სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ MH17-ის ჩამოგდებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა

3 hours ago 4

სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO-ს, გაეროს სპეციალიზებული სააგენტოს) საბჭომ დღეს დაასკვნა, რომ 11 წლის წინ დონეცკის ოლქში ავიაკომპანია „მალაიზიის ავიახაზების“ კუთვნილი რეისის ჩამოგდებაზე პასუხისმგებელი რუსეთის ფედერაციაა.

ავიაკომპანია „მალაიზიის ავიახაზების“ Boeing-ი 2014 წლის 17 ივნისს რეისს (MH17) ასრულებდა ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურში.

რეისი ჩამოვარდა აღმოსავლეთ უკრაინაში, დონეცკის ოლქის აღმოსავლეთ ნაწილში, უკრაინის არმიისა და პრორუსული სეპარატისტული დაჯგუფებების დაპირისპირების ზონაში.

დაიღუპა თვითმფრინავში მყოფი 298-ვე ადამიანი. მსხვერპლთა ნათესავები დიდი ხანია ითხოვენ რუსეთის დამნაშავედ აღიარებას.

მათ პოზიციას მხარს უჭერს ნიდერლანდის მთავრობა.

ნიდერლანდებმა და ავსტრალიამ 2022 წელს ICAO-ში წამოიწყეს ამ საკითხის განხილვა და რუსეთის პასუხისმგებლად ცნობას ითხოვდნენ. 3-წლიანი განხილვის შემდეგ, ICAO-ს საბჭომ სწორედ ეს გადაწყვეტილება მიიღო.

ნიდერლანდების მთავრობის ცნობით, მიმდინარე კვირაში სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის საბჭო გადაწყვეტს, „თუ რა სახის რეპარაციის გადახდა დაეკისრება რუსეთის ფედერაციას“.

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა კასპარ ველდკამპმა ამ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ კმაყოფილება გამოხატა და თქვა:

„ეს ვერ მოუხსნის [დაღუპულთა ოჯახებს] მწუხარებასა და ტკივილს, მაგრამ ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი ნაბიჯია სიმართლის დადგენისა და MH17 რეისის ყველა მსხვერპლისთვის, მათი ოჯახებისა და ახლობლებისთვის სამართლიანობისა და პასუხისმგებლობის მიღწევისკენ“.

„ეს გადაწყვეტილება მკაფიო გზავნილს უგზავნის საერთაშორისო საზოგადოებას: სახელმწიფოებს არ შეუძლიათ საერთაშორისო სამართლის დარღვევა დაუსჯელად“, - განაცხადა ველდკამპმა.

2025 წლის თებერვლის ბოლოს MH17-ის დაღუპული მგზავრების ნათესავებმა დახმარების თხოვნით მიმართეს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენს - ისინი ითხოვდნენ, რომ არ დაიდოს სამშვიდობო შეთანხმება რუსეთთან, ვიდრე მოსკოვი არ აიღებს პასუხისმგებლობას 2014 წელს მომხდარ ავიაკატასტროფაზე.

სრულად წაკითხვა