15
ახმეტის სამედიცინო კლინიკის ნევროლოგს, მაია კოხტაშვილს, მოსამართლე მარინე ცერცვაძემ აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი საპატიმრო გირაო შეუფარდა. კოხტაშვილი გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება. ექიმს სასამართლომ დაავალა, ორ კვირაში ერთხელ შესაბამის ორგანოში გამოცხადდეს და საქართველოს საზღვრის გადაკვეთა აუკრძალა.
სხდომაზე პროკურორმა, მანანა თანდაშვილმა კოხტაშვილისთვის პატიმრობა მოითხოვა. დაცვის მხარე პატიმრობის მოთხოვნას არ დაეთანხმა. ადვოკატ ილია ოთარაშვილის განცხადებით, ბრალდებაში პროკურორის მიერ სხდომაზე დასახელებული ყველა გარემოება, ბრალდებაში ასახული არ არის. მისი თქმით, კოხტაშვილი დანაშაულს აღიარებს, თუმცა არ არსებობს მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ადვოკატმა 50 000-ლარიანი გირაო და პროფესიული საქმიანობის შეჩერება მოითხოვა. სასამართლოზე სიტყვის თქმის უფლებით ისარგებლა მაია კოხტაშვილმა და განაცხადა, რომ მედიკამენტების გამოწერისას პაციენტის დახმარების სურვილით და ექიმის ეთიკით ხელმძღვანელობდა.
მისივე თქმით, ზოგჯერ პაციენტებს მედიკამენტებს ტელეფონით უწერდა, რათა მათ დამატებითი ხარჯის გაწევა არ დასჭირვებოდათ. „წამალი ღირს 6 ლარი და რომ არ ჩამოვიდნენ და დამატებითი ხარჯი რომ არ გადაიხადონ, ვუწერ წამალს“, – თქვა ექიმმა. კოხტაშვილის თქმით, მის სამედიცინო პრაქტიკაში სხვა შეცდომა არ დაუშვია. მაია კოხტაშვილი ფინანსთა სამინოსტროს საგამოძიებო სამსახურმა გუშინ დააკავა. გამოძიება ნევროლოგს ყალბი რეცეპტების დამზადებას ედავება, რაც 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. წინასასამართლო სხდომა 3 ნოემბერს, 15:00 საათზე გაიმართება.
მაია კოხტაშვილის დაკავებას დილიდან კახეთში მომუშავე მისი კოლეგები ეხმაურებოდნენ და სოლიდარობას უცხადებდნენ.
საერთაშიროსო alia.ge