სასამართლომ გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ სამი განაჩენი გამოიტანა

7 hours ago 4

სასამართლომ 28 წლის მასწავლებლის გიგა ავალიანის მკვლელობასთან დაკავშირებით არასრულწლოვნების წინააღმდეგ კიდევ სამი განაჩენი გამოიტანა 1 და 2 ივნისს გამართულ სხდომებზე. ბრალდებები მოიცავდა ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადებას, დანაშაულის შეუტყობინებლობას და ცრუ ჩვენების მიცემას.

ახალი განაჩენებით გახმაურებულ საქმეზე მსჯავრდებული არასრულწლოვნების საერთო რაოდენობა ხუთამდე გაიზარდა. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის თანახმად, საქმეში ყველა მსჯავრდებულის პატიმრობის ვადა ავტომატურად ერთი მეოთხედით შემცირდა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დემეტრე ჯინჯოლიამ დემეტრე ჩიქოვანისა და ანა ნასყიდაშვილის საქმეებზე განაჩენი 2 ივნისს გამოაცხადა. მანამდე,  27 მაისს სასამართლომ ბრალდებულები დამნაშავედ ცნო.

ჩიქოვანი, რომელიც უკვე გასამართლებულია ძალადობასთან დაკავშირებული ცალკე ბრალდებით, 27 მაისს სასამართლომ დამნაშავედ ცნო ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ჯგუფურად მომზადებისთვის, 117-3-ლ მუხლით, და 2 ივნისს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, რაც საბოლოოდ 9 წლითა და 9 თვით თავისუფლების აღკვეთით განისაზღვრა. ნასყიდაშვილი 27 მაისს დამნაშავედ ცნეს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 376-2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის და 2 ივნისს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა, შემცირების შემდეგ, საბოლოოდ მას თავისუფლება 5 წლითა და 3 თვით აღეკვეთა.

საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, „2025 წლის 1 ოქტომბერს ალექსანდრე გაბაშვილის, გიორგი რიკაძის და დემეტრე ჩიქოვანის მიერ შემუშავებული გეგმის მიხედვით, ალექსანდრე გაბაშვილი და გიორგი რიკაძე ჯგუფურად თავს დაესხნენ გიგა ავალიანს, რომელმაც ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიიღო, რის შედეგადაც 2025 წლის 24 ოქტომბერს სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა“.

პროკურატურამ ასევე განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ანი ნასყიდაშვილისთვის ცნობილი იყო, რომ „მზადდებოდა და ჩადენილი იყო მძიმე დანაშაული, აღნიშნულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინა“.

1 ივნისს გამოტანილი ცალკე გადაწყვეტილებით, სასამართლომ კიდევ ერთი არასრულწლოვანი დამნაშავედ ცნო სასამართლოსთვის ცრუ ჩვენების მიცემაში და მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რომელიც სამ წლამდე შემცირდა. პროკურატურის ინფორმაციით, 24 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლოში, გიგა ავალიანის გარდაცვალების საქმეზე, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და მასში მონაწილეობის ფაქტებზე საქმის არსებითი განხილვისას, არასრულწლოვანმა მოწმის სახით დაკითხვის დროს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით, სასამართლოს ცრუ ჩვენება მისცა. პროკურატურამ ბრალდებულის ვინაობა არ გაამხილა.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა