სამი ოპოზიციური პარტია ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს ხვდება - „კოალიცია ცვლილებისთვის“ უარს ამბობს

3 days ago 2

19 დეკემბერს ოპოზიციური პარტიების ლიდერები ცალ-ცალკე ხვდებიან თბილისში ვიზიტად მყოფ ალან ბერსეს, ევროსაბჭოს გენერალურ მდივანს. მასთან შეხვედრაზე უარს ამბობენ ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის, „კოალიცია ცვლილებისთვის“, წარმომადგენლები.

ალან ბერსეს უკვე შეხვდნენ „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები გიორგი ვაშაძე და თინა ბოკუჩავა, ასევე „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები.

„ღია და კონსტრუქციული გაცვლა-გამოცვლა მქონდა ოპოზიციურ პარტია „ერთიანობა - ნაციონალურ მოძრაობასთან“. აუცილებელი დისკუსია იყო მათი მოთხოვნების მოსასმენად და საქართველოში არსებული დემოკრატიული გამოწვევების გადასაჭრელად“, - დაწერა ბერსემ ერთ-ერთი შეხვედრის შემდეგ პლატფორმა X-ზე.

„ძლიერ საქართველოსთან“ შეხვედრის შემდეგ კი დაწერა: „მნიშვნელოვანი დისკუსია ოპოზიციურ პარტიასთან, „ძლიერ საქართველოსთან“, მათი პერსპექტივების მოსასმენად და აზრების გასაცვლელად საქართველოში არსებულ გამოწვევებთან დაკავშირებით. დიალოგი აუცილებელია“.

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ ბერსესთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს უთხრა: „ის [ალან ბერსე] აქ არის არა „ქართული ოცნების“ ლეგიტიმაციისთვის, [არამედ] მან ხაზგასმით თქვა, - იმის გამო, რომ 25 წელია, საქართველო ევროპული საბჭოს [ევროსაბჭოს - რ.თ.] წევრია და ეს ორგანიზაცია კონცენტრირებულია ადამიანის უფლებების დაცვაზე“.

დღის განმავლობაში დაგეგმილია შეხვედრა პარტიის, „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერებთან.

ალან ბერსესთან შეხვედრაზე უარს აცხადებენ მეოთხე ოპოზიციური პარტიის, - ნიკა გვარამიასა და ნიკა მელიას „კოალიცია ცვლილებისთვის“, - წარმომადგენლები.

პარტიამ წინა საღამოს განმარტა, რომ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის თბილისში ვიზიტს „ქართული ოცნება“ იყენებს „პროპაგანდისტული და დეზინფორმაციული მიზნებით“.

„დარწმუნებულნი ვართ, ევროსაბჭოს გენერალური მდივნის ვიზიტი მნიშვნელოვანი იქნება საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული უმძიმესი მდგომარეობის გაუმჯობესების, განსაკუთრებით პოლიტიკურ ტყვეებად ქცეული ჩვენი თანამოქალაქეების განთავისუფლების თვალსაზრისით“, - დაწერა "კოალიციამ“ 18 დეკემბერს.

19 დეკემბერს კი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ დააზუსტა, რატომ არ მიდის შეხვედრაზე:

  1. „ევროსაბჭო არაა ქვეყანა, ორგანიზაციაა და არანაირ აღიარებასთან კავშირი არ აქვსს. წევრები ვართ მანდ. „ოცნება“ იყენებს პროპაგანდაში და სამწუხაროა, რომ ამის საშუალება მისცეს;
  2. მათი მთავარი მანდატი ადამიანის უუფლებებია. პოლიტპატიმრებთან არმისვლა, ციხეში არ შესვლა ამ მომენტში მათ მეორე დიდ შეცდომად მიმაჩნია“, - დაწერა ელენე ხოშტარიამ ფეისბუკზე.

მოგვიანებით მსგავსი განმარტება გააკეთა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემაც.

გუშინ, 18 დეკემბერს, ალან ბერსე შეხვდა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს, თუმცა შეხვედრის შემდეგ ამის შესახებ X-ზე არ დაუწერია.

ევროსაბჭოს გენერალური მდივანი საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს, ასევე პრემიერ ირაკლი კობახიძეს, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილს, ომბუდსმენ ლევან იოსელიანსა და საერთაშორისო საზოგადოების წარმომადგენლებს.

მისი ვიზიტი 21 დეკემბრამდე გრძელდება.

სრულად წაკითხვა