საპროცესო შეთანხმების შედეგად გელა ხასაია სექტემბერში საპატიმროს დატოვებს

1 hour ago 1

ოპოზიციური პარტიის „გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრი გელა ხასაია, რომელიც 2025 წლის სექტემბერში თბილისში მამაკაცზე თავდასხმის ბრალდებით დააკავეს, 8 მაისის სასამართლო სხდომაზე მიღწეული საპროცესო შეთანხმების შედეგად, სექტემბერში საპატიმროს დატოვებს.

საპროცესო შეთანხმება ასევე გაუფორმდა ამავე საქმეზე ბრალდებულ ვასილ ქერდიყოშვილს. ბრალდების მხარესთან მიღწეული შეთანხმების თანახმად, ორივე დაკავებულმა აღიარა დანაშაული, რის შედეგადაც ისინი ერთწლიან პატიმრობას მოიხდიან, რასაც სამი წლით პირობითი გათავისუფლება მოყვება.

„გელას ჰქონდა არჩევანი გასაკეთებელი – თუ იტყოდა, რომ დავარტყი, მაგ შემთხვევაში ერთ წელს მისცემდნენ ციხეს, რაც მოხდა, თუ არადა გაუშვებდნენ  ოთხწლიან პატიმრობაში“, – განუცხადა „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ ჟურნალისტებს მოსმენის შემდეგ. „ჩემი დაჟინებული თხოვნა იყო მისდამი, რომ საკუთარი ჯიუტი ხასიათი არ გაეხადა იარაღად რეჟიმის ხელში“.

ხასაია და ქერდიყოშვილი 29 სექტემბერს დააკავეს 1 სექტემბერს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, რომლის დროსაც, პროკურატურის მტკიცებით, მათ განზრახ დაზიანება მიაყენეს ერთ პირს, რომელიც მოგვიანებით რამაზ ჩადუნელის სახელით იქნა იდენტიფიცირებული. შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავდაპირველად განაცხადა, რომ ორივე პირი „ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ბრალდებით“ დააკავეს. თუმცა, მოგვიანებით პროკურატურამ მათ ჯგუფურად ჩადენილი ნაკლებად მძიმე ფიზიკური დაზიანების განზრახ მიყენებაში წაუყენა ბრალი. დანაშაული ოთხიდან ექვს წლამდე პატიმრობით ისჯება.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა