საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმმა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე ხუთწლიანი ვადით მოსამართლე რევაზ ნადარაია აირჩია. 45 წლის ნადარაია ამ თანამდებობაზე მერაბ ტურავას შეცვლის.
ნადარაია მანამდე ფოთის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ (2012-2016 წწ.) და თბილისის საქალაქო სასამართლოში (2016-2017) და თბილისის სააპელაციო სასამართლოში (2017-2021) მოსამართლედ მუშაობდა. იგი ასევე იყო იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი 2017 წლიდან 2020 წლამდე და საპროკურორო საბჭოში 2019 წლიდან მუშაობდა.
2021 წლის 12 ივლისს ნადარაია, ხუთ სხვა მოსამართლესთან ერთად, უვადოდ დაინიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ. დანიშვნებს მწვავე საერთაშორისო კრიტიკა მოყვა, რადგან ამით დაირღვა ევროკავშირის შუამავლობით 19 აპრილის მიღწეული შეთანხმება, რომელიც სასამართლო რეფორმის განხორციელებას ისახავდა მიზნად. ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოების რამდენიმე ორგანიზაციამ, ასევე სახალხო დამცველის აპარატმა, ბოიკოტი გამოუცხადეს პროცესს და ამის მიზეზად სისტემური ხარვეზები და გამჭვირვალობის ნაკლებობა დაასახელეს.
ნადარაია საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ 2025 წლის 3 აპრილს დაინიშნა. მის ფიცის დადების ცერემონიას აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ოფიციალური პირები და „ქართული ოცნების“ არჩეული პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ესწრებოდნენ. ყაველაშვილის თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ნადარაია „ამ საპასუხისმგებლო და უმნიშვნელოვანეს საქმეს თავს წარმატებით გაართმევს“.
საკონსტიტუციო სასამართლო, როგორც მიიჩნევა, „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშაა. მის რამდენიმე წევრს სანქცია აქვს დაკისრებული.
2024 წლის 26 ოქტომბრის სადავო საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 2024 წლის 3 დეკემბერს არ დააკმაყოფილა პრეზიდენტ ზურაბიშვილისა და 30-ზე მეტი ყოფილი ოპოზიციონერი დეპუტატის საჩივარი, რომლებიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კონსტიტუციურობას აპროტესტებდნენ.
2024 წლის ოქტომბერში საკონსტიტუციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელეების მოთხოვნა, რომელიც საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მოქმედების შეჩერებას ეხებოდა.
იმავე თვეში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელის შეტანის შემდეგ, სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის უცხოური ვიზიტები მთავრობის თანხმობის გარეშე კონსტიტუციის დარღვევას წარმოადგენდა.
2022 წელს საკონსტიტუციო სასამართლომ მხარი დაუჭირა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების კიდევ ერთ სადავო ნაბიჯს, რის შედეგადაც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური გაუქმდა. სასამართლომ უარი განაცხადა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმების შესახებ კანონის შეჩერებაზე.
This post is also available in: English (ინგლისური)