WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 29 ოქტომბერს „ასავალ-დასავალის“ ჟურნალისტი დიტო ჩუბინიძე 4 000 ლარის ოდენობის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მას ბრალად ედება სამშობლოს ღალატი, რაც „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის შესახებ ყალბი ცნობების გავრცელებას უკავშირდება.

გათავისუფლების შემდეგ მედიასთან საუბრისას ჩუბინიძემ მადლობა გადაუხადა თავის ადვოკატს, ზაზა ხატიაშვილს, ქართულ საზოგადოებასა და საზღვარგარეთ მყოფ მხარდამჭერებს. მისი თქმით, ეს შედეგი სწორედ მათმა ძალისხმევამ და საერთაშორისო ზეწოლამ განაპირობა.

„მადლობა ღმერთს და მადლობა ზაზა ხატიაშვილს, ჩემს მეგობარს, რომელმაც იბრძოლა. ჩემს სიმართლეში გავიმარჯვეთ. დიდი მადლობა ქართულ საზოგადოებას, რომელიც ასე მიდგა გვერდით და ეტყობა, ამ ყველაფერმა ერთობლიობაში დადო ეს შედეგი და უცხოეთიდანაც ზეწოლამ“, – განაცხადა ჩუბინიძემ.

მან დასძინა, რომ ხელისუფლებასთან არანაირ გარიგებასა თუ საპროცესო შეთანხმებაზე არ წავიდოდა და, საჭიროების შემთხვევაში, საქმეს სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში წაიღებდა.

ჩუბინიძე 22 ოქტომბერს დააკავეს მას შემდეგ, რაც პროკურატურამ მას ყალბი ინფორმაციის განზრახ გავრცელებაში დასდო ბრალი, კერძოდ, თითქოს „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ფარულად დათანხმდა  აზერბაიჯანისთვის ისტორიული დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილის გადაცემაზე.

პროკურატურამ განაცხადა, რომ  ჩუბინიძეს „ბრალდება სამშობლოს ღალატის, კერძოდ საბოტაჟის ფაქტზე წარედგინება, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“.

უწყების განცხადებით, 2026 წლის თებერვლიდან ჩუბინიძე „სხვადასხვა მედია საშუალებების და სოციალური პლატფორმების გამოყენებით, სისტემატურად ავრცელებს ცრუ და დეზინფორმაციულ ცნობებს და გამოგონილ ფაქტებზე დაყრდნობით ამტკიცებს, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მეზობელ სახელმწიფოსთან გაფორმებული საიდუმლო ხელშეკრულებით, აზერბაიჯანის რესპუბლიკას გადასცა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი“.

This post is also available in: English