სასამართლომ იოსებ სიგუასთვის ელექტრონული სამაჯური ძალაში დატოვა - ადვოკატი ბრალდებებს უარყოფს

1 hour ago 4

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს ელექტრონული ზედამხედველობა ძალაში დაუტოვა - სოსო სიგუას ადვოკატი ბრალდებებს უარყოფს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პოლიციის ყოფილ მაღალჩინოსანს, პოლკოვნიკ იოსებ (სოსო) სიგუას, რომლის წინააღმდეგაც მეუღლის მიმართ შესაძლო ძალადობის საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს, ელექტრონული ზედამხედველობის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. გადაწყვეტილება მოსამართლე თორნიკე ქოჩქიანმა მიიღო.

საქმე მას შემდეგ გახდა საჯარო, რაც იოსებ სიგუას მეუღლემ, სოფია სიგუა-შატბერავამ, ტელეკომპანია „პირველის“ გადაცემაში „ნოდარ მელაძის შაბათი“ განაცხადა, რომ ქმარი წლების განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა და სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდა. მისი თქმით, სიგუა მას „მე-12 სართულიდან გადაგდებით“, „კასრში ჩასმითა და დამარხვით“ ემუქრებოდა, ერთხელ კი იარაღიც შუბლზე მიადო. სოფია სიგუა ასევე ამტკიცებს, რომ მეუღლე მას ორსულობის პერიოდშიც სცემდა.

სოფია სიგუას ინტერესებს ორგანიზაცია „საფარი“ იცავს. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ბაია პატარაიამ, სასამართლოს გადაწყვეტილებამდე განაცხადა, რომ გამოძიების ფარგლებში იოსებ სიგუას ელექტრონული სამაჯური უნდა დამაგრებოდა. მისი თქმით, დაზარალებულმა 112-ში დახმარებისთვის ოთხჯერ დარეკა, თუმცა პოლიცია მხოლოდ მას შემდეგ მივიდა, რაც გენერალურ ინსპექციასაც მიმართეს. პატარაია ასევე ამტკიცებს, რომ რისკების შეფასების შედეგად ელექტრონული ზედამხედველობის გამოყენების გადაწყვეტილება მიიღეს.

თავად სოფია სიგუა სოციალურ ქსელში წერდა, რომ პოლიციაში მისი ზარის შესახებ ინფორმაცია იოსებ სიგუამ წინასწარ გაიგო, რის შემდეგაც მის ადვოკატს დაუკავშირდა და ზარის გაუქმება მოითხოვა. მისი თქმით, საბოლოოდ სამართალდამცველებმა შემაკავებელი ორდერი გამოწერეს, ხოლო შეფასების შედეგად ელექტრონული სამაჯურის გამოყენების საფუძველი დადგინდა.

იოსებ სიგუამ სასამართლო პროცესზე უკვე ყოფილი პოლიციელის სტატუსით წარდგა. მისი ადვოკატის, თეონა გვაზავას განცხადებით, სიგუამ შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობა დროებით დატოვა, რათა გამოძიებაზე გავლენის შესაძლო ეჭვები გამორიცხულიყო.

სიგუა აღნიშნულ თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა, მანამდე კი თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების მთავარი სამმართველოს უფროსი იყო.

ადვოკატი, თეონა გვაზავა მეუღლის ბრალდებებს სრულად უარყოფს და აცხადებს, რომ მათ რეალობასთან კავშირი არ აქვთ.

მისი თქმით, დაცვის მხარე ფლობს მტკიცებულებებს, რომლებიც სოფია სიგუას განცხადებებს ეწინააღმდეგება, ხოლო წლების განმავლობაში ძალადობის დამადასტურებელი არც მოწმე, არც სამედიცინო დოკუმენტი და არც სხვა მტკიცებულება არ არსებობს.

გვაზავას განცხადებით, ისინი კანონით გათვალისწინებულ ყველა სამართლებრივ მექანიზმს გამოიყენებენ იოსებ სიგუას უდანაშაულობის დასადასტურებლად და მისი პატივისა და ღირსების დასაცავად.

ადვოკატი ასევე ამბობს, რომ ბრალდებების ნაწილი, მათი დადასტურების შემთხვევაშიც კი, ხანდაზმულობის გამო სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ვერ გამოიწვევდა.

თეონა გვაზავას თქმით, სოფია სიგუას მოქმედებები ქონებრივ დავას უკავშირდება. მისი მტკიცებით, სიგუა-შატბერავა ფინანსური და ქონებრივი ინტერესებით მოქმედებს, ხოლო მედიასა და საგამოძიებო ორგანოებს მას შემდეგ მიმართა, რაც იოსებ სიგუამ სასამართლოს გზით საკუთარი ქონებრივი უფლებების დაცვა დაიწყო.

იოსებ სიგუა საზოგადოებამ პირველად, ხორავას საქმის გამომძიებლის რანგში გაიცნო. მას დათუნა სარალიძის ოჯახი მკვლელობის ფალსიფიცირების ბრალდებას უყენებდა.

სრულად წაკითხვა