თბილისის საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვეს პროევროპულ აქციებზე დაკავებული პირების ადვოკატებმა და მათმა მხარდამჭერებმა. დარბაზიდან გაიყვანეს თავად დაკავებულებიც.
ამ წუთებში სხდომა გრძელდება მხოლოდ მოსამართლის, მდივნებისა და პროკურორების თანდასწრებით.
ბრალდებულები და მათი ადვოკატები ორი საათის განმავლობაში ითხოვდნენ დარბაზის შეცვლას, რადგან მათი თქმით, მცირე დარბაზში, სადაც სხდომა მიმდინარეობდა, დამსწრეთა დიდი რაოდენობის გამო, შეუძლებელი იყო მუშაობა.
ერთ-ერთი დაკავებული, ირაკლი მიმინოშვილი გახდა შეუძლოდ. სასამართლოში გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც. ექიმებმა ჯანმრთელობის ცნობაში ჩაწერეს, რომ ის, სავარაუდოდ, უჰაერობის გამო გახდა შეუძლოდ, თუმცა, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ მაინც არ მიიღო დარბაზის შეცვლის გადაწყვეტილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოში გრძელდება პროევროპული დემონსტრაციების დროს ჯგუფური ძალადობის საქმეებზე დაკავებულთა პროცესი, სადაც მოსამართლემ მათი პატიმრობის საკითხზე უნდა იმსჯელოს.
11 იანვრის სხდომას 8 ბრალდებული ჰყავს.
აქედან სამს - ვეფხია კასრაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ზვიად ცეცხლაძეს, გამოძიება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება.
დანარჩენ ხუთს, მათ შორის 19, 20 და 21 წლის ახალგაზრდებს, ირაკლი მიმინოშვილს, თორნიკე გოშაძეს, ინსაფ ალიევს, ნიკოლოზ ჯავახიშვილსა და გიორგი გიორგაძეს - ძალადობაში მონაწილეობას.
ანალოგიური პროცესი გაიმართა 10 იანვარსაც, სადაც თერთმეტი პირის პატიმრობის საკითხი გადაიხედა, მათ შორის იყო მსახიობი ანდრო ჭიჭინაძე, იუმორისტი ონისე ცხადაძე, სტუდენტი თორნიკე კიკნაძე.
მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ ყველა მათგანი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მის ამ გადაწყვეტილებას სასამართლოს შენობასა და ეზოში ხმაური და პროტესტი მოჰყვა.