სასამართლომ სადიგოვის უკანონო პატიმრობა კიდევ სამი თვით გააგრძელა- SJC

3 hours ago 2

სოციალური სამართლიანობის ცენტრის განცხადებით, დღეს, 31 იანვარს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აფგან სადიგოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული საექსტრადიციო პატიმრობის კიდევ 3 თვით გაგრძელება მოითხოვა. განცხადების მიხედვით, პროკურატურის შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დღესვე დააკმაყოფილა და სადიგოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული საექსტრადიციო პატიმრობა 3 მაისამდე გაგრძელდა.

“სასამართლო პროცესზე სოციალური სამართლიანობის ცენტრი ასაბუთებდა, რომ არ არსებობდა აფგან სადიგოვის მიმართ საექსტრადიციო პატიმრობის ძალაში დატოვების საფუძვლები და სასამართლოს შეეძლო მის მიმართ გამოეყენებინა გირაო 10 000 ლარის ოდენობით. საქართველოს პროკურატურა პატიმრობის გამოყენების საფუძვლად ექსტრადიციის პროცესის დაუსრულებლობას, მიმალვის საფრთხესა და საქართველოში ოჯახური კავშირების არარსებობას უთითებდა, თუმცა არცერთი ხელშესახები, რეალური მტკიცებულება, რომელიც ამ საფრთხეების არსებობას დაადასტურებდა სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი არ ყოფილა.

როგორც ცნობილია, აფგან სადიგოვი თბილისში 2024 წლის 3 აგვისტოს დააკავეს და მას თბილისის საქალაქო სასამართლომ 2024 წლის 4 აგვისტოს წინასწარი 3-თვიანი საექსტრადიციო პატიმრობა შეუფარდა, რაც 1 ნოემბერს კვლავ სამი თვით გაგრძელდა. საექსტრადიციო პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი 4 თვეზე მეტია პროტესტის ნიშნად შიმშილობს და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა. აფგან სადიგოვის ექსტრადირებას ითხოვს აზერბაიჯანის რესპუბლიკა იქ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნის საფუძვლით, თუმცა საქმის გარემოებებით დგინდება, რომ სისხლის სამართლის ბრალდება ჟურნალისტის მიმართ სრულიად უსაფუძვლოა და არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მისი ექსტრადირება აზერბაიჯანში მისი დასჯის მიზნით არის მოთხოვნილი. თუმცა, თბილისის საქალაქო სასამართლომ და საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დასაშვებად მიიჩნიეს 2024 წლის ნოემბერში და დეკემბერში,” – ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოციალური სამართლიანობის ცენტრმა 2025 წლის 10 იანვარს, ხოლო მანამდე 2024 წლის 9 დეკემბერს, მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს და სასამართლო რეგლამენტის 39-ე წესის შესაბამისად, მოითხოვა დროებითი ღონისძიების გამოყენება და აზერბაიჯანში სადიგოვის ექსტრადიციის შეჩერება.

“ეს მექანიზმი გამოიყენება იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს უფლებების დარღვევის მაღალი და შეუქცევადი რისკი და საჭირო ხდება სახელმწიფოების კონვენციის საწინააღმდეგო ქმედებების შეჩერება. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილა და 2025 წლის 14 იანვარს და 2025 წლის 28 იანვარს მიიღო გადაწყვეტილებები, რომლებშიც საქართველოს ხელისუფლებას მიუთითა, რომ აფგან სადიგოვის გადაცემა აზერბაიჯანისთვის აკრძალულია 2025 წლის 4 მარტამდე. უნდა აღინიშნოს, რომ ევროპული სასამართლოს ეს გადაწყვეტილებები ერთგვარი შუალედური გადაწყვეტილებებია და 2025 წლის 4 მარტისთვის სასამართლო კვლავ მიიღებს გადაწყვეტილებას ექსტრადიციის უფრო ხანგრძლივი ვადით შეჩერებასთან დაკავშირებით.

დღევანდელ პროცესზე სასამართლოს წინაშე სხვა მნიშვნელოვან მტკიცებულებებთან ერთად წარდგენილი იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ზემოთ დასახელებული გადაწყვეტილებაც ექსტრადიციის პროცესის შეჩერებაზე, თუმცა, სასამართლომ აღნიშნულიც სამართლებრივი შეფასების გარეშე დატოვა და ფორმალურად მიუთითა, რომ არსებობდა საექსტრადიციო პატიმრობის ძალაში დატოვების საფუძვლები. სასამართლოს გადაწყვეტილებას სოციალური სამართლიანობის ცენტრი თბილისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს,” – აცხადებს სოციალური სამართლიანობის ცენტრი.

აფგან სადიგოვი თბილისის წინასწარი დაკავების იზოლატორში 21 სექტემბრის შემდეგ, 133 დღეა, რაც შიმშილობს. თბილისის იზოლატორში შიმშილობის მე-17 დღეს სადიგოვი შეუძლოდ გახდა და  საავადმყოფოში გადაიყვანეს.

სადიგოვი თბილისში 3 აგვისტოს დააკავეს. ქართული მხარის განცხადებით, სადიგოვი აზერბაიჯანის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულისთვის იძებნებოდა. ოჯახი და უფლებადამცველი ორგანიზაციები, ასევე დამოუკიდებელი მედია, მის დაკავებას ილჰამ ალიევის ხელისუფლების მხრიდან პოლიტიკურ დევნას უკავშირებს.

სრულად წაკითხვა