WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ლევან ხაბეიშვილის ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე ითხოვს, პოლიტიკოსს დაუბრუნონ მობილური ტელეფონი, რომელიც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ამოიღო.

ადვოკატი ამბობს, რომ ტელეფონის დაბრუნებაზე გადაწყვეტილება სასამართლომ 3 თვის წინ მიიღო. ტყეშელაძე აღნიშნავს, რომ სასამართლოს განაჩენის შეუსრულებლობა სისხლის სამართლის დანაშაულია.

„ერთი წელი გადის, მას შემდეგ რაც ე.წ. საგამოძიებო მოქმედების შედეგად ლევან ხაბეიშვილის ტელეფონი სუს-მა წაიღო. ჩვენ როდესაც ვეუბნებოდით, რომ ამ ტელეფონში არის ლევან ხაბეიშვილის შვილების ფოტოები, ვიდეოები და დაებრუნებინათ აღნიშნული ტელეფონი, გვეუბნებოდნენ რომ იქამდე ვერ დააბრუნებდნენ, სანამ არ იქნებოდა სასამართლოს გადაწყვეტილება.

მე ხელთ მაქვს განაჩენი, სადაც პირდაპირ წერია, რომ აღნიშნული ტელეფონი უნდა დაუბრუნდეს ლევან ხაბეიშვილს. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლემ 3 თვის წინ მიიღო და 3 თვეა, ლევან ხაბეიშვილს მაინც არ უბრუნებენ ტელეფონს“, – თქვა ადვოკატმა.


„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთ ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს 2.5 წელი მიესაჯა.

მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლი [ქრთამის შეთავაზება] შეცვალა 318-ე მუხლის [საბოტაჟი] პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს საქართველოს დასუსტების მიზნით, სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის ნორმალური ფუნქციონირებისათვის ხელის შეშლას.

გადაკვალიფიცირებული მუხლის ფარგლებში, მოსამართლემ სასჯელის ზომად ხაბეიშვილს 2 წლით პატიმრობა განუსაზღვრა. მეორე მუხლის ფარგლებში კი [317-ე — საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისაკენ ან სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ] სასჯელის ზომად განუსაზღვრა 2 წლითა და 6 თვით პატიმრობა. უფრო ხანგრძლივმა სასჯელმა შთანთქა წინა მუხლის ფარგლებში განსაზღვრული ნაკლებვადიანი საპატიმრო სასჯელი.