WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

მიხაილ ტიმოფეევის შესახებ, პირის, რომელიც თბილისში პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა, სასამართლომ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და დაადგინა, რომ მოსკოვის მხრიდან მოთხოვნის საფუძველზე, დასაშვებია, იგი რუსულ მხარეს გადაეცეს.

გადაწყვეტილება მოსამართლე ეკა ბარბაქაძემ დღეს, 4 სექტემბერს მიიღო.

მიხაილ ტიმოფეევი ხაბაროვსკის მხარის ყოფილი გუბერნატორის, სერგეი ფურგალის თანაშემწე იყო. საქართველოში ის 2024 წლის მარტიდან ცხოვრობდა და რუსეთის ხელისუფლების მხრიდან დევნის საფუძველზე, პოლიტიკურ თავშესაფარს ითხოვდა, თუმცა საქართველოსგან უარი მიიღო.

60 წლის ტიმოფეევი 2026 წლის 23 იანვარს დააკავეს საქართველოს პროკურატურის შუამდგომლობით, რომელიც ინტერპოლის მოსკოვის ბიუროს წერილს ეყრდნობოდა, მიუხედავად იმისა, რომ ინტერპოლმა ტიმოფეევის მიმართ გამოცემული ძებნის წითელი ცირკულარი ჯერ კიდევ 2025 წლის სექტემბერში გააუქმა.

ტიმოფეევსა და მის ადვოკატებს 7 დღის ვადა აქვთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მისი ექსტრადიციის დასაშვებობის შესახებ, უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრონ. ადვოკატები ამბობენ, რომ ამ საქმეს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც წაიღებენ. მათი თქმით, ტიმოფეევის ჯანმრთელობასა (იგი მესამე ჯგუფის შშმ პირია) და სიცოცხლეს რუსეთში გარდაუვალი საფრთხე ემუქრება.

პროკურორ თემურ ცინდელიანის თქმით, გენერალურმა პროკურატურამ შეისწავლა ყველა ხელმისაწვდომი მასალა, რუსეთის მხრიდან მოწოდებული ინფორმაციითურთ და ჩათვალა, რომ არ იკვეთებოდა არანაირი ხელის შემშლელი გარემოება, სასამართლოსთვის მსგავსი შუამდგომლობით არ მიემართათ. პროკურორის თქმით, ინტერპოლის არხებიდან ამ ინფორმაციის მიწოდების პერიოდში, რუსეთის მხრიდან მოთხოვნა იყო ვალიდური და ის, რომ მოგვიანებით ტიმოფეევი ამოიშალა ძებნილთა სიიდან, არ არის დამაბრკოლებელი გარემოება. გარდა ამისა, პროკურორი აღნიშნავს, რომ არაფრით დასტურდება, რომ ტიმოფეევის მიმართ რამე „არაჯანსაღი ინტერესი“ არსებობს, რაც მას „უკანონო მოტივებით სისხლის სამართლებრივი დევნის მსხვერპლად“ აქცევდა.

„დეტალური გარანტიები იქნა გამოთხოვილი ექსტრადიციის ინიციატორი სახელმწიფოდან, სწორედ სხვა გარანტიებთან ერთად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ უზრუნველყოფილი იქნება ექსტრადიციის განხორციელების შემთხვევაში შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით. მოწოდებული იქნა გარანტია, სხვა გარანტიებთან ერთად. გაგვაჩნია აღნიშნული გარანტიების ეფექტური კონტროლის მექანიზმი. აპრობირებული პრაქტიკაა და შესაბამისი საკონსულო წარმომადგენელი, ჩვენი მოთხოვნის საფუძველზე, განახორციელებს გარანტიების აღსრულების მონიტორინგს. ექსტრადიციის შემთხვევაში, არ არსებობს ეჭვის შეტანის საფუძველი, რომ მოხდება მოწოდებული გარანტიების არშესრულება ექსტრადიციის ინიციატორი სახელმწიფოს [რუსეთის] მიერ.

არანაირი მოცემულობით არ დგინდება, რომ: 1) აღნიშნული პირი ახორციელებდა პოლიტიკურ საქმიანობას. პოლიტიკოსის თანაშემწე რომ იყო, რა თქმა უნდა, არ გულისხმობს, რომ პოლიტიკურ საქმიანობას ეწეოდა; 2) არანაირი მტკიცებულებით არ დგინდება და ვერც დაცვის მხარემ წარმოადგინა მტკიცებულება, რომ აღნიშნული პირი რამე სახით იყო ჩართული საარჩევნო პროცესში.

ექსტრადიციის გამომრიცხავი გარემოება არ იკვეთება, მათ შორის, ადამიანის უფლებების ნაწილში“, — თქვა პროკურორმა ცინდელიანმა.

პროკურორი ამბობს იმასაც, რომ მართალია, არსებობს ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოს ორი გადაწყვეტილება ტიმოფეევის მიმართ, მაგრამ ისინი ეხება სხვა სისხლის სამართლის საქმეს, რაზეც სასჯელი ტიმოფეევს უკვე მოხდილი აქვს რუსეთში [ორგანიზებული ჯგუფის მიერ ტაქსის მძღოლებისთვის ფულის გამოძალვა], ახლა კი რუსეთში იგი სხვა დანაშაულისთვის არის მსჯავრდებული.

ტიმოფეევი ამბობს, რომ პირველი [გამოძალვის] საქმეც პოლიტიკურად მოტივირებული იყო. თემურ ცინდელიანის აზრით კი, ეს რომ პოლიტიკურად მოტივირებული საქმე ყოფილიყო, რუსეთი შეღავათებს არ გამოიყენებდა (პირობით ვადაზე 1 წლით ადრე არ გაათავისუფლებდა ტიმოფეევს) და ამასთან, მისი თანაბრალდებულები და დაზარალებული ტაქსის მძღოლები მის წინააღმდეგ ჩვენებებს არ მისცემდნენ.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დარღვევები დაადგინა ტიმოფეევის მიმართ გამოძალვის საქმეში (დაირღვა თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის უფლება, ასევე პატიმრობაში იმყოფებოდა სათანადო დასაბუთების გარეშე. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა არასათანადო, დამამცირებელ მოპყრობას).

ამჯერად ტიმოფეევს რუსეთში 2000-იან წლებში მეწარმეთა მკვლელობებისა და მკვლელობის მცდელობებს ედავებიან. რუსული ბრალდება ამტკიცებს, რომ ტიმოფეევი ორგანიზებული ჯგუფის წევრი იყო, რომელიც სერგეი ფურგალმა შექმნა კონკურენტების თავიდან მოსაშორებლად. თავად ფურგალი 2020 წელს დააკავეს, როგორც უფლებადამცველები ამბობენ, იმის გამო, რომ ის პუტინისთვის არასასურველ ადამიანად იქცა. ტიმოფეევს დაუსწრებლად მიუსაჯეს პატიმრობა 2023 წლის დეკემბერში ფურგალის დანაშაულებში თანამონაწილეობის საბაბით.

რას ამბობენ მიხაილ ტიმოფეევის ადვოკატები:

„დაცვის მხარემ 2000 გვერდამდე დოკუმენტი წარადგინა, რომელიც მოიცავდა მტკიცებულებებს, ახსნა-განმარტებებსა და ჩვენს პოზიციებს. ჩვენ გავაქარწყლეთ პროკურატურის შუამდგომლობა და არგუმენტები, რომლითაც ისინი ითხოვდნენ ექსტრადიციის დასაშვებობას.

წარმოდგენილ მასალებში არ იკვეთება ტიმოფეევის დანაშაულში მონაწილეობის დამადასტურებელი არცერთი მტკიცებულება. მას რუსეთში 3 ბრალდება აქვს წარდგენილი. თავად საქართველოს პროკურატურამ მიიჩნია, რომ ერთ ნაწილში საკითხი იყო ხანდაზმული. როდესაც რუსეთის მხარე ხანდაზმული მუხლით ცდილობს, რომ მოითხოვოს პირის ექსტრადიცია, დანარჩენ ორ ნაწილში რა თქმა უნდა ისმის სერიოზული კითხვები და იწვევს უნდობლობას.

პირველივე დღიდან უკანონოდ დაიწყო პროცედურა ტიმოფეევის მიმართ. მისი დაკავება ძებნის გაუქმებული დოკუმენტის საფუძველზე განხორციელდა. საფუძველს მოკლებული და აბსოლუტურად დაუსაბუთებელია პროკურატურის პოზიცია [რომ დოკუმენტის შემოსვლისას ის ვალიდური იყო]. დაკავების დღიდან ვასაბუთებთ, რომ 2023 წლის დოკუმენტი, რის საფუძველზეც მოითხოვა რუსეთმა ექსტრადიცია, 2024 წელს ჯერ დაიბლოკა და 2025 წლის სექტემბერში ინტერპოლმა ოფიციალურად წაშალა ძებნიდან ტიმოფეევი. საფუძველი მისი დაკავების იყო აბსოლუტურად გაუმართლებელი.

სასამართლომ არ გაითვალისწინა არც ეს გარემოებები, არც რუსეთში მის მიმართ არსებული დარღვევები, რაც ევროსასამართლომ დაადგინა. არ გაითვალისწინა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციები, როგორიცაა გაეროს სპეციალური მომხსენებლის რეკომენდაცია, რომელიც სპეციალურად ტიმოფეევთან მიმართებით გაიცა და საუბარია, რომ ტიმოფეევთან აუცილებლად ექნება ადგილი არაადამიანურ მოპყრობას.

ვსაუბრობთ რუსეთზე, ტიმოფეევთან მიმართებით იქ ადამიანის უფლებათა კონვენციის დარღვევის გამოცდილება არსებობს. როგორ შეიძლება ენდო გარანტიების რუსეთის მხრიდან, რომელიც არ ასრულებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს წლების განმავლობაში, აქვს პრაქტიკა გარანტიების შეუსრულებლობის?!“ — ამბობს ნეტგაზეთთან ადვოკატი რუსუდან მჭედლიშვილი.

თუ უზენაესი სასამართლოც ძალაში დატოვებს მოსამართლე ეკა ბარბაქაძის გადაწყვეტილებას, ტიმოფეევის ადვოკატები საერთაშორისო მექანიზმების გამოყენებას გეგმავენ.