საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განაცხადა, რომ ბოლო დღეებში პოლიციის ქმედებებმა საპოლიციო ტერორის სახე მიიღო. ორგანიზაცია აცხადებს, რომ 6-7 დეკემბრის ღამის განმავლობაში გრძელდებოდა „შსს-ს მიერ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება: ფიზიკური ანგარიშსწორება, მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მიმართ მუქარა და გინება, ძალადობრივი უკანონო დაკავება, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, ასევე, ფიზიკურ პირთა დაჯგუფებების ჩართულობა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ“.
საია ხაზს უსვამს პოლიციის უკანონო ქმედებების რამდენიმე ეპიზოდს 6 და 7 დეკემბერს. მისი თქმით, 6 დეკემბერს პოლიციის თანამშრომლებმა „მეტროსადგურ თავისუფლების მოედანზე კვლავ უკანონოდ ჩხრეკდნენ ადამიანებს. პოლიციელები აცხადებდნენ, რომ ატარებდნენ ზედაპირულ შემოწმებას. მედიის კადრებში აშკარად ჩანს, თუ როგორ არღვევენ პოლიციელები კანონს და აშკარად სცდებიან ზედაპირული შემოწმების ფარგლებს“. აღნიშნავს რა, რომ ზედაპირული შემოწმებაც უნდა ემყარებოდეს კანონით განსაზღვრულ საფუძვლებს, ორგანიზაცია მიუთითებს, რომ უკანონო ქმედება მიზნად ისახავდა მოქალაქების დაშინებას და მათთვის მშვიდობიანი შეკრების ადგილას მისასვლელად დაბრკოლებების შექმნას.
ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ 6-7 დეკემბერს აქცია მშვიდობიანი იყო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაიწყო „აქციის სრულმასშტაბიანი დარბევა (00:33 საათიდან). სპეცრაზმმა დაიკავა პარლამენტის წინა ტერიტორია (00:40 საათისთვის). ამ დროისთვისაც, საპოლიციო ძალები უსაფუძვლოდ და ძალადობრივად აკავებდნენ აქციის მონაწილეებს“.
საია აღნიშნავს, რომ პარლამენტის წინ დარბევის დაწყების შემდგომ რესპუბლიკის მიედანზე ასევე განლაგდა სპეცრაზმი, რომელიც აქციიდან რუსთაველის მეტროსკენ მიმავალ ადამიანებს უსაფუძვლოდ აკავებდა.
ორგანიზაციის თქმით, მთელი ღამის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ცხელ ხაზზე 51 დაკავებულის შესახებ შემოვიდა ინფორმაცია.
ორგანიზაციის თქმით, კვლავ ადგილი ჰქონდა აქტიური სპეციალური საშუალებების „უკანონო და არაპროპორციულ: გამოყენებას. კერძოდ, იყენებდნენ ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს, ასევე წიწაკის სპრეისაც.
ორგანიზაცია კიდევ ერთ ეპიზოდს ახსენებს, რომელმაც ქართულ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია. კერძოდ, 02:45 საათისთვის, მას შემდეგ, რაც საპოლიციო ძალებმა ოპერის მიმდებარე ტერიტორიიდან სხვა გასასვლელები დაიკავეს, აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიდან თარხნიშვილის ქუჩით სანაპიროსკენ გადაინაცვლეს, სადაც მათ უცნობი, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირები დაუპირისპირდნენ.
საია აცხადებს, რომ კადრებში კარგად ჩანს თავდამსხმელთა სახეები, შესაბამისად მათი იდენტიფიცირება მარტივადაა შესაძლებელი, თუმცა, „ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები და, ასევე, 2024 წლის აპრილ-მაისში ასეთი დანაშაულებრივი პრაქტიკის გამოყენება, გვარწმუნებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ფიზიკურ დაჯგუფებებთან ალიანსში მოქმედებენ“.
დაძაბულ ეპიზოდში, რომელიც რამდენიმე ოპოზიციურმა არხნა პირდაპირ ეთერში გადასცა, ჩანს სიტყვიერი და ფიზიკური შეხლა-შემოხლა აქციის მონაწილეებსა და რამდენიმე ადამიანს შორის, რომელთაგან სულ ცოტა ერთს მაინც ეკავა იარაღი, რაც მომენტალურად გამოჩნდა. პირები, რომლებთანაც დემონსტრანტები კამათობენ, იდენტიფიცირებულია, როგორც კრიმინალური ავტორიტეტი დავით მიქაძე, სავარაუდო კავშირებით აშშ-ის მიერ სანქცირებულ ყოფილ გენერალურ პროკურორთან ოთარ ფარსხალაძესთან და მის სავარაუდო დაცვასთან.
საია აცხადებს, რომ „მომიტინგეების დამაშინებელი ე.წ „ტიტუშკების რეიდი“ საქართველოში დაიწყო „რუსული კანონის“ წინააღმდეგ აქციების დროს, როდესაც უცნობი პირები ხვდებოდნენ აქციის მონაწილეებს, ორგანიზატორებს და მათი ოჯახის წევრებს სახლებთან ან ქუჩაში, სადაც მათ სასტიკად უსწორდებოდნენ, რასაც ასევე არ მოჰყოლია არანაირი რეაგირება სამართალდამცავი უწყებებისგან.
ორგანიზაციის თქმით, 6 დეკემბერს ასეთი პირები თავს დაესხნენ „პუბლიკას” ჟურნალისტს, მინდია გაბაძესაც.
„სამოქალაქო მოსახლეობის წინააღმდეგ სისტემური და ძალადობრივი რეპრესიები ადამიანურობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულად უნდა შეფასდეს, რაც სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის მიმართვის საფუძველი შეიძლება გახდეს“, – აცხადებს ორგანიზაცია.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)