WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ახლად გამოქვეყნებული დეკლარაციის თანახმად, ბრიტანეთის მიერ სანქცირებული ყოფილი გენერალური პროკურორი გიორგი გაბიტაშვილი, - რომელიც მე-2 წელია, სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ხელმძღვანელობს, - სანქცირების შემდეგ კვლავ „ნაღდი ფულის“ სახით ინახავს თანხას, ნახევარ მილიონი ლარის ექვივალენტზე მცირედით მეტს.

დეკლარაციიდან ირკვევა, რომ ბრიტანეთის მიერ სანქცირებიდან თვე-ნახევარში მან სრულად დაფარა „საქართველოს ბანკის“ დარჩენილი სესხი - 102 482 ლარი, ამ თანხის ნახევარი კი „ქეშად“ გადაიხადა.

„დანაზოგი“

12 აგვისტოს გამოქვეყნებული დეკლარაციის თანახმად, გიორგი გაბიტაშვილი ნაღდი ფულის სახით ინახავს:

  • 350 000 ლარს - რაც მითითებული აქვს, როგორც დანაზოგი;
  • 62 000 აშშ დოლარს - 12 აგვისტოს ეროვნული ბანკის კურსით, 162 322 ლარს;
    • მითითებული აქვს, რომ ეს თანხა არის „უძრავი ქონების გაყიდვიდან“ მიღებული თანხა;
    • შარშანდელ დეკლარაციაში დოლარში თანხის ოდენობა 290 000 აშშ დოლარი იყო;
  • მისი მეუღლე, მაგდა მაჩაიძე კი ინახავს 5 000 აშშ დოლარს, - რაც, ამავე კურსით, 13 091 ლარამდეა.

ამონარიდი გიორგი გაბიტაშვილის დეკლარაციიდან

ამონარიდი გიორგი გაბიტაშვილის დეკლარაციიდან

ახალი ბინა და მანქანა

გაბიტაშვილმა 2025 წელს იყიდა:

  • 203 კვ.მ ფართობის ბინა ვაკეში, რამიშვილის ჩიხში - 182 880 აშშ დოლარად;
  • 2 ავტოფარეხი ამავე მისამართზე - 7500-7500 დოლარად;
  • მისმა მეუღლემ კი 30 000 დოლარად იყიდა ლექსუსის მარკის ავტომობილი - Lexus NX 350; მას ასევე ჰყავს 2022 წელს ნაყიდი Lexus NX 300.

75 000 ლარი 6 თვეში - ანგარიშის გარეშე

შარშანდელი დეკლარაციის მსგავსად, არც წლევანდელ დოკუმენტშია მითითებული მისი რომელიმე საბანკო ანგარიში, - თუმცა ერთგან ნახსენებია, რომ „საქართველოს ბანკში“ ანგარიში ჰქონდა.

  • ბანკში, თუნდაც ნულოვანი ანგარიშის მითითებას, საჯარო მოხელეს კანონი ავალდებულებს.
  • დოკუმენტის მეექვსე გვერდზე მხოლოდ ცოლისა და დედის საბანკო ანგარიშების შესახებ არის ინფორმაცია ხელმისაწვდომი.

დეკლარაციის თანახმად, 2025 წლის 11 ივნისიდან 31 დეკემრამდე კი მისმა შემოსავალმა გენერალური აუდიტორის პოსტზე შეადგინა 75 415 ლარი.

მანამდე, 2025 წლის 1 იანვრიდან 11 ივნისამდე, გენერალურ პროკურორად მუშაობისას, ხელფასის სახით 57 564 ლარი აიღო.

სანქცირება და დაფარული სესხი

დიდმა ბრიტანეთმა 2025 წლის 10 აპრილს როგორც ფინანსური, ასევე სავიზო სანქციები დაუწესა გიორგი გაბიტაშვილს, - და „ქართული ოცნების“ მთავრობის კიდევ სამ მაღალჩინოსანს.

  • ბრიტანეთის საელჩოს განმარტებით, სანქციები დაწესდა „გაერთიანებული სამეფოს გლობალური ადამიანის უფლებათა დაცვის 2020 წლის რეგულაციების შესაბამისად“, სანქცირებული პირების მიერ „ადამიანის უფლებების სერიოზული დარღვევების გამო 2024 წელს დაწყებული ლეგიტიმური პროტესტის საპასუხოდ“;
  • ბრიტანეთის მთავრობა უთითებდა, რომ გიორგი გაბიტაშვილი „არის ან/და პასუხისმგებელი იყო ისეთი ქმედების გამოძიებაზე ან [სისხლისსამართლებრივი] დევნის წარმოებაზე, რომელიც წარმოადგენს სერიოზულ დარღვევას ადამიანის უფლებისა, არ დაექვემდებარონ სასტიკ, არაადამიანური ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან სასჯელს“.

სანქცირებიდან თვე-ნახევარში გაბიტაშვილმა სრულად დაფარა 2022 წელს 10 წლის ვადით აღებული 120 480 ლარიანი სესხიდან დარჩენილი თანხა.

თუკი 2024 წელს ამ სესხის მომსახურებაში 14 985 ლარი ჰქონდა გადახდილი, 2025 წლის 21 მაისს მან სრულად დაფარა სესხის დარჩენილი თანხა - 102 482 ლარი.

დეკლარაციაში მითითებულია, რომ „გადახდა განხორციელდა საბანკო ანგარიშზე არსებული თანხით - 51 113 ლარი და ნაღდი ანგარიშსწორებით - 51 369 ლარი“.

სანქცირებულ კლიენტთან ურთიერთობის დასრულება, სავარაუდოდ, კომერციული ბანკის მოთხოვნა იყო გაბიტაშვილის სანქცირების შემდეგ - ბანკები ვალდებულნი არიან, არ მოემსახურონ ევროკავშირის, ბრიტანეთისა და აშშ-ის მიერ სანქცირებულ პირებს.

  • ორი წლის წინანდელი, 2024 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, - რომელიც 2023 წლის მდგომარეობას ასახავდა - გიორგი გაბიტაშვილს საბანკო ანგარიშები ჰქონდა საქართველოს ორ ყველაზე დიდ ბანკში, „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკში“.
  • ორივე ბანკს გაცხადებული აქვს, რომ ისინი ჩართულები არიან სანქციების აღსრულებაში.

მეუღლე - „ელექტროსისტემის“ დირექტორის მოადგილე

გიორგი გაბიტაშვილის მეუღლე, მაგდა მაჩაიძე 2025 წელს კვლავ მუშაობდა „სს საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემაში“.

თუმცა თუკი 2024 წელს მისი პოზიცია იყო „დირექტორის მრჩეველი იურიდიულ, სოციალურ და გარემოს დაცვის საკითხებში“ - რაშიც 61 835 ლარამდე მიიღო, - 2025 წელს გახდა „დირექტორის მოადგილე ადმინისტრაციულ საკითხებში“.

ამ პოსტზე მან ანაზღაურების სახით 72 086 ლარი მიიღო.

გაბიტაშვილის დედა, მედეა ლომიძე კი სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში მუშაობს - ადმინისტრაციული სამმართველოს ადამიანური რესურსების მართვისა და საქმისწარმოების განყოფილების სპეციალისტად.