საქართველოს პროკურატურამ 23 ოქტომბერს განაცხადა, რომ ეკონომიკის მინისტრის ყოფილ პირველ მოადგილეს, რომეო მიქაუტაძეს, რომელსაც მანამდე სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებისა და ფულის გათეთრების ბრალდებით 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, საპროცესო შეთანხმების საფუძველზე სასჯელი 3 წლამდე შეუმცირდა.
საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, რომელიც უკვე დაამტკიცა თბილისის სააპელაციო სასამართლომ, მიქაუტაძეს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა და 2 წელი პირობითი მსჯავრი განესაზღვრა. ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 000 000 ლარის ოდენობით, 3 წლით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება და სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა საერთო ჯამში 5.54 მილიონი ლარის ქონება.
„მსჯავრდებულმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილმა პირველმა მოადგილემ რომეო მიქაუტაძემ აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მოინანია, აანაზღაურა ზიანი და პროკურატურას საპროცესო შეთანხმების გაფორმების თაობაზე მომართა“, – განაცხადა პროკურატურამ.
საპროცესო შეთანხმება მას შემდეგ გაფორმდა, რაც პროკურატურამ განაცხადა, რომ მიქაუტაძემ ჩვენება მისცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი უფროსის, გრიგოლ ლილუაშვილის საქმეზე. კერძოდ, მან დაადასტურა, რომ ხელი შეუწყო ლილუაშვილისთვის ქრთამის გადაცემას. მოგვიანებით, სასამართლომ ლილუაშვილი დამნაშავედ ცნო ქრთამის აღებასთან დაკავშირებულ ოთხ ეპიზოდში და მას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
მიქაუტაძეს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვა: ესპანეთში, მადრიდში მდებარე ბინა, წეროვანში მდებარე აგარაკი, შპს “ნახიდური ჰესის” 15%-იანი წილი, სამი ძვირადღირებული ავტომობილი, ასევე ოთხი ძვირადღირებული საათი, ოქროს ზოდები და მონეტები.
მიქაუტაძემ ასევე სრულად აანაზღაურა შპს „თბილსერვის ჯგუფისთვის“ მიყენებული ზიანი 114 658,08 ლარის ოდენობით.
This post is also available in:
civil ახალი ამბები