საია: პროტესტის მეცხრე ღამეს აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა

2 weeks ago 8

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ ლეგიტიმური პროტესტის მეცხრე ღამეს აქციის დარბევა საპოლიციო ტერორის ახალ ეტაპზე გადავიდა

ასოციაციაში აცხადებენ, რომ მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა „შსს-ს მიერ ძალადობრივი მეთოდების გამოყენება“.

მათ შორის, ფიზიკური ანგარიშსწორება, მშვიდობიანი აქციის მონაწილეთა მიმართ მუქარა და გინება, ძალადობრივი უკანონო დაკავება, ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლა, ასევე, ფიზიკურ პირთა დაჯგუფებების ჩართულობა აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ.

„მიუხედავად იმისა, რომ 6-7 დეკემბერს აქცია მშვიდობიანი იყო, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყოველგვარი საფუძვლის გარეშე დაიწყო აქციის სრულმასშტაბიანი დარბევა (00:33 საათიდან). სპეცრაზმმა დაიკავა პარლამენტის წინა ტერიტორია (00:40 საათისთვის). ამ დროისთვისაც, საპოლიციო ძალები უსაფუძვლოდ და ძალადობრივად აკავებდნენ აქციის მონაწილეებს.

აღსანიშნავია, რომ, პარლამენტის წინ დარბევის დაწყების შემდგომ რესპუბლიკის მიედანზე ასევე განლაგდა სპეცრაზმი, რომელიც აქციიდან რუსთაველის მეტროსკენ მიმავალ ადამიანებს უსაფუძვლოდ აკავებდა.

მეთოდები - მეტროდან ამომავალ პირთა ჩხრეკა, აქციიდან წამოსული მშვიდობიანი ადამიანებისთვის ჩასაფრება - მიზნად ისახავდა მოქალაქების დაშინებას და მათთვის მშვიდობიანი შეკრების ადგილას მისასვლელად დაბრკოლებების შექმნას“, - წერია განცხადებაში.

საიას განცხადებით, აქციის დაშლისას კვლავ ადგილი ჰქონდა აქტიური სპეციალური საშუალებების უკანონო და არაპროპორციულ გამოყენებას.

საია წერს იმ ინციდენტზეც, რომელიც სანაპიროზე მოხდა:

„აქციის მონაწილეებს უცნობი, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებული პირები დაუპირისპირდნენ. კადრებში კარგად ჩანს თავდამსხმელთა სახეები, შესაბამისად მათი იდენტიფიცირება მარტივადაა შესაძლებელი, თუმცა, ბოლო დღეებში განვითარებული მოვლენები და, ასევე, 2024 წლის აპრილ-მაისში ასეთი დანაშაულებრივი პრაქტიკის გამოყენება, გვარწმუნებს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ფიზიკურ დაჯგუფებებთან ალიანსში მოქმედებენ“.

ამ ეპიზოდს სხვაგვარად ხედავს შინაგან საქმეთა სამინისტრო. 7 დეკემბრის დილას გავრცელებულ განცხადებაში, უწყება წერს:

„აქციის მონაწილეებმა, მოგვიანებით, რუსთაველის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით გადაინაცვლეს, რა დროსაც საავტომობილო გზაზე მოძრავ ავტომობილებს გადაადგილება შეუზღუდეს, ისინი კონფლიქტში შევიდნენ ავტომობილის მგზავრებთან, რომლებიც ერთ-ერთი დასაცავი პირის პირად დაცვას წარმოადგენდნენ“.

რადიო თავისუფლების ჟურნალისტი ადგილიდან იუწყებოდა, რომ სანაპიროზე გაჩერდა სამი შავი ფერის ტოიოტას ფირმის ავტომობილი, საიდანაც გადმოსული პირები დემონსტრანტებს დაუპირისპირდნენ.

მოგვიანებით ერთ-ერთმა მათგანმა ტერიტორია დატოვა - ბიზნესმენმა დავით მიქაძემ. სავარაუდოდ, მისი დაცვის წევრები ადგილზე დარჩნენ; დატოვეს ორი ავტომობილიც.

„მთავარი არხის“ კადრებში ჩანს ერთ-ერთი მათგანი მუშტმოღერებული როგორ უპირისპირდება დემონსტრაციის მონაწილეებს.

რადიო თავისუფლებას მიაწოდეს კადრები, სადაც ჩანს, ერთ-ერთი მათგანი როგორ კიდებს ხელს მუცელზე ჩამოკიდებულ, დაფარულ იარაღს, შემდეგ კი იღებს კიდეც. „გადით, ბიჭო, იქეთ“, - ყვირის იგი და დემონსტრანტებს აგინებს.

რამდენიმე წუთში ისინი ტერიტორიას გაეცალნენ.

6-7 დეკემბრის ღამეს პოლიციამ 48 ადამიანი დააკავა.

სრულად წაკითხვა