საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ, საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ, საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელშიც გმობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების „არალიბერალურ და ავტორიტარულ“ კურსს და ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებისკენ მოუწოდებს. ამავდროულად, რეზოლუცია კიდევ ერთხელ ადასტურებს მხარდაჭერას ქართველი ხალხისა და ქვეყნის ევროპული მომავლის მიმართ.
2025 წლის 24 სექტემბერს შემოთავაზებული რეზოლუცია 2026 წლის 12 მაისს მიიღეს. მას 68 დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 28-მ წინააღმდეგ მისცა ხმა, ხოლო ერთმა თავი შეიკავა. რეზოლუციის დებატებს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.
დოკუმენტის თანახმად, საფრანგეთის ეროვნული ასამბლეა „გმობს საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ კურსს, ფუნდამენტური უფლებების დარღვევას, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების შეზღუდვას და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას“.
რეზოლუცია „მოუწოდებს ევროპულ ინსტიტუტებს, შეჩერებული დატოვონ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი მანამ, სანამ არ დაკმაყოფილდება პოლიტიკური კრიტერიუმები, როგორიცაა პოლიტიკური პლურალიზმისა და ფუნდამენტური უფლებების პატივისცემა, მათ შორის გამოხატვის, გაერთიანებისა და შეკრების თავისუფლება, და თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად“.
მოუწოდებს რა საფრანგეთის მთავრობას „აქტიურად დაუჭიროს მხარი დემოკრატიულ ძალებს“ საქართველოში, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ მედიას და აკადემიურ დაწესებულებებს, რეზოლუცია ასევე მოუწოდებს მას „საჯაროდ დაგმოს უცხოური ჩარევა, კერძოდ, რუსული რეჟიმის გავლენა საქართველოს პოლიტიკურ ინსტიტუტებსა და ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილზე“.
ეროვნულმა ასამბლეამ ასევე მოუწოდა საფრანგეთის მთავრობას, „მხარი დაუჭიროს ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით, ევროპარლამენტის 2025 წლის 13 თებერვლის რეზოლუციაში ნახსენები პირების, […] კერძოდ, ბიძინა ივანიშვილისა და მისი თანამოაზრეების მიმართ მიზანმიმართული ინდივიდუალური სანქციების მიღებას“. მან ასევე მოუწოდა პარიზს, „გადახედოს იმ პირობებს, რომელთა საფუძველზეც ბიძინა ივანიშვილს საპატიო ლეგიონის კავალრის ტიტული მიენიჭა და „განიხილოს ამ ჯილდოს გაუქმების საკითხი რესპუბლიკის ღირებულებების საწინააღმდეგო ქმედებების გათვალისწინებით“.
რეზოლუციამ ასევე მოუწოდა საფრანგეთის მთავრობას, „მოითხოვოს ყველა პოლიტიკური პატიმრის, კერძოდ, ოპოზიციის ლიდერების და ახალგაზრდა მშვიდობიანი დემონსტრანტების დაუყოვნებლივ გათავისუფლება, რომლებიც დემოკრატიული ჩართულობისთვის არიან გასამართლებულნი“.
ეროვნული ასამბლეა „კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საქართველოს ევროპული მომავალი არ შეიძლება საფრთხეში ჩააგდოს მისი ამჟამინდელი მთავრობის ქმედებებმა და [ევროკავშირში] გაწევრიანების პერსპექტივის ღიად დატოვებისკენ მოუწოდებს იმ პირობით, რომ დაკმაყოფილდება პოლიტიკური პირობები და შეწყდება კანონის უზენაესობისა და ფუნდამენტური უფლებების დარღვევები ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან“.
This post is also available in:

1 week ago
11







English (US) ·
Georgian (GE) ·