საფრანგეთის სასამართლომ დამნაშავედ ცნო პირი, რომელიც უცნობებს თავის ცოლს ინტერნეტით სთავაზობდა გასაუპატიურებლად

2 days ago 1

საფრანგეთის ქალაქ ავინიონის სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 20 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა 72 წლის დომინიკ პელიკოს, რომელიც წლების განმავალობაში დამამშვიდებელი პრეპარატებით აძინებდა საკუთარ ცოლს და შემდეგ უცნობ პირებს ინტერნეტით სთავაზობდა მის გაუპატიურებას, რასაც კამერით იღებდა.

სასამართლომ პელიკო ყველა პუნქტში დამნაშავედ ცნო. მასთან ერთად დამნაშავედ ცნეს სხვა 51 პირი.

პელიკომ დანაშაული აღიარა, მაგრამ როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა, შეიძლება ის გაასაჩივროს, რისთვისაც ათი დღე აქვს.

პელიკოსთან ერთად საქმეში გადიოდა სხვადასხვა ასაკის, პროფესიის და რასობრივი წარმომავლობის 51 კაცი. ისინი ათი წლის განმავალობაში მიდიოდნენ პელიკოს სახლში და აუპატიურებდნენ მის მძინარე ცოლს.

პელიკო 50 წელიწადი იყო დაქორწინებული ჟიზელზე, რომელიც ახლა 71 წლისაა.

პოლიციამ პელიკოს მიერ ჟიზელის გაუპატიურების სცენების ამსახველი ვიდეოები შემთხვევით აღმოაჩინა, როცა პელიკო სუპერმარკეტში დააკავეს, მალულად კაბის ქვეშ ქალებისთვის ფოტოების გადაღების გამო. გამოძიებამ მას ჩამოართვა მობილური ტელეფონი და კომპიუტერი, სადაც ნახეს ჟიზელის გაუპატიურების ამსახველი 20 ათასამდე ვიდეო.

ჩანაწერებზე ჩანს 72 პირი, მაგრამ ყველა მათგანის ამოცნობა ვერ მოხერხდა. ამოცნობილები სასამართლოს წინაშე წარდგნენ გაუპატიურების ბრალდებით და მათ 4-დან 18 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. მათი უმეტესობა აცხადებს, რომ არ იცოდნენ, რას სჩადიოდნენ.

ავინიონის ეს პროცესი 14 კვირას გრძელდებოდა. მსხვერპლი, ჟიზელი საფრანგეთში გმირად გამოაცხადეს. 71 წლის ქალმა მოითხოვა, რომ პროცესი საჯარო ყოფილიყო და დანაშაულის ამსახველი ვიდეო საჯაროდ ეჩვენებინათ. მისი თქმით, სურდა, რომ სხვა გაუპატიურებულ ქალებს გაბედულება შემატებოდათ. სასამართლოს შენობის წინ, სადაც პროცესი იმართებოდა, აქტივისტებს გამოფენილი ჰქონდათ პლაკატი წარწერით, „გმადლობთ, ჟიზელ!“

სრულად წაკითხვა