საფრანგეთში, 31 ოქტომბერს დაგეგმილი მასშტაბური საპროტესტო აქციების გამო ხელისუფლება ქვეყნის მასშტაბით 70 ათასი პოლიციელის მობილიზებას გეგმავს.
უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების მიზეზი ახალი არეულობის საფრთხეა. დემონსტრაციები ცხოვრების გაძვირების, საჯარო მომსახურების ხარისხისა და პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მთავრობის პოლიტიკის მიმართ მზარდი უკმაყოფილების ფონზე იმართება.
ორი კვირის წინ საფრანგეთის სხვადასხვა ქალაქში გამართულ დემონსტრაციებს მასობრივი არეულობა და ძარცვა მოჰყვა - დაზიანდა მაღაზიები, სახელმწიფო დაწესებულებების შენობები და კერძო ბიზნესის ობიექტები.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ლორან ნუნიესი აცხადებს, რომ ხელისუფლება მსგავსი მოვლენების განმეორებას არ დაუშვებს.
„ყველა ძალა მობილიზებულია იმისთვის, რომ ნებისმიერ არეულობას უკიდურესად მკაცრი რეაგირება მოჰყვეს“, - განაცხადა ნუნიესმა მიმდინარე კვირის დასაწყისში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც დაგეგმილი უსაფრთხოების ღონისძიებები წარადგინა.
შინაგან საქმეთა მინისტრის შეფასებით, შაბათს არეულობის „ძალიან მაღალი რისკი“ არსებობს.
სამართალდამცავები არც იმას გამორიცხავენ, რომ არეულობის მონაწილეებმა ვინაობის დასამალად ჰელოუინის ნიღბები გამოიყენონ. ნუნიესის განმარტებით, საფრანგეთის მოქმედი კანონმდებლობა პოლიციას უფლებას აძლევს, საზოგადოებრივი წესრიგისთვის საფრთხის შექმნის შემთხვევაში სახის დაფარვა აკრძალოს.
საფრანგეთში აშშ-ის საელჩომ ქვეყანაში მყოფ ამერიკელ მოგზაურებს მოუწოდა, თავი აარიდონ იმ ადგილებს, სადაც დემონსტრაციები და ხალხმრავალი შეკრებებია დაგეგმილი.
რატომ დაიწყო საპროტესტო გამოსვლები
საფრანგეთში საპროტესტო მოძრაობა სექტემბრის ბოლოს გააქტიურდა, როდესაც პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მთავრობამ, რომელსაც პარლამენტში უმრავლესობა არ აქვს, 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის განხილვა დაიწყო.
ქვეყნის სახელმწიფო ვალი მთლიანი შიდა პროდუქტის თითქმის 120%-ს აღწევს. ამასთან, იზრდება სახელმწიფო სესხების მომსახურების ხარჯებიც. შექმნილ ვითარებაში მთავრობა იძულებულია, საბიუჯეტო ხარჯების შემცირების გზები ეძებოს, რაც ეკონომიკური და სოციალური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას კიდევ უფრო უზღუდავს.
საპროტესტო მოძრაობაში აქტიურად მონაწილეობენ მოსწავლეები და სტუდენტები, რომლებიც უკმაყოფილებას გამოთქვამენ სკოლების მძიმე ინფრასტრუქტურული მდგომარეობის, გადატვირთული კლასებისა და უნივერსიტეტებში ჩარიცხვის სისტემის გამო. მათი შეფასებით, უმაღლეს სასწავლებლებში მიღების მოქმედი სისტემა უსამართლოა.
ახალგაზრდებს შეუერთდნენ პროფკავშირები და კვლავ გააქტიურებული „ყვითელი ჟილეტების“ მოძრაობა, რომელიც საფრანგეთში 2018 წელს საწვავზე გადასახადების ზრდის წინააღმდეგ დაწყებული საპროტესტო გამოსვლებით გახდა ცნობილი.
ამჯერადაც დემონსტრანტების ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა ცხოვრების გაძვირების შესაჩერებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმაა.
პროტესტი ევროპის სხვა ქვეყნებშიც ვრცელდება
საფრანგეთში დაწყებულმა საპროტესტო მოძრაობამ ახალგაზრდების ორგანიზებით გამართული დემონსტრაციები ევროპის სხვა ქვეყნებშიც წაახალისა. 31 ოქტომბერს საპროტესტო აქციები გერმანიის 30-ზე მეტ ქალაქშია დაგეგმილი.
პარიზის მთავარ სავაჭრო ქუჩებზე უკვე ანთებულია საშობაო განათებები, თუმცა სადღესასწაულო დეკორაციების გვერდით მაღაზიების ვიტრინები ფიცრებსა და დამცავ ლითონის გისოსებში ზის.
წინა არეულობების დროს თავდასხმების სამიზნე გახდა ძვირადღირებული ბრენდების მაღაზიებიც, მათ შორის Hermès-ის, Louis Vuitton-ისა და Burberry-ის სავაჭრო ობიექტები.
ხელისუფლება არეულობის მონაწილეებისთვის ჯარიმების დაწესებას გეგმავს
საფრანგეთის მთავრობა აგრძელებს მუშაობას კანონზე, რომელიც არეულობის მონაწილეებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების დაკისრებას ითვალისწინებს.
სადავო საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, არეულობაში მონაწილე პირს შესაძლოა 10 ათას ევრომდე, დაახლოებით 11 ათას დოლარამდე, თანხის გადახდა დაეკისროს. პასუხისმგებლობა გავრცელდება როგორც მის მიერ უშუალოდ მიყენებულ ზიანზე, ისე იმ ჯგუფის ქმედებებზე, რომლის წევრადაც მას მიიჩნევენ.
კანონპროექტს აკრიტიკებენ ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები და იურისტების ნაწილი. მათი შეფასებით, ასეთი რეგულაცია შესაძლოა მშვიდობიანი შეკრებისა და პროტესტის უფლებას საფრთხეს უქმნიდეს.
radiotavisupleba ახალი ამბები