სალომე ზურაბიშვილმა აქციას მიმართა: ახალი არჩევნების თარიღი 29 დეკემბრამდე უნდა შეთანხმდეს

5 hours ago 2

22 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე აქციაზე მივიდა და მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

„ვრჩები ერთგული იმ ქვეყნის, იმ კონსტიტუციის, რომლის წინაშე დავდე ფიცი 6 წლის წინ. ეს კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო. მე შეიძლება მხოლოდ გავაგრძელო და ვიყო მისი ერთგული. მე ვარ და ვიქნები ერთგული ამ ხალხის, რომელიც აქ დგას, მაგრამ არა მხოლოდ ამ ხალხის, რომელიც აქ დგას, არავინ ჩათვალოს, რომ მე არ ვარ ყველას პრეზიდენტი. ვარ და ვიქნები!“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ პრეზიდენტის სასახლეში იწვევს ბიძინა ივანიშვილს, რათა ერთად მოიფიქრონ ახალი საპარლამენტო არჩევნების თარიღი. „მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი და მე მზად ვარ დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები. არჩევნების რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29 რიცხვამდე“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

„მართალია თქვენ აქ „რაღაც 300 კაცი ხართ“..., მართალია რომ ჩვენ დაგვიპატიმრეს სცენა თუ მიკროფონები. მართალია, რომ მე გისოსების უკან მალე ყოფნას დამპირდნენ, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია? არ გვეშინია, რადგან აქ მხოლოდ სიყვარული სუფევს. ვინც ამბობს, რომ აქ იბადება ვინმესთან დაპირისპირება, ეს კიდევ ერთი ტყუილია ბევრ ტყუილთან შორის. აქ სუფევს მხოლოდ მშვიდობა, სიყვარული და თავისუფლება“ - თქვა სალომე ზურაბიშვილმა.

სიტყვით გამოსვლას თან ახლდა ტექნიკური პრობლემები, ამიტომ პრეზიდენტს მეგაფონის მეშვეობით მოუწია ლაპარაკის გაგრძელება. გამოსვლის ბოლოს მან თქვა, რომ ხვალ ამ მიმართვის ჩანაწერსაც გაავრცელებს, რათა ის ყველა მსურველმა მოისმინოს. "ხვალ საღამოს სასახლიდან ჩავწერ სრულ სიტყვას, რადგან, როგორც ჩანს აქ სცენაც დაგვიპატიმრეს და ხმაც დაგვიპატიმრეს" - ასე დაასრულა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვა.

სრულად წაკითხვა