WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში არსებული ორი ვაკანტური ადგილი ახალმა მოსამართლეებმა – გოგა კიკილაშვილმა და სერგო მეთოფიშვილმა –  დაიკავეს. ამ დანიშვნებმა გააჩინა შიში, რომ სასამართლო, რომელსაც ხშირად ხელისუფლებისადმი ლოიალობაში ადანაშაულებდნენ, ახლა უკვე თითქმის სრულად მმართველი პარტიის ერთგული ადამიანებით დაკომპლექტდება.

კიკილაშვილი „ქართული ოცნების“ მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა, მიხეილ კაველაშვილმა დანიშნა, ხოლო მეთოფიშვილი უზენაესი სასამართლოს პლენუმმა შეარჩია. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ცხრა მოსამართლიდან სამს პრეზიდენტი ნიშნავს, სამს პარლამენტი ირჩევს სრული შემადგენლობის არანაკლებ სამი მეხუთედით, ხოლო დანარჩენ სამს უზენაესი სასამართლო ნიშნავს. მოსამართლეები 10-წლიანი ვადით ინიშნებიან.

37 წლის კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძეს შეცვლის, რომელსაც 10-წლიანი უფლებამოსილების ვადა 2 ოქტომბერს ეწურება. კვერენჩხილაძე იმ მცირერიცხოვან მოსამართლეთა რიგებში იყო, რომლებიც გამოირჩეოდნენ განსხვავებული აზრის დაფიქსირებით ისეთ გადაწყვეტილებებში, რომლებიც, როგორც წესი, მმართველი პარტიის ინტერესებს ემსახურებოდა. უახლოეს თვეებში უფლებამოსილების ვადა ეწურება კიდევ ერთ მოსამართლეს, თეიმურაზ ტუღუშს, რომელიც ასევე ცნობილი იყო მსგავსი განსხვავებული პოზიციებით, ხოლო კიდევ ერთმა მოსამართლემ, ირინე იმერლიშვილმა, სასამართლო გასულ წელს ვადაზე ადრე დატოვა.

ახლად დანიშნული კიკილაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ხვიჩა კიკილაშვილის შვილია. ეს უკანასკნელი აღნიშნულ თანამდებობაზე უზენაესი სასამართლოს პლენუმმა 2020 წლის აპრილში დანიშნა, თუმცა მან თანამდებობა 2025 წელს დატოვა. ხვიჩა კიკილაშვილი იმ ექვს მოსამართლეს შორის იყო, რომლებმაც მხარი დაუჭირეს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც ყოფილმა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

გოგა კიკილაშვილი საქართველოს რამდენიმე უნივერსიტეტში მოწვეული ლექტორი იყო, 2023 წლის ოქტომბრიდან კი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრია.

მეორე დანიშნული მოსამართლე 65 წლის სერგო მეთოფიშვილია, რომელიც 2016 წლიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ, ხოლო 2025 წლის ივლისიდან თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლედ მუშაობდა. მანამდე ის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას ხელმძღვანელობდა, მოგვიანებით კი — საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიას.

ოპონენტები მეთოფიშვილს დიდი ხანია საქართველოს „სასამართლო კლანის“ წევრად მიიჩნევენ.

ახალ დანიშვნებს ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების კრიტიკა მოყვა.

ოპოზიციური პარტია „ახალის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ კიკილაშვილის დანიშვნა პირდაპირ დაუკავშირა საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე იმ საქმეს, რომელიც ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითვალისწინებს.

„მალე ის [გოგა კიკილაშვილი] საქართველოს ყველა ძირითადი ოპოზიციური პარტიის გაუქმების საქმეს განიხილავს და, რა თქმა უნდა, მამას არ შეარცხვენს“, – წერს გვარამია „ფეისბუქზე“.

გვარამიამ მეთოფიშვილის დანიშვნაც გააკრიტიკა და განაცხადა: „საკონსტიტუციო სასამართლოს ოკუპაცია დასრულებიულია: უზენაესმა სასამართლომ დღეს ბოლო ვაკანსია შეავსო და  მოსამართლედ კლანის ერთერთი ყველაზე ოდიოზური ზონდერი – სერგო მეთოფიშვილი დანიშნა. დამიჯერეთ, ამაზე უარესის პოვნა იმ კლანშიც კი გაგიჭირდებათ“.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ, ასევე გააკრიტიკა მეთოფიშვილის დანიშვნა და განაცხადა, რომ „საკონსტიტუციო სასამართლოდან მალე მოსამართლის განსხვავებული აზრებიც აღარ დაიწერება“.

This post is also available in: English