სააპელაციო სასამართლოში საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა 4 ოქტომბრის „მშვიდობიანი დამხობის“ საქმეზე დაკავებულ ექიმს, პედიატრ გიორგი ჩახუნაშვილს. შეთანხმების მიხედვით, ის სააპელაციო სასამართლოს სხდომათა დარბაზიდანვე გაათავისუფლეს.
პირობა ასეთი იყო: 3 თვე რეალური და 3 წელი პირობითი. მას ხუთი წელი ჰქონდა მისჯილი. მოსამართლემ საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე დღესვე, 18 სექტემბერს იმსჯელა. ამისთვის ცალკე სხდომა არ დანიშნულა.
პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გაუფორმა ამავე საქმეზე დაკავებულ ზაქრო ალბუთაშვილსაც. მასაც ხუთი წელი ჰქონდა მისჯილი. ამ შემთხვევაში პირობა განსხვავებულია: ერთი წელი პატიმრობა და 3 წელი პირობითი მსჯავრი. ალბუთაშვილი ციხეს ოქტომბერში დატოვებს.
„მშვიდობიანი დამხობის“ საქმე
გასული წლის 4 ოქტომბერს, მაშინ, როცა საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები იმართებოდა, ოპოზიციური პარტიებისა და მათი მხარდამჭერების დიდმა ნაწილმა ბოიკოტი გამოუცხადა და ხელისუფლების „მშვიდობიანი დამხობის“ მოწოდებით თბილისში, თავისუფლების მოედანზე შეიკრიბა.
სისხლის სამართლის საქმეების აღძვრისა და ათობით დემონსტრანტის დაკავების საფუძველი ის მოვლენები გახდა, რომლებიც 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციაზე განვითარდა.
ხალხმრავალი საპროტესტო აქციიდან დემონსტრანტთა ერთი ჯგუფის მცდელობა, „გადაებარებინათ პრეზიდენტის სასახლის გასაღები“, ათონელის რეზიდენციის „ჯებირების“ გარღვევითა და სპეცრაზმთან დაპირისპირებით დასრულდა.
პოლიტიკოსების ჩათვლით, 4 ოქტომბრის საქმეზე ბრალი 64 ადამიანს წაუყენეს.
საპროცესო შეთანხმებით სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლეს 23 დაკავებული.
ერთწლიანი პატიმრობის შემდეგ ასევე საპროცესოთი გათავისუფლდება - 12.
პატიმრობა მიუსაჯეს თხუთმეტს. ჯერ საპროცესო გაუფორმეს, შემდეგ კი შეთავაზების გაუქმება და დაპატიმრება მოითხოვეს გიორგი კირვალიძის შემთხვევაში. მისი საქმე საქალაქო სასამართლოში დაბრუნდა.
ხელისუფლებაში მყოფი „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ საპროცესო შეთანხმება გაუფორმდება ყველას, ვინც მოინანიებს და დანაშაულს აღიარებს.
„გავიმეორებ ჩვენს გზავნილს: თუ ვინმე მოინანიებს, აღიარებს საკუთარ დანაშაულს, მათ მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, კერძოდ, შესაბამისი პირები დატოვებენ საპატიმროს, როგორი მძიმეც არ უნდა იყოს დანაშაული, რომელიც მათ თავის დროზე აქვთ ჩადენილი“, - თქვა ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ მთავრობის ხელმძღვანელმა დღეს, 18 სექტემბერს, საპროცესო შეთანხმების გაფორმებამდე რამდენიმე საათით ადრე.
radiotavisupleba ახალი ამბები