საპენსიო სააგენტოს მართვის სტრუქტურა იცვლება – მთავრობამ კანონპროექტი დააინიცირა

1 week ago 119

საპენსიო სააგენტოს მართვის სტრუქტურა იცვლება. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილები მთავრობამ პარლამენტს უკვე წარუდგინა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტით, იცვლება საპენსიო სააგენტოს სახელი და ის განისაზღვრება, როგორც – „საპენსიო ფონდი“.

რაც შეეხება სტრუქტურულ ცვლილებებს, კანონპროექტის მიხედვით, საპენსიო სააგენტოში საინვესტიციო და სამეთვალყურეო საბჭოების
ნაცვლად გაჩნდება ერთი მმართველობითი ორგანო – „მმართველობითი საბჭო“, რომელიც განახორციელებს დაგროვებითი საპენსიო სქემის ერთიან მართვას და შეასრულებს როგორც საინვესტიციო, ისე ადმინისტრაციულ/საოპერაციო და სხვა ფუნქციებს.

როგორც განმარტებით ბარათში ვკითხულობთ, მმართველობითი საბჭო შედგება არანაკლებ 9, ხოლო არაუმეტეს 15 წევრისგან, რომელთაგან 9 წევრის შემთხვევაში საქართველოს მთავრობა 1 წევრს ნიშნავს თანამდებობრივად, ხოლო 9 წევრზე მეტის შემთხვევაში უფლებამოსილია თანამდებობრივად დანიშნოს 2 წევრი, დანარჩენი წევრები არიან პროფესიონალი, შერჩევის შედეგად დანიშნული წევრები.

მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრი ინიშნება 5 წლის ვადით და მათ შეარჩევს შესარჩევი კომისია, რომელიც შერჩეულ კანდიდატებს დასანიშნად წარუდგენს საქართველოს პრემიერ-მინისტრს. პროფესიონალი წევრები ინიშნებიან შესაბამისი პოზიციებისათვის, რათა მმართველობითი საბჭო დაკომპლექტდეს ყველა საჭირო და აუცილებელი განათლების/პროფესიული გამოცდილების მქონე წევრებით.

შესაბამისი პოზიციისათვის კანდიდატთა შერჩევის წესი და პროცედურა, ასევე მათი განათლებისა და სამუშაო გამოცდილების კრიტერიუმები, ასევე შესაფერისობის სხვა მოთხოვნები, მათ შორის მმართველობითი საბჭოს თანამდებობრივი წევრების დანიშვნის წესი, დგინდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელიც უნდა ითვალისწინებდეს საპენსიო ფონდის საჭიროებებს.

რაც შეეხება მმართველობითი საბჭოს წევრების გათავისუფლებას, კანონპროექტის თანახმად, მმართველობითი საბჭოს პროფესიონალ წევრს თანამდებობიდან
ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი კანონით განსაზღვრული საფუძვლების არსებობისას.

კანონპროექტის შესაბამისად მმართველობითი საბჭო თავის წევრთაგან 3 წლის ვადით ირჩევს მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარეს/მოადგილეს.

კანონპროექტი ითვალისწინებს საპენსიო ფონდის მართვის საკომისიოს ცვლილებას და განსაზღვრავს, რომ საპენსიო ფონდის მართვის საკომისიოს ოდენობა დგინდება საქართველოს მთავრობის მიერ, ამასთან აღნიშნული საკომისიოს ოდენობა არ შეიძლება აღემატებოდეს საპენსიო აქტივების 0,75 პროცენტს. დღეს, საპენსიო აქტივების მართვის საკომისიო არის საპენსიო აქტივების 0.5%, აღნიშნულის გაზრდის შემთხვევაში მონაწილეების საპენსიო აქტივებიდან მოხდება მეტი საკომისიოს გადახდა. გავლენის ჯამური ოდენობა დამოკიდებული იქნება თუ რა კონკრეტულ ოდენობას დაადგენს საქართველოს მთავრობა, ასევე მეტწილად დამოკიდებული იქნება მოცემულ მომენტში საპენსიო ფონდის მართვის ქვეშ მყოფი აქტივების მოცულობაზე.

„ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საინვესტიციო აქტივების წრე გაიზარდა, მათ შორის ზემოაღნიშნული სხვა აქტივების ნაწილში, შესაბამისად მონაწილეთა ამონაგებიც გაიზრდება, ინვესტირების კუთხით კი აღნიშნული მოითხოვს გაზრდილ რესურსებს, რაც საჭიროებს შესაბამისი და ადეკვატური საკომისიოს დადგენას. შესაბამისად, უპრიანაია, საქართველოს მთავრობას ჰქონდეს ბერკეტი განსაზღვროს საკომისიოს ოდენობა აქტივების მოცულობის, ინვესტირებული აქტივების და სხვა მაჩვენებლებზე დაყრდნობით“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

გარდა ამისა, საინვესტიციო ლიმიტებთან (მანდატის გაფართოებასთან) დაკავშირებით კანონპროექტი ითვალისწინებს სხვა აქტივების ჭრილში ლიმიტების გაზრდას 15%-მდე, 20%-მდე, 25%- მდე.

„აღნიშნული უზრუნველყოფს საპენსიო აქტივების ინვესტიციების მეტად დივერსიფიკაციის შესაძლებლობას, რაც დადებითად აისახება მონაწილეთა საპენსიო აქტივებზე, რადგან დივერსიფიკაცია სწორედ საპენსიო აქტივებზე ამონაგების გაზრდას შეუწყობს ხელს. თუმცა, ასეთი გავლენის წინასწარ შეფასება და ფინანსური შედეგების განსაზღვრა არ არის შესაძლებელი“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

ამასთან, კანონპროექტი განსაზღვრავს აუთსორსინგული მომსახურების პრინციპებს. აუთსორსინგი გულისხმობს რომ საპენსიო ფონდის ნებისმიერი
საქმიანობა, მათ შორის, სპეციალური ფუნქციები, მთლიანად ან ნაწილობრივ შესაძლებელია გადაეცეს შესაბამის მომსახურების მიმწოდებლებს, რომლებიც ამ საქმიანობების განხორციელებისას/ფუნქციების შესრულებისას იმოქმედებენ საპენსიო ფონდის სახელით, ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი ვალდებულების შესრულებისთვის სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საპენსიო ფონდს

გარდა ამისა, კანონპრექტი ითვალისწინებს საჭიროების შემთხვევაში აქტივების მმართველი კომპანიების მიერ დაგროვებითი საპენსიო აქტივების მართვას. ამასთან განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ დღეს საქართველოში რეგისტრირებულია/ლიცენზირებულია 8 აქტივების მმართველი კომპანია და ეს შესაძლოა უკარგავდეს დამატებითი ფინანსური შემოსავლის მიღების შესაძლებლობას.

„აქტივების მმართველ კომპანიებს ექნებათ შესაძლებლობა აუთსორსული მომსახურება გაუწიონ საპენსიო ფონდს. აუთსორსული მომსახურების შემოსავალი და შესაბამისად ფინანსური გავლენა დამოკიდებული იქნება კერძო მოლაპარაკებებსა და საპენსიო აქტივების აუთსორსის მასშტაბზე“, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

სრულად წაკითხვა