სპეციალური პენიტენციური სამსახურის მზია ამაღლობელის მიერ შიმშილობის დაწყებიდან მე-16 დღეს ავრცელებს პირველ განცხადებას მის შესახებ.
განცხადებაში არ არის მითითებული ინფორმაცია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და არც მკურნალობის შესახებაა ინფორმაცია დაზუსტებული.
- როგორც მისი მეგობრები და კოლეგები ამბობენ, მას აქვს რამდენიმე სახის ქრონიკული დაავადება;
- საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება;
- ის მე-16 დღეა, შიმშილობს და უარს ამბობს შიმშილობის შეწყვეტაზე;
- 300-ზე მეტი ჟურნალისტი, - არაერთ საერთაშორისო უფლებადამცველ და პრესის საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციასთან ერთად, - მის გათავისუფლებას ითხოვს.
რას წერს პენიტენციური უწყება
პენიტენციური სამსახური 27 იანვარს, 16:15 საათისთვის ფეისბუკზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ ის „ეხმიანება ცალკეული პოლიტიკური ჯგუფებისა და მედიასაშუალებების მიერ გავრცელებულ ცილისმწამებლურ ინფორმაციას“.
უწყება ამაღლობელს არა სრული სახელითა და გვარით, არამედ მხოლოდ ინიციალებით მოიხსენიებს და ამბობს, რომ „ცილისმწამებლურია“ ინფორმაცია, „თითქოს ბრალდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა საფრთხეშია და მის ჯანმრთელობაზე არ ზრუნავს პენიტენციური სამსახური“.
უწყების თანახმად, მზია ამაღლობელი „უზრუნველყოფილია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის ადეკვატური სამედიცინო მომსახურებით“ და „უწყვეტად მიეწოდება კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება“.
განცხადებაში არ არის დაზუსტებული, რა არის „ადეკვატური სამედიცინო მომსახურება“ და „ყველა საჭირო სამედიცინო მომსახურება“, - ან რაიმე ტიპის ჩარევა გახდა თუ არა საჭირო მკურნალობისას.
უწყების განცხადებაში ვკითხულობთ, რომ ამაღლობელი:
- „იმყოფება სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ“ და
- „მისივე ინტერესებიდან გამომდინარე, მყისიერი რეაგირებისთვის მოთავსებულია ვიდეომეთვალყურეობის სისტემით აღჭურვილ საკანში“.
პენიტენციური სამსახურის თანახმად, მზია ამაღლობელის „საცხოვრებელი პირობები სრულად შეესაბამება პენიტენციური კოდექსით განსაზღვრულ სტანდარტებს“.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და დაუყოვნებლივი მოქმედებაა საჭირო. ამაღლობელი მეთექვსმეტე დღეა შიმშილობს.
„უკანონო პატიმრობაში მყოფი “ბათუმელებისა” და „ნეთგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი უკვე მეთექვსმეტე დღეა შიმშილობს. აუცილებელია დაუყოვნებელი მოქმედება“, - წერს ორგანიზაცია 27 იანვარს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
27 იანვარსვე, „ქართული ოცნების“ მთავრობის ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ არ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვებს მოშიმშილე მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.