სასამართლომ 4 ოქტომბრის აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს პატიმრობა შეუფარდა  

2 weeks ago 22

თბილისის საქალაქო სასამართლომ ათ პირს, მათ შორის ცნობილ პოლიტიკოსებს, რომლებიც 2025 წლის 4 ოქტომბრის არჩევნების დღის არეულობაში მონაწილეობდნენ, პატიმრობა შეუფარდა.  

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ აქციის ორგანიზებისთვის შვიდ-შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა ოპერის მომღერალს პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას და ირაკლი ნადირაძეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, გადამდგარ პოლკოვნიკს ლაშა ბერიძეს და „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრს პაატა მანჯგალაძეს. თუმცა, ეს უკანასკნელი აქციის ორგანიზებაში მონაწილეობას უარყოფს.

ზოდელავას, ბურჭულაძეს და ნადირაძეს ბრალად ედებოდათ სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობა, ჩადენილი ჯგუფურად (სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით),  ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა (225-ე მუხლის პირველი ნაწილით) და მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ (317-ე მუხლით). ბერიძეს ბრალი წაუყენეს 222² და 225¹ მუხლებით, ხოლო მანჯგალაძეს – 225¹ მუხლით.

შსს-ს ყოფილ თანამშრომელს, ამჟამად საზღვარგარეთ მყოფ ირაკლი შაიშმელაშვილს, რომელსაც ბრალად ედებოდა, საქართველოს კონსტიტუციური წესრიგისა და სახელმწიფო მმართველობის ძალადობრივი გზით დამხობისკენ საჯაროდ მოწოდება, სასჯელის სახედ და ზომად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად განუსაზღვრა. აქციის მონაწილეებს, ირაკლი ჩხვირკიას, ნიკა გვენცაძეს და თორნიკე მჭედლიშვილს, რომლებსაც ბრალად ედებოდათ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, თითოეულს ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. კიდევ ერთ აქციის მონაწილეს, გური ჟვანიას, რომელსაც ბრალი წაუყენეს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში, ასევე ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა