არჩილ მეფარიძეს პროკურატურა ედავებოდა 2022 წლის 7 აპრილს მოქალაქე ლელა ჯუღელის მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობასა და სიცოცხლის მოსპობის მუქარას.
მეფარიძე სასამართლოში 2023 წლის 2 მაისს პირველად, პროცესის დაწყებიდან ოთხი თვის შემდეგ მივიდა და განაცხადა, რომ თავს დამნაშავედ არ ცნობდა.
2024 წლის 27 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა შკუბულიანმა ორივე მუხლში ცნო დამნაშავედ.
ლელა ჯუღელი ამბობდა, რომ შვილის სახლთან, მიმდებარე ტერიტორიაზე, მანქანის დაპარკინგებას ცდილობდა, რა დროსაც მეფარიძემ მას სახეში მუშტი ჩაარტყა:
„მანქანიდან უნდა გადმოვსულიყავი, რომ უცებ მანქანასთან მოდის ამხელა კაცი და უშვერი სიტყვებით მიწყებს ლანძღვას და ფეხს ურტყამს მანქანას. ფანჯრის აწევას ვერ ვასწრებ და ჯერ მუშტს მირტყამს სახეში, შემდეგ სილას და გარბის. ეს ადამიანი ამედევნა და როგორც კი გავაჩერე მანქანა, მოვარდა, უშვერი სიტყვებით გამლანძღა და თან ფიზიკურად იძალადა“, - უამბობდა ის რადიო თავისუფლებას.
დაცვის მხარე განაჩენს არ ეთანხმება და გეგმავს, გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივროს.