სალომე ზურაბიშვილი: მაკკეინის ინსტიტუტის სტიპენდიით ქართულ თემატიკაზე პროექტი განხორციელდება

10 hours ago 1

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, დღეს 9 იანვარს ახალ ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა არიზონის სახელმწიფო უნივერსიტეტის (ASU) მაკკეინის ინსტიტუტის მიერ 2025 წლის კისინჯერის სტიპენდიატად დასახელებას. მისი თქმით, ეს არის ჯილდო, რომლითაც განხორციელდება პროექტი.

"ეს არ არის სტიპენდია, ეს არის ჯილდო. მეორე მხრივ, ეს არის დაფინანსება პროექტის, რომელიც გვაძლევს საშუალებას, რომ ქართულ თემატიკაზე დაიწეროს პროექტი, რაზეც ჩვენ დავიწყებთ მუშაობს", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სტიპენდიანტად დასახელებისას მაკკეინის ინსტიტუტში განაცხადეს, რომ "ამ სტიპენდიის ფარგლებში, პრეზიდენტი ზურაბიშვილი გამოიყენებს თავის უზარმაზარ დიპლომატიურ, ლიდერულ და პოლიტიკის შემუშავების გამოცდილებას ახალი არჩევნებისა და დემოკრატიული გზის გასატარებლად მის ქვეყანაში“.

„სალომე ზურაბიშვილმა მხარდაჭერა გამოუცხადა თავის ქვეყანაში დემოკრატიულ მოძრაობას და შეუერთდა საპროტესტო მოძრაობას, 14 დეკემბერს პარლამენტმა, რომელიც უკანონოდ შეიკრიბა არჩევნების გაყალბების გახმაურებული შემთხვევების გამო და პრეზიდენტის მხარდაჭერის გარეშე, მონაწილეობა მიიღო ახალი პრეზიდენტის, ანტიდასავლური რიტორიკით ცნობილი ფეხბურთელის, მიხეილ ყაველაშვილის არჩევაში. მან თანამდებობა 29 დეკემბერს დაიკავა. დემოკრატიის აქტივისტებმა ეს პროცესი უკანონოდ გამოაცხადეს და პროტესტი განაგრძეს. ზურაბიშვილმა უარი თქვა გადადგომაზე და აღწერს თავისი ქვეყნის უკანონო ხელში ჩაგდებას. მაკკეინისა და კისინჯერის მსგავსად, ის განასახიერებს სახელმწიფოს მტკიცე მართვასა და თავისი ქვეყნის დემოკრატიული ღირებულებების დაცვას. სენატორი მაკკეინი სოლიდარობას უცხადებდა ქართველებს 2008 წელს რუსეთის ინტერვენციის დროს. როგორც კისინჯერის სტიპენდიატი, ზურაბიშვილი გააგრძელებს პრინციპული, სტრატეგიული ლიდერობის ტრადიციას მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან დემოკრატიულ ბრძოლის ველზე“.

სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ არის ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი, არ ცნობს მიხეილ ყაველაშვილის, როგორც საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ლეგიტიმურობას, ისევე როგორც ოპოზიციური პარტიები, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ეჭვქვეშ აყენებს საერთაშორისო პარტნიორების დიდი ნაწილი.

სრულად წაკითხვა