სასამართლომ ლევან ღამბაშიძეს ცილისწამების საქმეზე ნინო წილოსანისთვის 10 000 ლარის გადახდა დააკისრა

6 hours ago 4

თბილისის საქალაქო სასამართლომ ფილოსოფოს ლევან ღამბაშიძეს „ქართული ოცნების“ დეპუტატ ნინო წილოსანისთვის 10 000 ლარის გადახდა დააკისრა. სასამართლომ გადაწყვეტილება დეპუტატის სასარგებლოდ იმ ცილისწამების საქმეზე მიიღო, რომელშიც ღამბაშიძე წილოსანის ოჯახს კორუფციაში ადანაშაულებდა.  

მაისში ღამბაშიძემ განაცხადა, რომ წილოსანმა მას უჩივლა და 10 000 ლარის კომპენსაცია მოითხოვა მას შემდეგ, რაც თებერვალში სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტში ღამბაშიძემ განაცხადა, რომ წილოსანის ოჯახმა სახელმწიფო ბიუჯეტიდან 65 მილიონი ლარი მოიპარა. წილოსანმა საჯაროდ მოუწოდა მას, რომ განცხადება უკან წაეღო და გააფრთხილა, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი სასამართლოში შეხვდებოდნენ.

„ლევან ღამბაშიძემ იცრუა ჩემი ოჯახის წინააღმდეგ გავრცელებულ ინფორმაციაში, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებამაც დაადასტურა!“, – დაწერა წილოსანმა „ფეისბუქზე“ 29 ოქტომბერს. „დააკმაყოფილა რა სრულად ჩემი სარჩელი, ამით კიდევ ერთხელ განამტკიცა იმედი რომ არც ერთი დეზინფორმაცია და ცრუ ბრალდება  უპასუხოდ არ დარჩება“.

საპასუხოდ, ღამბაშიძემ „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ „ტყუილია რომ სასამართლომ დაადასტურა რომ მე ვიცრუე. სასამართლომ თუ რამე დაადასტურა, არის ის, რომ სასამართლო ქართული ოცნებისაგან დამოუკიდებელ გადაწყვეტილებებს ვერ იღებს“.

დავის საფუძველი გახმაურებული მითვისება-გაფლანგვის საქმე გახდა, რომელშიც შპს „ვაგონმშენებელი კომპანიის“ დამფუძნებელი ბადრი წილოსანი და ნინო წილოსანის ყოფილი მეუღლე, ვლადიმერ აბულაძე იყვნენ ჩართულნი. ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ისინი „საქართველოს რკინიგზიდან“ 65 მილიონი ლარის მითვისებაში დაადანაშაულა, სატვირთო ვაგონის შესაკეთებელი თანხების ხელოვნურად გაზრდის გზით.

ბრალდებულები 2013 წელს გირაოთი გაათავისუფლეს. გამოცემა „პუბლიკას“ ინფორმაციით, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2023 წელს ყველა ბრალდებული გაამართლა. მოგვიანებით, 2024 წლის სექტემბერში, სააპელაციო სასამართლომ ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

This post is also available in: English

სრულად წაკითხვა