სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებამ საბოლოოდ უარყო აპელაცია ხუთი გიგანტური ბაობაბის საქართველოში ექსპორტთან დაკავშირებით.
სამხრეთაფრიკული გამოცემა Daily Maverick-ის თავის სტატიაში ვარაუდობს, რომ ამ ბაობაბების საბოლოო მყიდველი საქართველოში მილიარდერი ბიძინა ივანიშვილი უნდა იყოს, რომლის მიერ დაფუძნებულ შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში კენიიდან ჩატანილი რვა აფრიკული ბაობაბი ცოტა ხნის წინ სრულად გახმა.
სამხრეთ აფრიკის ტყის, თევზჭერისა და გარემოს დაცვის ეროვნულმა დეპარტამენტმა (DFFE) ექსპორტიორი კომპანიის, „Divine Landscapes“-ის სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა. უწყების განცხადებით, ხუთი ასწლოვანი ხე, რომლებიც უკვე სამი თვეა ქალაქ დურბანის ავტოსადგომზე, შესაბამისი ნებართვების გარეშე იყო ამოღებული ნიადაგიდან და მათი ქვეყნიდან გატანა უკანონოა.
თუ ვისთვის იგზავნებოდა გიგანტური მცენარეები, ექსპორტიორი კომპანიის ხელმძღვანელი კორნე მარესი არ აკონკრეტებს. თუმცა, DFFE-ს ოფიციალური განცხადებით, გაჩერებული ტვირთის საბოლოო დანიშნულების ადგილად სწორედ საქართველო იყო მითითებული.
Daily Maverick-ის სტატიის მიხედვით, ივანიშვილის მონაწილეობა ამ ამბავში რამდენიმე ირიბი გარემოებით ივარაუდება. კერძოდ, მას შემდეგ, რაც შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში კენიიდან ჩატანილმა რვა ბაობაბმა ვერ გაიხარა და გახდამ (რაც ვიზიტორების მიერ Google Maps-ზე ატვირთული ფოტოებითაც დასტურდება) სავარაუდოდ, დაიწყო მათი ახალი, სამხრეთაფრიკული ეგზემპლარებით ჩანაცვლების მცდელობა. Daily Maverick-ის ვარაუდით, ივანიშვილის გარდა საქართველოში არ არსებობს სხვა კერძო პირი, რომლებსაც მსგავსი მასშტაბისა და ფინანსური რესურსის მქონე ბოტანიკური ინტერესები გააჩნია.
სტატიის თანახმად, მათ სცადეს ივანიშვილის მხარესთან დაკავშირება და კომენტარის მოპოვება, თუმცა ეს ვერ შეძლეს, მათ შორის ვერც ადვოკატის და ვერც საელჩოს გავლით.
ექსპორტიორ კორნე მარეს წინააღმდეგ სამხრეთ აფრიკაში სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. მისი ადვოკატები ირწმუნებიან, რომ ხეები კერძო მფლობელებისგან კანონიერად შეიძინეს და ველური ბუნებიდან არ ამოუთხრიათ, თუმცა საბოლოო დამკვეთის ვინაობის გამჟღავნებაზე უარს ამბობენ.
ექსპერტების განცხადებით, დურბანის პორტთან მდებარე ასფალტზე ჰორიზონტალურ მდგომარეობაში მყოფი ბაობაბები, თუ მათ დაუყოვნებლივ არ ჩარგავენ ნიადაგში, უახლოეს ხანში საბოლოოდ დაიღუპებიან.
ივანიშვილი და ბაობაბები
შეკვეთილის დენდროლოგიურ პარკში ჩამოტანილი და 2023 წლის ნოემბერში დარგული რვავე ბაობაბის ხე 2024 წლის აგვისტოში გახმა. პარკის ადმინისტრაციამ მცენარეების დაღუპვა პოლიტიკურ ოპონენტებს დააბრალა.
ბიძინა ივანიშვილმა ბაობაბები კენიიდან ჩამოიტანა. ბრიტანული The Guardian-ის ცნობით, მინიმუმ 8 ხე ადგილობრივმა ფერმერებმა თავიანთი კერძო მიწებიდან გაყიდეს ფასებში, რომლებიც $800-დან $2400-მდე მერყეობს. თუმცა კენიის გარემოს დაცვის სამინისტრომ 2022 წლის ნოემბერში გააუქმა ლიცენზია, რომლის ძალითაც უცხოურ კომპანიას ქვეყნის ტერიტორიაზე ბაობაბის 8 ხე უნდა ამოეთხარა და საქართველოში წაეღო.
გადაწყვეტილება მოჰყვა ქვეყნის პრეზიდენტის მოთხოვნას სამინისტროსადმი, შეემოწმებინა კილიფის ოლქში ბაობაბის ხეების ამოთხრის პროცესი.
გარემოს დაცვის სამინისტრო მაშინ აცხადებდა, რომ ბაობაბის ხეები არ უნდა გასულიყო ექსპორტზე, სანამ მხარეებს შორის შეთანხმებები სათანადოდ არ დარეგულირდებოდა და ჰარმონიაში არ მოვიდოდა საერთაშორისო დოკუმენტებთან ბიომრავალფეროვნებისა და გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობის შესახებ.
კენიის პარლამენტის დეპუტატებმა გამოძიება დაიწყეს საქართველოში ბაობაბის ხეების ექსპორტთან დაკავშირებით. ადგილობრივი მედიის თანახმად, ისინი სამ სახელმწიფო უწყებას ადანაშაულებენ ხეების გაყიდვის დროს გამჭვირვალობის ნაკლებობასა და კორუფციაში.
გარემოს დამცველები ბაობაბების საქართველოში ექსპორტს „ბიომეკობრეობას” უწოდებდნენ და ეწინააღმდეგებოდნენ კენიის ტერიტორიიდან იმ ხეების გატანას, რომლებიც ბუნებრივ ჰაბიტატს ქმნის მრავალი მწერისთვის, რეპტილიისა თუ ფრინველისთვის.
2023 წლის თებერვალში კენიის მთავრობამ საბოლოოდ ნებართვა გასცა, განხორციელდეს ბაობაბის ხეების საკამათო ექსპორტი საქართველოში.
ბაობაბის ხე ასეულობით წელს ცოცხლობს და მკაცრ კლიმატურ პირობებსაც უძლებს. ევროპაში ბაობაბის ნაყოფის ექსპორტის დაწყების შემდეგ, ეს უკანასკნელი „სუპერსაკვებად” აღიარეს ვიტამინ C-ს, ანტიოქსიდანტების, კალციუმის, კალიუმის მაღალი შემცველობის გამო.
იმისთვის, რომ ნაყოფი გამოისხას, ბაობაბს ორი ათწლეული სჭირდება. ამის გამო ზოგიერთი ფერმერი სწრაფ ეკონომიკურ სარგებელს არჩევს ხის გაყიდვისა და იქ სიმინდისა თუ სხვა მარცვლეულის დათესვის გზით.
ბიძინა ივანიშვილის ინიციატივით შეკვეთილის დენდროლოგიური პარკის მოწყობა 2016 წლიდან დაიწყო, საზოგადოებისთვის კი ის 2020 წლის ივლისში გაიხსნა. „ნეტგაზეთი“ წლების განმავლობაში დეტალურად აშუქებდა აჭარის, გურიისა და სამეგრელოს სოფლებიდან (ციხისძირი, ჩაქვი, ბუკნარი და სხვა) ასწლოვანი ხეების ფესვებიანად ამოთხრისა და შავი ზღვის გავლით, სპეციალური ბარჟებით ტრანსპორტირების უპრეცედენტო პროცესს.
netgazeti