სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, რატომ ახსენა „სომხური კარუსელი“ არჩევნების გაყალბებაზე საუბრის დროს

2 weeks ago 5

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში განმარტა, რატომ ახსენა „სომხური კარუსელი“ არჩევნებზე გაყალბებაზე საუბრის დროს. მისი თქმით, ეს სიტყვათა შეთანხმება ეთნიკური ნიშნით არ გამოუყენებია.

„მინდა ვუთხრა ჩვენს მეზობელ სომხებს, სადაც ასევე ტრიალებს რუსული პროპაგანდა, არანაირი ეთნიკური ნიშანი არ ჰქონდა „სომხურ კარუსელს“. ეს არის ტერმინი, რომელიც მე მოვისმინე მაშინ, როცა პირველად ჩამოვედი საქართველოში, შევარდნაძის პერიოდი იყო. ასევე ტარდებოდა სააკაშვილის პერიოდში და მე თუ არ ვცდები, ამას სომხეთში ეძახიან „ქართულ კარუსელს“. ეთნიკური მომენტი სულ არ არის ამაში“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

მისი თქმით, უამრავი მტკიცებულება არსებობს, რითაც დასტურდება, რომ საქართველში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები გაყალბდა:

„უამრავი მტკიცებულებაა [გაყალბების შესახებ]... ახალი კარუსელი, რომელიც აღარ არის არც „სომხური“ და არც „ქართული“, არის ახალი კარუსელი, რომლის დროსაც გამოიყენეს ელექტრონული [მოწყობილობები]. ეს არის დადასტურებული...“

„სომხური კარუსელით“ არჩევნების გაყალბებაზე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა Associated Press-თან 29 ოქტომბერს ისაუბრა.

„ჩვენ აქ ამას „სომხურ კარუსელს“ ვეძახით, არ ვიცი, ისინი „ქართულ კარუსელს“ ეძახიან თუ არა“, - თქვა პრეზიდენტმა და განაგრძო, - „რაც ნიშნავს, რომ არჩევნებამდე გარკვეული დროის წინ, მათ დაიწყეს პირადობის მოწმობების ჩამორთმევა სოციალურად დაუცველი პირებისთვის, პატიმრების ოჯახებისთვის სხვადასხვა პრეტექსტით, ვერავინ იგებდა, რატომ აკეთებდნენ ამას“, - თქვა სალომე ზურაბიშვილმა ინტერვიუში.

ამ განცხადების გამო პრეზიდენტი არმენოფობიაში დაადანაშაულეს. ამ საკითხს ტვიტერზე Armenophobia.org-ი გამოეხმაურა: „მკაცრად ვგმობთ პრეზიდენტის განხეთქილების გამომწვევ სიტყვებს, როცა ის არჩევნების გაყალბებას „სომხურ კარუსელს“ უწოდებს. ასეთი სტერეოტიპებით განპირობებული რიტორიკა უსაფუძვლოა, აძლიერებს არმენოფობიას და საფრთხეს უქმნის რეგიონულ ერთობას“...

სრულად წაკითხვა