საკონსტიტუციო სარჩელის მიუხედავად, პარლამენტმა 150-ვე წევრის უფლებამოსილება ცნო

3 weeks ago 8

გადაკეტილი რუსეთაველის გამზირის, გაძლიერებული უსაფრთხოების ზომების, მობილიზებული პოლიციის, სპეცრაზმისა და საპროტესტო აქციის ფონზე, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტმა მუშაობა დაიწყო.

ახალი პარლამენტის პირველ სხდომას, არცერთი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიის წევრი და პრეზიდენტი არ დასწრებია. ოპოზიციას მიაჩნია, რომ არჩევნები გაყალბდა და მანდატებზე უარის თქმას გეგმავენ. „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პირველმა მიმართა პარლამენტს თავისი მანდატის გაუქმების შესახებ. განცხადება გიორგი ვაშაძემ პარლამენტის წინ, საპროტესტო აქციაზე გააკეთა.

პირველივე სხდომაზე, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის თავმდჯომარე, მისი მოადგილეები და კომიტეტების თავმჯდომარეები დაამტკიცა. მე-11 მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე კვლავ შალვა პაპუაშვილი იქნება, მის მოადგილეებად, პარლამენტმა, გია ვოლსკი, თეა წულუკიანი და ნინო წილოსანი დაამტკიცა. დღესვე, „ქართული ოცნების“ ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობაზე მამუკა მდინარაძე აირჩიეს.

„შავი ორშაბათი“

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოში არჩევნები გაყალბდა და „რუსული სპეცოპერაციის“ შედეგად, არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს, საქართველოს პარლამენტის სხდომას არ დასწრებია. პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა არც ახალი პარლამენტის სხდომა მოიწვია. მეტიც, ის ფიქრობს, რომ ახალი პარლამენტი არალეგიტიმურია.

"„შავი ორშაბათი“ საქართველოში: პოლიცია და სპეცრაზმი იცავს კარს, რომლის მიღმაც „ქართული ოცნების“ მონები კლავენ ჩვენს კონსტიტუციას და დასცინიან ჩვენს პარლამენტს“, - წერს პრეზიდენტი სოციალურ ქსელ “ექსში”.

საკონსტიტუციო დავა

საქართველოს პარლამენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებით, სალომე ზურაბიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში დაობს და ორი კონსტიტუციური უფლების, ხმის ფარულობისა და არჩევნების საყოველთაობის დარღვევას ასაჩივრებს. ზურაბიშვილთან ერთად, საკონსტიტუციო სარჩელს ხელს აწერს 30 დეპუტატიც.

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე მერაბ ტურავა, დღეს, პარლამენტში გამართულ სხდომას არ ესწრებოდა. საკონსიტუტციო სასამართოში „რადიო თავისუფლებას“ უთხრეს, რომ ტურავა ბათუმში იმყოფება და სხვა მოსამართლეებთან ერთად მუშაობს, რათა განიხილოს პრეზიდენტ ზურაბიშვილის წარდგენილი სარჩელი.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მიხედვით, დეპუტატის მანდატი არ გადაეცემა იმ პოლიტიკოსს, რომლის არჩევის საკითხიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.

ახალი პარლამენტის პირველ სხდომაზე, არ იყვნენ მიწვეულნი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, სხდომას არ ესწრებოდა პატრიარქის თანამოსაყდრე, მეუფე შიოც.

სხდომას ესწრებოდნენ პარტია „ქართული ოცნების“ და „ხალხის ძალის“ წევრები, ასევე, საქართველოს მთავრობის მოქმედი შემადგენლობა პრემიერ-მინისტრთან ერთად. სხდომას ესწრებოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე“ ბიძინა ივანიშვილი.

„ქართული ოცნების“ მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მანდატებზე „ქართული ოცნებიდან“ უარს იტყვიან: ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი ღარიბაშვილი და ირაკლი კობახიძე.

„ეს ადამიანები, როგორც ჩემთვის ცნობილია და ეს არ არის, მე მგონი, დასამალი - ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი [ღარიბაშვილი], ირაკლი [კობახიძე] - პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ. ისინი არიან ჩვენი პარტიის ხელმძღვანელები - საპატიო თავმჯდომარე, პოლიტიკური მდივანი, თავმჯდომარე და ისინი საპარლამენტო სიაში იყვნენ, როგორც ეს წესია, ფორმალურად, რეალურად და ისინი ტოვებენ საპარლამენტო მანდატებს. მიმართავენ ძალიან მალე“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მთავრობის ახალი შემადგენლობა

კობახიძე, რომელიც მოქმედი პრემიერ-მინისტრია თანამდებობას კვლავ შეინარჩუნებს. დღეს მან, პარლამენტის სხდომამდე 2 საათით ადრე, მთავრობის ახალი შემადგენლობა წარადგინა.

პარლამენტი მთავრობის ახალ შემადგენლობას უახლოეს დღეებში განიხილავს და დაამტკიცებს. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მაკა ბოჭორიშვილია წარდგენილი, ეკონომიკის მინისტრის პოსტზე დავით სონღულაშვილი, ხოლო იუსტიციის მინისტრის პოსტზე ანრი ოხანაშვილი.

ახალი პრეზიდენტი

საქართველოს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტი, როგორც დღეს გახდა ცნობილი, 2024 წლის ბოლომდე აირჩევს ახალ პრეზიდენტსაც. ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს პრეზიდენტს საქართველოს მოქალაქეები პირდაპირი წესით არ აირჩევენ. პრეზიდენტს აირჩევენ ხმოსნები, რომლებიც ხელისუფლების სხვადასხვა შტოდან იქნებიან შერჩეულები. „ქართულ ოცნებაში“ განმარტავენ, რომ საქართველოს ახალი პრეზიდენტი დეკემბერში ეყოლება. ზუსტი თარიღი, ამ დროისთვის, ცნობილი არ არის.

პროტესტი "გაყალბებულ არჩევნებს"

საქართველოს პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქცია მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობს. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ისინი არ აღიარებენ არჩევნების შედეგებს და არ ცნობენ პარლამეტნტის ახალ შემადგენლობას. აქციის მონაწილეთა ნაწილმა ღამე პარლამეტნის შენობის წინ გაათენა. გაშლილია კარვები. აქციის მონაწილეთა გეგმები ამ დროისთვის ცნობილი არ არის.

სრულად წაკითხვა