სასამართლომ თამარ კურატიშვილი 2 000 ლარით დააჯარიმა მზია ამაღლობელის სტენსილისთვის

3 days ago 1

თამარ კურატიშვილი 2 000 ლარით ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე მარიანა ფომაევამ დააჯარიმა. სასამართლო სხდომაზე კურატიშვილს არ უარუყვია, რომ მზიას სტენსილი მისი გაკეთებული იყო - თუმცა თქვა, რომ ეს სრულად ჯდებოდა მისი გამოხატვის თავისუფლებაში.

„სილა რეჟიმს“ – ეს სტენსილები არის ჩემი გაკეთებული. ეს სტენსილები იყო ბრაზი, რომლის გამოხატვაც მინდოდა.

მე ვარ აქტივისტი და ჩემი აქტივისტობის განმავლობაში ყოველთვის ვჯდებოდი კანონის ფარგლებში, ოღონდ კანონის, რომელიც ადამიანის უფლებებს არ ზღუდავს.

მე წარწერები გავაკეთე იმ შენობის ღობეზე, სადაც დააკავეს მზია ამაღლობელი. მინდოდა, რომ ეს გზავნილი – „სილა რეჟიმს“ - დარჩენილიყო იმ შენობის ფასადზე, სადაც უსამართლობა მოხდა მზია ამაღლობელის მისამართით.

რაც შეეხება ამ პროცესს, ვფიქრობ, რომ ჩემს მიმართ დაწყებულია დევნა შინაარსის გამო და არა ფორმის. ებრძვიან სტენსილების შინაარსს.

რამდენი სტენსილია ბათუმის ქუჩებში? ქალბატონო მოსამართლევ, საინტერესო იქნება სტატისტიკის ნახვა, განყოფილებებიდან რამდენი მოგმართავთ იმ წარწერების გამო, აი, კედლებზე რომ წერია – „გიორგი სად ხარ? „მეტალიკა“, „ნათია მიყვარხარ“.

როცა კონკრეტული შინაარსი ენიჭება ამ სტენსილებს, მხოლოდ მაშინ იწყება დევნა“, – თქვა თამარ კურატიშვილმა სასამართლოზე.

33 წლის მარიანა ფომაევამ, რომელმაც აქტივისტის დაჯარიმების გადაწყვეტილება მიიღო, 2025 წლის მარტში 5 000-5 000 ლარით დააჯარიმა ბათუმში, ზებრა გადასასვლელზე პროტესტის ნიშნად ინტენსიურად მოსიარულე 18 მოქალაქე.

ფომაევა მოსამართლედ სამწლიანი ვადით 2024 წლის დეკემბერში დაინიშნა. მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა მან 2023 წლის 18 მარტს ჩააბარა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა აქტივისტს ქუჩაში გაკეთებული წარწერების ან გამოსახულების გამო აჯარიმებენ. მას არაერთი ჯარიმა აქვს სხვადასხვა საპროტესტო აქტისა და ტრანსპარანტის გამოც კი.

“სილა რეჟიმს”! აი, რაც შეხება ჩემს ჯარიმებს, სტენსილის ჯარიმებს ვიხდიდი-ხოლმე, ამ ბოლო ხანებში უსამართლოდ და უკანონოდ დაკისრებული ჯარიმების შემდეგ, გადავწყვიტე, ჯარიმები სისტემას ვათვლევინო. სასამართლო პროცესებს დავესწრები ხოლმე იმის მიხედვით, რა ხასიათზე გავიღვიძებ. ჯარიმები წერეთ და გეჭიროთ", - დაწერა მან სასამართლო სხდომამდე ფეისბუკზე.

სრულად წაკითხვა