმოადგენს“. ცვლილებების თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კვლავ იზრდება საკრებულოებში მაჟორიტარული კომპონენტი და ის 2017 წლის ნიშნულს უბრუნდება.

„ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც 2024 წლის გაზაფხულზე ერთპარტიულად მიღებული ცვლილებით უკვე გაუქმდა საკრებულოს მაჟორიტარი წევრების ასარჩევად დაწესებული მინიმალური 40%-იანი საარჩევნო ბარიერი და მეორე ტურის დანიშვნის შესაძლებლობა. საკრებულოს წევრად არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელმაც შესაბამის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ჩატარებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ყველაზე მეტ ნამდვილ ხმას მიიღებს“, – აცხადებს ორგანიზაცია.

ცვლილებების შედეგად 2025 წლიდან ადგილობრივ წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნები თვითმმართველ ქალაქებში (თბილისის გარდა) პროპორციული და მაჟორიტარული სისტემით არჩეულ საკრებულოს წევრებს შორის თანაფარდობა 3/2-ით (ნაცვლად 4/1-სა), ხოლო თბილისში 1/1 (ნაცვლად 4/1-სა) პროპორციით განისაზღვრება. სხვა დანარჩენ მუნიციპალიტეტებში საკრებულოს პროპორციული სისტემით არჩეულ წევრთა რაოდენობა 15 იქნება, ხოლო მაჟორიტარი წევრები ფარდობითი უმრავლესობის საფუძველზე (ნაცვლად 2/1-სა), საარჩევნო ბარიერისა და შესაბამისად მეორე ტურის დანიშვნის შესაძლებლობის გარეშე აირჩევიან. ამასთან,  გაიზარდა პროპორციული საარჩევნო სისტემით არჩეულ წევრთა ბარიერი და 4%-ით განისაზღვრა (ნაცვლად 3%-სა და თბილისში 2.5%-სა).

საია აცხადებს, რომ ცვლილებების შედეგად მიღებული საკანონმდებლო ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს ამომრჩეველთა ნების მანდატებში პროპორციულად ასახვას და მნიშვნელოვნად გაზრდის ამომრჩეველთა დაკარგული ხმების რაოდენობას. „ყველაზე მეტი მხარდაჭერის მქონე სუბიექტი გაუმართლებელ უპირატესობას მოიპოვებს და მის კანდიდატს საშუალება მიეცემა ამომრჩევლის უმრავლესობის უარყოფითი განწყობის მიუხედავად დაიკავოს საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის თანამდებობა“, – აცხადებს ორგანიზაცია.

საჯარო სამსახურის შესახებ კანონი

საია-მ ასევე გაამახვილა ყურადღება საჯარო სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებებზე, რასაც საჯარო მოხელეებისა და საზოგადოების პროტესტი მოყვა. ცვლილებები „ქართულ ოცნებას“ არასასურველი საჯარო მოხელეების გათავისუფლების პროცესს უმარტივებს. საია-ს თქმით, საკანონმდებლო ცვლილებებით სუსტდება საჯარო მოხელეების უფლებების დაცვის მექანიზმები და იზრდება საჯარო სამსახურის პოლიტიზაციის რისკი. კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციის შემთხვევაში, შტატების შემცირების შედეგად მოხელეს შეეძლო თანამდებობის ტოლფას ან დაბალ თანამდებობაზე გადაყვანა. ახალი ცვლილებებით ეს უფლება გაუქმებულია. ამასთან, სასამართლო კონტროლი კონკურსის შედეგებზე შესუსტებულია. კერძოდ, სასამართლოს მიერ საჩივრის დაკმაყოფილების შემთხვევაში გათავისუფლებული პირი ვერ აღდგება თანამდებობაზე და იღებს მხოლოდ განაცდურს/სამთვიან კომპენსაციას. საია-მ შეშფოთება გამოთქვა იმის თაობაზე, რომ დაწესებულების ხელმძღვანელს ენიჭება უფლება, შეცვალოს შეფასებები, რაც პოლიტიზაციის საფრთხეს ზრდის. „ცვლილებები ხელს უწყობს საჯარო მოხელეებზე უკვე არსებული  წნეხის გაძლიერებას და უფლებების დაცვის მექანიზმების შესუსტებას“, – აცხადებს ორგანიზაცია.

კანონი პოლიციის შესახებ

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი წუხილი, რომელსაც ორგანიზაცია გამოხატავს, ეხება ცვლილებებს პოლიციის შესახებ კანონში, რომელიც ითვალისწინებს შესაძლებლობას, პირები პოლიციის რიგებში კონკურსის გავლის გარეშე დაინიშნონ. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები მიზნად ისახავს პოლიციის გასამხედროებული დანაყოფების სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებას, ისინი მინისტრს ანიჭებს ფართო უფლებამოსილებას კონკურსის გარეშე დანიშვნის წესის გავრცელებისთვის ნებისმიერ სტრუქტურულ ერთეულზე. „ეს ქმნის რისკს, რომ ნორმა გამოყენებული იქნება პოლიციის პოლიტიზებისთვის“, – აცხადებს საია. ორგანიზაცია ხაზს უსვამს პოლიციის ძალების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების მზარდ ტენდენციას, მათ შორის საპროტესტო აქციების ძალადობრივად დასარბევად, და აფრთხილებს, რომ აღნიშნული ცვლილებები შესაძლოა, ხელისუფლების ძალადობრივი პოლიტიკის გამტარებელი კადრებით პოლიციის დაკომპლექტების გასაადვილებლად იყოს გამოყენებული.

კანონი შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ

საია-მ ასევე გააკრიტიკა ,,შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ინიციირებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომელიც პროტესტის მონაწილეებს ნიღბებისა და გარკვეული ტექნიკური საშუალებების გამოყენებას უკრძალავს. ადამიანის უფლებათა დაცვის სხვადასხვა საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით, საია აცხადებს, რომ ასეთი არაპროპორციული შეზღუდვა არღვევს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას, განსაკუთრებით ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი საპროტესტო აქციების დარბევების ფონზე. საია ამბობს, რომ კანონი ეფექტურად დააშინებს დემონსტრანტებს და ჩაახშობს ოპოზიციის ხმებს.

კანონი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ

საია აცხადებს, რომ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებებით საქართველოს პრეზიდენტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელმწიფო დაცვის გაგრძელება და შენარჩუნება „დამოკიდებულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ საქართველოს კონსტიტუციის 48-ე მუხლის დარღვევის დადგენასთან“. ეს ცვლილება „ნათლად აჩვენებს კანონის ნორმების პერსონიფიცირებას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ნორმის ადრესატი პრეზიდენტთან ერთად სხვა პირებიც არიან. იმის ფონზე რომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს გასულ წელს საკონსტიტუციო სასამართლომ დაუდგინა 48-ე მუხლის დარღვევა, ხოლო ,,ქართულმა ოცნებამ“ ვერ შეძლო პარლამენტში საკმარისი ხმების მობილიზება, მისთვის უფლებამოსილების შესაწყვეტად, ეს სადამსჯელო მექანიზმად აღიქმება და ზღუდავს ინსტიტუტს“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა