საპატრიარქო აქვეყნებს ილია II-ის სამძიმარს ოკუპირებულ გალში დაღუპული ბავშვების მშობლებისადმი

1 day ago 2

საპატრიარქოს ოფიციალური და მისი საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ფეისბუკის გვერდები აქვეყნებენ მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქის, ილია II-ის სამძიმარს რუსეთის მიერ ოკუპირებულ გალში ტრაგიკულად დაღუპული ხუთი ბავშვის მშობლებისადმი. 

განცხადების თანახმად, პატრიარქი ილია მეორე დაღუპულთა მშობლებს, - ვიტალი ჭოლარიას და ქრისტინე სორდიას, - ასევე, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებს სწერს: „დიდია ჩვენი მწუხარება სოფელ საბერიოში, თქვენს ოჯახში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელმაც მთელი საქართველო მოიცვა“.

„ერთდროულად ხუთ შვილთან გამოთხოვება მეტად მტკივნეული და რთული გადასატანია, როგორი ძლიერიც არ უნდა იყოს ადამიანი სულიერად. მაგრამ მაინც უნდა განგამტკიცოთ რწმენამ იმისა, რომ გარდაცვალება არ ნიშნავს სიკვდილს, არამედ იგი დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა, რომლისთვისაც ჩვენ ყველანი უნდა მოვემზადოთ; ეს განშორება კი დროებითია“, - წერია სამძიმრის ტექსტში.

სამძიმარი თავდაპირველად, 6 იანვარს, ღამის პირველი საათისთვის გამოქვეყნა ფეისბუკ-გვერდმა, „საქართველოს საპატრიარქო ❲ოფიციალური გვერდი❳“, ხოლო „საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის“ გვერდმა - ორშაბათ დილას.

5 იანვარს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში, გალის რაიონის სოფელ საბერიოში ხანძარმა ხუთი ბავშვი იმსხვერპლა. შემთხვევა დილის საათებში მოხდა მრავალშვილიან ოჯახში. მოზარდები სახლში ბებიასთან ერთად იყვნენ. ბებია ხანძარს გადაურჩა.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, ჭოლარიების ოჯახში თავდაპირველად ცეცხლი გაუჩნდა ძველ სადენებს იმ ოთახში, სადაც ბენზინი ინახებოდა.

სრულად წაკითხვა