ვილი სანიოლი, რომელმაც ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობა დატოვა, საქართველოს მადლობას უხდის.
მის განცხადებას ნეტგაზეთი უცვლელად გთავაზობთ.
“ძვირფასო საქართველო გავიდა ექვსი დაუვიწყარი წელი, სავსე ემოციებით, განსაკუთრებული მომენტებითა და უნიკალური გამოცდილებით, რომლებსაც მე მთელი ცხოვრება გულში ვატარებ. მადლობას ვუხდი ამ ქვეყანას ყველაფრისთვის, რაც მან ჩემთვის გააკეთა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ფეხბურთის ფედერაციას და ჩემს მოთამაშეებს. თქვენ მომეცით შესაძლებლობა, განმეცადა ისეთი ემოციები, რომლებიც მანამდე არასდროს მიგრძვნია, და ისეთი მომენტები, რომლებსაც ვერასოდეს დავივიწყებ. თუმცა, ყველაზე ლამაზ ისტორიასაც კი ოდესღაც აქვს დასასრული. ახლა კი ჩემთვის დამშვიდობების დრო დადგა, პატივისცემით, მადლიერებითა და ღირსებით. აქ მხოლოდ კოლეგებსა და თანამოაზრეებს არ ვტოვებ, აქ ვტოვებ ადამიანებს, რომლებთანაც წლების განმავლობაში ნამდვილი, ღრმა მეგობრობა ჩამომიყალიბდა. მეგობრობას, რომელიც, დარწმუნებული ვარ, კიდევ მრავალი ათწლეულის განმავლობაში დაგვაკავშირებს. საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება. მთელი გულით გისურვებთ ნათელ მომავალს, რადგან თქვენ ამას ყველაზე მეტად იმსახურებთ. მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის. ნახვამდის და დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე ისევ შევხვდებით”, – ნათქვამია სანიოლის განცხადებაში.
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს 2028 წლის ბოლომდე ქართველი სპეციალისტი რამაზ სვანაძე უხელმძღვანელებს. სვანაძე მთავარი მწვრთნელის პოსტზე ფრანგ ვილი სანიოლს შეცვლის. სანიოლი გუშინ ერთა ლიგის მატჩში ჩრდ.ირლანდიასთან წაგებული 0-1-ის შემდეგ გაათავისუფლეს. სანიოლი საქართველოს ნაკრებს 2021 წლის თებერვლიდან ხელმძღვანელობდა. ამ პერიოდში ეროვნულმა გუნდმა 57 მატჩი ჩაატარა. სანიოლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრებმა ისტორიულ წარმატებას მიაღწია. 2024 წელს გუნდმა პირველად ითამაშა ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე, სადაც ჯგუფური ეტაპის დაძლევა მოახერხა და ტურნირის საუკეთესო 16 გუნდს შორის მოხვდა. რამაზ სვანაძე დღემდე საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ხელმძღვანელობდა და ახალგაზრდულ გუნდთან ერთად ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორჯერ იასპარეზა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო სამ შეხვედრაში სვანაძეს მისი ასისტენტი გიორგი ადამია შეცვლის.
“მადლობა, ვილი სანიოლს, საქართველოს ნაკრებში გატარებული თითოეული წუთისთვის და იმ ემოციებისთვის, რომლებიც ამ ისტორიულ გზაზე ერთად გამოვიარეთ”, – ნათქვამია ფეხბურთის ფედერაციის განცხადებაში.
netgazeti