სამოქალაქო საზოგადოების ფონდი პოლიციას ძალადობის სასწრაფოდ შეწყვეტისკენ მოუწოდებს

2 weeks ago 12

სამოქალაქო საზოგადოების ფონდი გმობს პოლიციის მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ ჩადენილ ძალადობრივ ქმედებებს და უფლებების დარღვევას. ფონდის განცხადებაში საუბარია ძალადობის რიგ შემთხვევებზე, მათ შორის საპოლიციო ძალების არაპროპორციულ მობილიზებასა და ძალადობის პროვოცირების მცდელობებზე. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „გამოყენებული იყო არა უბრალოდ „არაპროპორციული“, არამედ კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით დადგენილ ელემენტარულ სტანდარტებთან სრულიად შეუთავსებელი და არაფრით გამართლებული ძალა“, მათ შორის აშშ-ის მიერ სანქცირებული, სისასტიკით ცნობილი ზვიად ხარაზიშვილის დაქვემდებარებაში მყოფი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ძალები.  

ფონდი აღნიშნავს, რომ პოლიციელთა მხრიდან ასეთი მოპყრობა აღწევს „სისასტიკის იმ ზღვარს, რაც შეესაბამება საქართველოს  სისხლის სამართლის კოდექსის 1443 მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს – არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას, რასაც კრძალავს საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლი. პოლიციელთა მხრიდან დემონსტრანტების მიმართ სიცოცხლისთვის საშიში მოპყრობა ასევე არღვევს საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლს და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლს“.

ორგანიზაცია აკრიტიკებს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პროკურატურის უმოქმედობას, რომელთაც ძალადობაში დამნაშავეები პასუხისგებაში არ მისცეს.

ფონდი სასწრაფო ზომების მიღებისკენ მოუწოდებს, მათ შორის ითხოვს, რომ შეწყდეს პოლიციის ძალადობა მომიტინგეების მიმართ, გამოვლინდნენ უკანონო ქმედებებში ჩართული ოფიცრები, და პოლიციის მიერ ჩადენილი დანაშაულების სწრაფი გამოძიება ჩატარდეს. ფონდი ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, სანქციები დაუწესდეთ იმ პირებს, რომლებიც რეპრესიულ ქმედებებზე არიან პასუხისმგებელნი.

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა