WEBO.GE ციფრული
სერვისები
💻 საიტების დამზადება
🚀 SEO ოპტიმიზაცია
📞 579 817 817

ლექსები · სატრფიალო ქრისტეს მიმართ · დედოფალ ღვთისმშობელს

უტკბილესო იესო, ჩემი სულის ბალზამო!

გულის სიყვარულო და ჩემი სუნთქვის ჰაერო,

ნათელო გონიერო, ტრფიალო, ძალო ჩემო!

ო, მრავალსაკვირველო სიყვარულო, წადილო

სიცოცხლისა ჩემისა, ჩემო სიტკბოებაო!

რწმენავ, ჩემო იმედო, ო, ტკბილო სიყვარულო,

ყოვლად უსაწადლესო, მაცხოვარო, ნუგეშო,

მოდი ჩემთან, სუნთქვაო, ჩემო საღმრთო სიცოცხლევ,

ჩემო თვალთა ნათელო, სულის მხიარულებავ!

განმინათლე შიგანნი, გულიცა და გონებაც,

და მოჰმადლე ჩემს სხეულს უვნებობა ხორცისა,

გონება გამიბრწყინე ღვთაებრივი ნათებით,

იბრწყინონ, ამოქმედდნენ ჩემში საღმრთო ცოდნანი.

ამისრულე, უტკბესო სიყვარულო, რასაც გთხოვ:

მიბოძე ფერხნი შენნი, ჩავიხუტო, დავკოცნო.

ვეძიებ, ჩემო ტკბილო, ველი, რასაც დაგვპირდი,

ლმობით გიხმობ, ვრეკ, გიცდი, მწადია, რომ მოხვიდე,

მამით, სულიწმინდითურთ ჩემში რომ შემოხვიდე.

გთხოვ, მაქციო სავანედ წმინდა მსახურებისთვის,

როგორც მამას, ძესა და სულიწმინდას ენებოს,

ღირსმყავ, წართვით გიმღერო დაუდუმრად ღამეც, დღეც,

და ნუ განმეშორები, ჩემგან პირს ნუ მიიქცევ,

ხომ იცი, უძლური ვარ, ნუ გამომცდი, ვითანგვი,

ვერ ვუძლებ, ბოლოს მიღებს განშორების წუთები,

შენდამი სიყვარული მწვავს და დავიხრუკები.

ალი ამდის, გეძიებ ზეცაში, რომ გიპოვო,

გული ძალუმად მიძგერს – ვგრძნობ, რომ ისევ ჩემში ხარ

მწვავს შენი ძვრა, სიძნელე სხეულის ტარებისა.

ვიცი, ხშირად გულსა გტკენ, პირნათელი არა ვარ,

შენ კი მაინც გიყვარვარ, წყენას გულში არ იდებ,

სახიერო, ქრისტეო, ჩემო უსაყვარლესო,

ნუ დამტოვებ, უტკბესო, რათა არ დაგივიწყო!

გიყვარვარ და მეც გეტრფი, გიპყრივარ და მეც ვდგავარ,

მაგრამ თუ მომშორდები, ბალახივით ვეცემი,

შენა ხარ სიყვარული, ძალი ჩემი ცეცხლისა,

ტრფიალი და სურვილი, ნდომა, გულმოდგინება.

ყველაფერი მწყობრშია, შენ როცა ჩემთანა ხარ,

მაგრამ, თუკი განმშორდი, წამსვე სული ბნელდება,

ჩემშივ გაცნობიერებ, თუმცა, ვხედავ, გარეთ ხარ,

ჭვრეტისაკენ მიმიძღვი, განკვირვება იპყრობს თვალს:

სადაც არ უნდა მივმართო მზერა,

აღავსებ, ქრისტე, თითოს და ყველას,

წირვაზე მოვალ, გეზიარები,

ქოხშიც შენ გპოვებ, როცა ვბრუნდები.

განიტეხები და განიყოფი,

ქრისტიანთაგან შენ მიირთმევი

მამასთან ერთად წმინდასა შინა,

და სამყაროშიც შენ იმყოფები.

ეკლესიაში შეიწირები, ჩემში – მთელი ხარ,

და არ არსებობს არსად ადგილი, სადაც შენ არ ხარ

ვისაც უყვარხარ და ვინაც შენ გცნობს,

იმათ უჩვენებ, თუ რა ძალებს ფლობ.

მიკვირს, მაცვიფრებს, ვძრწი და ფრთა მესხმის,

ეს ყველაფერი თუ როგორ ხდება,

არ ძალმიძს გითხრა, როგორ გაუწყო:

ღვთაებრივ აზრთა სიღრმეებში ვარ,

ამოვალ, ისევ სიყვარულს ვიმოს.

ისევ იმას ვხმობ: გეტრფი, უფალო,

ო, უტკბილესო, ო, ღმერთო ჩემო,

იესო ჩემო, ო, მაცხოვარო,

ყოვლადწმიდაო ჩემო იესო!

ნუ დაიღლები ჩემს განსწავლაში,

ჩემს განათლება-დარიგებაში,

შენი ნებისებრ მე წარმიძეხი,

როგორც შენ უწყი, გთხოვ, მაცხოვარო!

გთხოვ, განუწყვეტლივ განმამდიდრებდე

უკიდეგანო შენს სიყვარულში

და შემეწიე, სულ მასში ვიყო –

დარწმუნებულ ვარ, რომ ჭეშმარიტად

წინ წამიძღვება და შენს წიაღად

მომაღწევინებს, ღმერთს ჩამახუტებს,

რომ გავიხარო და რომ ვიშვებდე,

ო, შენთან ერთად, ქრისტესთან ერთად,

ჩემს უფალსა და ღმერთთან ერთად

უკუნითი უკუნისამდე,

ამინ.

7.

დედოფალ ღვთისმშობელს

ო, ბასილისავ, ღვთისმშობელო, ყოვლადწმიდაო,

მთელი მსოფლიოს დედოფალო, ყოვლთა ცხოვნებავ,

დედაო ჩემო, სასოებავ, ნუგეშო ჩემო,

ერთადერთო და სანატრელო, დედავ, მარიამ!

ო, ერთადერთო შემწევ ჩემო იმ გასაჭირში,

რაც კი მონაზონს უფლის გზების გავლისას შესწონს,

ანგელოზების დედოფალო, ყოვლად მაღალო,

ქერუბიმთა და სერაბიმთა უზეშთაესო.

სამოთხის ამო სურნელებავ, ზეცის ნათებავ,

ყოვლთა წმინდათა უნათლესო სახიერებავ,

საოცარ იყო მუცლადღება და შობა – წმინდა,

გაზრდაც და აღზრდაც, – ყოვლადწმინდა გამოგვიბრწყინდი.

წმინდათწმინდაში გასაზრდოეს ანგელოზებმა,

საღმრთო მანანით გამოგკვებეს მტრედი უბიწო,

მისია შენი ზეგარდამო იყო ხსნა ჩვენი

ჯოჯოხეთისგან, ბორკილთა წილ – ჩვენი ცხოვნება.

რადგანაც გვიშევ სიტყვა, მამის, დაუსაბამოს,

სამპიროვანი ღმერთის შემდეგ მეორე შენ ხარ,

რადგანაც ძუძუ შენ აწოვე ყოვლთა შემოქმედს,

კადნიერება გერგო ყოვლად ამაღლებული.

მეოხი გვყავხარ ღმერთის, ძისა და სიტყვის მიმართ,

შენ დაიფარე მორწმუნენი, ვით ყოვლთა დედამ,

მომეც სიტყვები, დედოფალო, რომ გიგალობდე,

დიდებულებას შენსას რათა ქება შევასხა.

ასევე მომეც განათლება, ცოდნა და სიბრძნე,

გონიერება, საღი განსჯა, საღმრთო სიტყვები,

რომლებიც გეთნვის, ის სიტყვები მიბოძე მდაბალს,

ჩავეძიო და ვინეტარო მათი შეცნობით.

შენ ყოველივე ძალგიძს, როგორც დედას უფლისას,

ანგელოზების დედოფალს და აღმატებულესს,

გვედრი, ისმინე, დედაღვთისავ, ტკბილო მარიამ,

რომ განმინათლო ბნელი, ჩემო ყოვლადწმინდაო!

ხომ დამარიგე, შემწე მექმენ, აქ მომიყვანე,

ნუ შემატოვებ მოძალებულ ვნებათა წყვდიადს,

არამედ მიხსენ, კვლავაც შენვე გამასუფთავე,

გონიერი მტრის კლანჭებისგან რათა განვერე.

ო, მომანიჭე საქორწინე შესამოსელი,

გაბრწყინვებული და უნივთო, ო, დედოფალო,

რათა შევიდე, ბასილისავ, სიძის ქორწილში,

არ გამომაგდონ, შიშველი და უხმარი ხარო!

ო, ღვთისმშობელო, ო, წადილო სულის ჩემისა,

ნუგეშო მხოლოვ, შეურევნელო სასოებაო!

ნუ მიმატოვებ, გევედრები, დამიცავი მე,

ქრისტეს წიაღში წარმიძეხი და წარმადგინე !

გთხოვ, სიკვდილისას მომიხილო, ჩემ გვერდით იყო,

სული არ ძრწოდეს შიშისაგან ხორცთან გაყრისას,

საზვერეები როგორ განვვლო საიქიოში,

თუკი გვერდით არ მეყოლები, ვით გადავლახავ?

ტკბილო დედაო, ბევრს კი განვსჯი, ბევრ რამეს ვფიქრობ,

მაგრამ სამია მტერი ჩემი, მჯაბნი მუდმივად:

ეშმაკნი, ჩვევა და უძლური ჩემი ბუნება,

მეწიე, თორემ მარტოს ბრძოლა არ გამომივა!

სხეული მუდამ განცხრომისკენ მიიზიდება,

ცუდი ჩვევაც ხმობს: ასეაო ბუნების წესი!

გულღრძო ეშმაკი წუთითაც კი არა მცილდება

და დაუცხრომლად მებრძვის, როგორც ნადირი, მხეცი.

მახეს დამიგებს მარჯვნივ, და თუ მიხვდა, რომ ვნახე,

წამსვე მარცხნიდან შეუდგება სხვა მახის გაბმას,

თუ დავურღვიე, თავს დამივლის, ზურგისკენ წავა,

ხსოვნას დამიხშობს, დავიწყების მორევში მძირავს,

ხოლო იქაც თუ შევებრძოლე, პირისპირ მოდის,

წარმოსახვების წყებას აღძრავს, ქმნის ფანტაზიებს,

თუ თვალს ვკიდებ და, ჩაინაცვლებს უფრო ქვემოთკენ,

ხორციელ ბრძოლას წამოიწეებს, სხეულს მიჯანყებს.

აი, როდესაც ქრისტეს ძალა იქაც ამარცხებს,

იმწუთს გონებას შემბოჭველად შემოერტყმება,

წამით არ აცლის გულისსიტყვას, დინჯად განსაჯოს,

ხრწნადი, ამაო ფიქრებისკენ მიიდრიკება.

ამავდროულად გულის ირგვლივ არეს შემიკრავს,

გულის გარემოს ისე მჭიდროდ შემომისალტავს,

რომ აღარ ძალმიძს ოდნავ შვებით ამოვისუნთქო,

მძიმე ბნელიდან ძლივს ვახერხებ სულის ამოთქმას.

ჰოდა, ვით შევძლო, ყოვლადწმინდავ, რომ მარტოდმარტო

გავუმკლავდე მტერს, დედოფალო, დაუოკებელს,

თუ არ მეწევით შენ და შენი ძე, სახიერი

ნუგეშისცემით – შემოქმედი რომ მიწილადებს?

ფაქიზ ნიავად, კეთილსურნელ სუნთქვად შემოვა,

მთლიან გონებას, სულს და ყველა საგრძნობელს განბანს,

გამსჭვალავს ცოდნით, განათლებით, გამჭვირვალეს ხდის,

ფიქრებს სიმშვიდეს მოჰგვრის, ხოლო სულს – ჯანმრთელობას.

მოიტანს სიტყვებს, სიმხნეს, სიბრძნეს, გონიერებას,

რწმენას უფლისას, უფლის იმედს და სრულ სიყვარულს…

თუმცა რას მარგებს ამ ყველაფრის ჩამონათვალი,

რადგან ვბრმავდები, თუ მშორდები და ჩემთან არ ხარ…

საპირისპიროდ ვიქცევი და მთლად ვუგუნურობ,

ბრმად მიმოვდივარ, აღარც რამის განსჯა არ ძალმიძს,

დამეუფლება ფარისევლის ამპარტავნება

და მავიწყდება ბოლო რა მაქვს, ღმერთი რას მხადის.

სწორედ ამიტომ მხურვალედ გთხოვ, ო, დედოფალო,

ყოვლადწმინდაო, ნუ მომაკლებ შენს განათლებას,

სააქაოშიც დამიფარე და დამიცავი,

საიქიოს კი განმარინე საზვერეთაგან.

ო, წარმიძეხი, დედოფალო, რომ მივეახლო

შენს ძეს და სიტყვას, მამას, ყოვლთა შემოქმედს და სულს,

მხიარულ ვიყო, განვიხარო, სადაც ხარობენ

ღირსნი ყველანი, მართალნი და ღვთისმოშიშები,

მოწამეები, წმიდანები, რომელთაც ყოველთ

შენი ლოცვებით და მეოხებით შეიწყნარებს

თავად უფალი, და იხარებს მთელი სამყარო.

ამინ.

8.