1975 წელს, როდესაც პაკისტანელმა პროფესორმა, აბდულ კადირ ხანმა ჰოლანდიაში განთავსებული ევროპული ბირთვული კონსორციუმიდან ურანის გასამდიდრებელი ცენტრიფუგების ნახაზები მოიპარა და პაკისტანს გადასცა, მსოფლიო სრულიად ახალი რეალობის წინაშე დადგა. აბდულ ხანმა არამარტო პაკისტანის ბირთვული პროგრამა შექმნა ამ ავანტურით, არამედ საფუძველი ჩაუყარა მსოფლიოში ბირთვული იარაღით ვაჭრობის შავ ბაზარს.
ევროპაში განსწავლულმა პაკისტანელმა ინჟინერმა ბირთვული ცენტრიფუგის ნახაზები გადასცა ირანს, ლიბიასა და ჩრდილოეთ კორეას. ასე მოევლინა მსოფლიოს ატომური ბომბით შეიარაღებული პაკისტანი და ჩრდილოეთ კორეა.
ჰოლანდიის სასამართლომ დაუსწრებლად გაასამართლა აბდულ კადირი და … 4 წელი მიუსაჯა. ეს ფაქტი ერთერთი ყველაზე კლასიკურია მაგალითია ევროპული ლიბერალური კრეტინიზმის.
2026 წელი; ისევ ჰოლანდია და ისევ გლობალური მასშტაბის კატასტროფული ფიასკო, რამაც შესაძლოა ისევ ააყირაოს არსებული მსოფლიო ბალანსი.
რამდენიმე კვირის წინ, ამერიკის კომერციის პალატის მდივანმა – ჰოვარდ ლუტნიკმა პირდაპირ დასდო ბრალი ჰოლანდიურ კომპანიას – ASML, რომ მათი დაუდევრობის გამო ჩინელების ხელში აღმოჩნდა უმაღლესი ხარისხის კომპიუტერული ჩიპების წარმოებისათვის აუცილებელი დანადგარი – EUV- პრინტერი.
შევეცდები მარტივად ავხსნა თუ რაზეა საუბარი.
კომპიუტერული ჩიპების წარმოებისათვის ამჟამად ძირითადად იყენებენ ე.წ. DUV ტექნოლოგიას. DUV წარმოადგენს მოკლე, 193-248 ნანომეტრი სიგრძის ულტრაიისფერი სხივებით მოქმედ პრინტერს, რომელთა მეშვეობითაც სილიკონის უმცირეს ფირფიტებზე ხდება მიკროსკოპული წრედების გადატანა წინასწარ შექმნილი შაბლონებიდან. ამ მანქანებს აწარმოებს მხოლოდ ერთი კომპანია მსოფლიოში – ჰოლანდიური ASML. სწორედ ეს პრინტერებია განთავსებული ტაივანში.
რაც შეეხება EUV მანქანას, ეს არის უკიდურესად მოკლე ულტრაიისფერ სხივებზე, (13.5 ნანომეტრი), მომუშავე პრინტერი, რომელსაც საოცარი სიზუსტით შეუძლია სუპერ-მიკროსკოპული სქემების გადატანა ასევე სუპერ-მცირე ზომის სილიკონის ფირფიტებზე. ასეთი ზომის ჩიპებს იყენებენ ხელოვნური ინტელექტის რობოტების გასავითარებლად და მისი გამოყენებით შესაძლებელია გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება ამ სფეროში.
ზემოთქმულის გააზრებით ადვილი მისახვედრია თუ რამ გააცოფა ამერიკის ადმინისტრაცია და პირადად პრეზიდენტი. ტრადიციული ევროპული ყურპარტყუნობით, ჩინეთის ხელში აღმოჩნდა გადამწყვეტი სტრატეგიული მნიშვნელობის იარაღი, რომლის დამანგრეველი პოტენცია ბევრად აღემატება ბირთვულ იარაღს.
ივნისის ბოლოს ვაშინგტონში სპეციალური ვიზიტით ჩასული ჰოლანდიის ვაჭრობის მინისტრი გააფთრებული ამტკიცებდა, რომ ჰოლანდიელებმა ზუსტად იციან ყველა პრინტერის ლოკაცია და რომ არცერთი მათგანი არ არის ჩინელების ხელში.
მაგრამ … 2025 წლის დეკემბერში, როიტერსმა განაცხადა, რომ ASML-ის ყოფილ ინჟინერთა ჯგუფი მუშაობდა ჩინეთის ქალაქ შენჟენის საიდუმლო ლაბორატორიაში და რომ მათი მეშვეობით ჩინელებმა თავად შექმნეს EUV პრინტერი.
-ჩვენ რა უნდა ვქნათ, ვერ ავუკრძალავთ ჩვენს ყოფილ თანამშრომლებს ჩინეთში მუშაობას. მათ დადებული აქვთ პირობა, რომ არ გასცემენ ტექნოლოგიურ ნოუ ჰაუს – თავი იმართლა ჰოლანდიელმა მინისტრმა.
გარდა ამისა, ჰოლანდიელი ინჟინრები მუშაობენ ჩინური DUV პრინტერების გაუმჯობესებაზე და ჩინურმა კომპანიებმა სერიოზულ პროგრესს მიაღწიეს ამ მიმართულებით.
როგორც ხედავთ, ევროპასთან სერიოზული საუბარი ამ თემაზე შეუძლებელია.
სხვათაშორის, აბდულ კადირ ხანი, მსოფლიოს უდიდესი ბირთვული დივერსანტი, მშვიდად აღესრულა პაკისტანში 2021 წელს და თავისი ქვეყნის ეროვნულ გმირად არის მიჩნეული.
ძნელია არ გაიხსენო ცივილიზაციის მიერ 1452 წელს დაშვებული ანალოგიური კატასტროფული სიბრიყვე, როდესაც ბერძნებზე გაბრაზებულმა უნგრელმა ინჟინერმა ორბანმა, სულთან მეჰმედ მეორეს გადასცა მასიური ზარბაზნების წარმოების ტექნოლოგია და სწორედ ამ ზარბაზნების ჭურვებით ჩამოაქციეს თურქებმა კონსტანტინოპოლის გალავანი.
არავინ იცის რა მასშტაბის იქნება ცივილიზაციისათვის ნეო-ევროპული სისულელის შედეგები ..

3 hours ago
5







English (US) ·
Georgian (GE) ·