სალომე ზურაბიშვილი BBC-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ მას იცავს  ქუჩაში გამოსული ხალხი

3 weeks ago 11

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუ მისცა ტელეკომპანია BBC-ს, რომელშიც განაცხადა, რომ ის რჩება პრეზიდენტის პოსტზე, რადგან ქვეყანას ახლა სჭირდება სტაბილურობა.

ზურაბიშვილის სიტყვებით, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში, პრეზიდენტის ინსტიტუტის გარდა, არ დარჩა არცერთი სხვა დამოუკიდებელი ინსტიტუტი.

„ყველა სხვა ინსტიტუტში ერთპარტიული მმართველობა ბატონობს, პარტიაში კი ერთკაციანი მმართველობა“, - ამბობს საქართველოს პრეზიდენტი.

სალომე ზურაბიშვილი ბრიტანულ მედიასთან ინტერვიუში შენიშნავს, რომ ქუჩის პროტესტს ყოველდღიურად ემატება მხარდამჭერები და მისი თქმით, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი და უჩვეულო ის რის, რომ ადამიანები ტოვებენ საჯარო სამსახურებს სამინისტროებსა და სხვადასხვა ინსტიტუტებში.

„საქართველოსთვის ახალია ისიც, რომ სპონტანური საპროტესტო აქციები იმართება ყველა ქალაქში, რადგან ჩვეულებრივ, პროტესტის ნებისმიერი ფორმის ცენტრი თბილისი იყო ხოლმე“.

საქართველოს პრეზიდენტი დღეს ქვეყანაში არსებულ ვითარებას უწოდებს „ღრმა კრიზისს“ და BBC-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ პოლიტიკური პარტიები არ შევლენ პარლამენტში და რომ ახლა ქვეყანას ყველაზე მეტად სტაბილურობა სჭირდება:

„მე ვთავაზობ ამ სტაბილურობას გარდამავალი პერიოდისთვის, რადგან რასაც ხალხი ქუჩაში ითხოვს და რის გამოც პროტესტს გამოხატავს, არის ახალი არჩევნების მოთხოვნა, რათა ეს ქვეყანა აღდგეს ევროპულ გზაზე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილს ჟურნალისტმა ჰკითხა, გრძნობს თუ არა თავს დაცულად და ხომ არ ფიქრობს, რომ მას ელის დაპატიმრება, რაზეც პრეზიდენტმა უპასუხა, რომ მას ხალხი იცავს:

„მე მიცავს ქუჩაში გამოსული ხალხი. მიმაჩნია, რომ დღეს მმართველი პარტია ძალიან იზოლირებულია და ის კიდევ უფრო მოექცევა იზოლაციაში. იმედი მაქვს, ისინი ამას შეეგუებიან, რომ ჩვენ ამ გარდამავალ პერიოდში უნდა მივიდეთ ხელახალ არჩევნებამდე, რაც არ ნიშნავს, რომ ისინი სრულად წავლენ ხელისუფლებიდან, ისინი დარჩებიან იმ დოზით, რამდენადაც თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები მისცემს მათ მანდატებს პარლამენტში“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

30 ნოემბერს, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ის იქნება პოლიტიკური პროცესის სათავეში, რომელმაც ქვეყანა "ახალ საქართველომდე" და ახალ არჩევნებამდე უნდა მიიყვანოს. პრეზიდენტის თქმით, ეროვნული თანხმობა ყველა სივრცეში ფართოვდება და თვითონ აპირებს პრეზიდენტის ვალდებულება შეასრულოს იმ ვადამდე, სანამ ახალი, ლეგიტიმური პარლამენტი არ შეიკრიბება და შემდეგ არ აირჩევა ახალი პრეზიდენტი.

ბოლო სამი ღამის განმავლობაში თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე აქცია იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბერს გაკეთებული განცხადების გამო. „ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

სრულად წაკითხვა